Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი 24 დეკემბერს მოსკოვში მიემგზავრება


საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში 25 დეკემბერს გაიმართება. ნინო ბურჯანაძე რუსეთის დედაქალაქში ვლადიმირ პუტინის მიწვევით მიემგზავრება.

შეხვედრებზე იგეგმება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორიცაა: 1999 წლის სტამბულის ეუთოს სამიტის გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობა, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადების დაზუსტება და რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის განახლება. თავად ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტთან კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინშია. თუმცა, ამასთანავე, დასძენს, რომ მისი ვიზიტი ქართულ-რუსულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში გარდატეხას ვერ შეიტანს.

საქართველოს დროებითმა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური მიწვევა ბაქოში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაკრძალვაზე ყოფნისას მიიღო. ბაქოშივე გაიმართა მათი რამდენიმეწუთიანი შეხვედრა. დაახლოებით ორი კვირის წინ შედგა სატელეფონო საუბარიც. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბურჯანაძის ახალ რანგში მოღვაწეობის ერთი თვის განმავლობაში, სულ ამით შემოიფარგლება პუტინ-ბურჯანაძის პოლიტიკური თანამშრომლობა. თუმცა, მეორე მხრივ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ცოტა არ არის. გავრცელებული მოსაზრებით კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გარკვევას ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმაციამდე ცდილობს. რუსი პოლიტიკოსები დაუფარავად აღიარებენ, რომ სააკაშვილი პუტინისთვის რთული პარტნიორი იქნება და რომ ქართულ-რუსული ურთიერთობისათვის ნიადაგის მომზადება ისევ ბურჯანაძის ხელით ჯობს. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებას დაახლოებით ერთი კვირის წინ გეგმავდა. მართალია, მაშინ ვიზიტი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე. იგი მოსკოვში, ძირითადად, ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებს. მისივე თქმით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს მხოლოდ გაცნობითი ხასიათი აქვს და იგი არანაირი ოფიციალური დოკუმენტის გაფორმებას არ ისახავს მიზნად. ვიზიტის დეტალების შესათანხმებლად 22 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიაში სტუმრად იმყოფებოდა რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმირ ჩხიკვიშვილი. მისი ზოგადი განცხადებებით, ვიზიტის დროს საუბარი იქნება ყველა პრობლემაზე, რაც კი ორ ქვეყანას შორის არსებობს. სხვა საკითხია, რამდენად საშურია ამ პრობლემებზე მსჯელობის დაწყება 4 იანვრამდე, მაშინ როცა სულ რაღაც თოთხმეტ დღეში ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება. რაც შეეხება ნდობის აღდგენას, რაზეც ქალბატონი ბურჯანაძე ვიზიტამდე აპელირებს, ესეც სამომავლო ურთიერთობების საქმე უფროა, ვიდრე დროებითი ხელისუფლებისა. თუმცა არის პრობლემა, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის სწორედ საქართველოს დროებითი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში წარმოიშვა. ესაა რუსეთის მიერ აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედება, რომელიც, უდავოდ, პრეზიდენტების მსჯელობის საგანი გახდება. ბურჯანაძე ამ რეჟიმის სრულიად საქართველოსთან ამოქმედების მომხრეა და არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით პუტინისგან დადებითი გამოხმაურებაც მიიღოს.
მოკლედ, დეკლარაციის დონეზე, ორივე მხარე მზადაა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. თუმცა განსხვავებულია ამ განცხადებების მოტივაცია. თედო ჯაფარიძის ერთკვირიანი წინმსწრები ვიზიტით თუ ვიმსჯელებთ, ქართული მხარე პუტინთან შესახვედრად სერიოზულად მოემზადა.
XS
SM
MD
LG