Accessibility links

logo-print

შიდა ქართლში კონტრაბანდასთან ბრძოლისა თუ ჟვანია-სააკაშვილის გუნდების დაპირისპირების დასაწყისი


საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში ირაკლი ოქრუაშვილმა სპეციალური საბრძოლო ფორმა გადაიცვა და კონტრაბანდას, კორუფციასა და მექრთამეობას ომი გამოუცხადა.

ამ ბრძოლაში ოქრუაშვილმა მხოლოდ თბილისიდან მიწვეული უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმი ჩართო, რითაც ადგილობრივი პოლიციის მიმართ უნდობლობა გამოხატა. თუმცა მოგვიანებით გუბერნატორსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის გაჩენილი უნდობლობა აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე ბაზრობებზე ყაყაჩოს თესლს ებრძვის, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ნარკობიზნესსა და კონტრაბანდას ბრძოლა ადგილობრივ პოლიციაში გამოუცხადა. 22 დეკემბერს ოქრუაშვილმა ჯერ პოლიციის 2 თანამშრომლის ნარკობიზნესში საჯაროდ მხილება მოაწყო, შემდეგ კი, გვიან ღამით, ბორდელების მფარველ პოლიციელებს დაერია.

სპეცოპერაციის დროს გუბერნატორმა, უშიშროების სამინისტროს რაზმთან ერთად, ორ პოლიციელს ბორდელში სტუმრობისას ფაქტზე წაასწრო. პოლიციელებმა გუბერნატორის დანახვისთანავე შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაც კი სცადეს, თუმცა მცირე შეხლა-შემოხლა მათი დაკავებით დამთავრდა.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "ცოტა ისეთი ინციდენტის შემსწრე გავხდით, როდესაც პოლიციელებმა, რომლებიც იქ რაღაც აღვირახსნილ მოქმედებას ეწეოდნენ, წინააღმდეგობაც კი გასწიეს, ფაქტიურად, იარაღით. მიუხედავად ამისა, მოხდა მათი დაკავება და ეს ადამიანები დაისჯებიან მკაცრად. 10-მდე ასეთი დაწესებულებაა, სპეციალური ბორდელებია გახსნილი თურქი მძღოლებისთვის და თქვენ ნახეთ, როგორ მფარველობს პოლიცია ამას. მე არ გამოვრიცხავ, რომ უშუალოდ პოლიციის უფროსი იყოს მათი მფარველი."( სტილი დაცულია)

ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში დააკონკრეტა, რომ ხაშურის პოლიციის ყოფილი უფროსი იგულისხმა და იქვე დასძინა, ახალი უფროსიც არაფერს აკეთებსო.

უშიშროების სპეცრაზმმა 23 დეკემბრის დილით კიდევ ერთი პიროვნება დააკავა -ყოფილი პოლიციელი, ზედმეტ სახელად "უსახელო". მას ერგნეთის ბაზრობიდან მომავალი კონტრაბანდული ტვირთების გამცილებლობა ბრალდება. მასვე აღმოუჩინეს ავტომობილის რამდენიმე რუსული სანომრე ნიშანი. ერგნეთის მიმართულებით უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმი ოპერაციებს სამი კვირის მანძილზე თითქმის ყოველ დღე ატარებს, რამაც, ოქრუაშვილის თქმით, ის შედეგი გამოიღო, რომ ერგნეთიდან მსხვილი კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობა შეწყდა.

ამ ბრძოლაში უშიშროების ჩართვა და პოლიციელების წინააღმდეგ ომის წამოწყება დამკვირვებლებს სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდებს შორის დაპირისპირების გამძაფრების მაჩვენებლად მიაჩნიათ.
ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის თანაპარტიელია, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე - ჟვანიას თანაგუნდელი. ეს უკანასკნელი ირაკლი ოქრუაშვილის ქმედებებზე მხოლოდ იმით რეაგირებს, რომ გენერალურ ინსპექციას გზავნის გორში ვითარების ადგილზე შესასწავლად.

მე შიდა ქართლის გუბერნატორს ვკითხე, უშიშროების სპეცრაზმს იმიტომ ხომ არ იყენებს წესრიგის დასამყარებლად, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობითაა უკმაყოფილო.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "რეგიონს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ცალსახად ვხედავ, რომ ადგილობრივი ძალები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება სამინისტროს, არ მაქვს მე ამაზე ინფორმაცია და არც ჩემი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს."(სტილი დაცულია)

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ბურჯანაძე-ჟვანიას საკადრო პოლიტიკას აქამდეც არაერთხელ დაპირისპირებია, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის ნაბიჯები გაცილებით შთამბეჭდავია და გადაიზრდება თუ არა ეს ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" ავტორთა დაპირისპირებაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო ნათელი გახდება.
XS
SM
MD
LG