Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ფსიქოლოგები ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევას ცდილობენ


შვეიცარიელი ფსიქიატრის ჰერმან რორშახის ტესტი დიდი ხანია დაინერგა მთელ მსოფლიოში: რორშახის ტესტი "აღქმის ფსიქოლოგიის" შემადგენელი ნაწილია: მელნის განსხვავებულ ლაქებზე დაკვირვებით,

პაციენტი ამბობს, რას და ვის აგონებს ეს ფორმები. ქართველი ფსიქოლოგები რორშახის მემკვიდრეობას კარგად იცნობენ, თუმცა რორშახის ფსიქოლოგიურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი მხოლოდ ამ დღეებში გაიხსნა თბილისში. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც რორშახის კვლევის მეთოდიკა ოფიციალურად დაინერგა. მე ვესაუბრე ფსიქოლოგ ქეთევან მაყაშვილს, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო რორშახის საერთაშორისო ცენტრის გახსნაში.

რევოლუციური სტრესების შემდეგ, ტრადიციულად, ფსიქოთერაპევტების პოპულარობა იზრდება ხოლმე. ასევეა საქართველოშიც, სადაც ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი და ფსიქოდიაგნოსტიკა საბჭოთა ეპოქაშიც პოპულარული იყო... მით უმეტეს, პოპულარულია დღეს, როცა სოციალურმა და პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა გაამძაფრა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ნევროზები. ქართველი ფსიქოლოგები კი არ კმაყოფილდებიან მიღწეულით და საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ურთიერთობის ახალ გზებს ეძებენ. ამ დღეებში, სასწავლო-კვლევითი კომპლექსის "ბალავარის" ინიციატივით, საქართველოში ჩამოვიდა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ანა ანდრონიკოვი, რომელმაც ქართველი ფსიქოლოგებისთვის არა მარტო სემინარები, ანუ თავისებური ტრენინგი, ჩაატარა რორშახის მეთოდიკის მიხედვით, არამედ თბილისში გახსნა დიდი შვეიცარიელი ფსიქიატრის საერთაშორისო ცენტრის ფილიალი. საქართველოში რორშახის მეთოდიკას უამრავი მიმდევარი ჰყავს, მაგრამ, როგორც ქეთევან მაყაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა:

[ქეთევან მაყაშვილის ხმა] "თავდაპირველად ეს იყო კონტრაბანდა... კონტრაბანდულად შემოდიოდა ეს ინფორმაცია, ჩვენთან არ იყო ლეგალური... ბოლოს და ბოლოს, მოგვეცა საშუალება პირველი ხელიდან მიგვეღო ეს ინფორმაცია."

ჰერმან რორშახის ტესტი პიროვნებას საშუალებას აძლევს ჩაერთოს ეგრეთ წოდებული "თვითშემოქმედების პროცესში" - ე.ი., გარკვეული თვალსაზრისით, თამაშით, ფანტაზიით შეიცნოს გარე სამყაროც და თავისი თავიც. ქართველ ფსიქოლოგებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების შექმნა შეუძლებელია, თუ ადამიანებს არ მიეცემათ საშუალება მაქსიმალურად შეიგრძნონ თავი დამოუკიდებელ პიროვნებებად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რორშახის ტექნიკა ბავშვის აღზრდაში. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგის როლი შეიძლება მშობელმაც ითამაშოს, თუკი იგი დაეუფლება "რორშახის თამაშებს"... რამდენადაა შესაძლებელი გაიზარდოს ამ მეთოდიკის მასშტაბები საქართველოში?

[ქეთევან მაყაშვილის ხმა] "საერთოდ, რორშახი საკმაოდ ელიტარული მეთოდია, მაგრამ კლინიკაში და იმ პროცესებში, სადაც პიროვნებაზე უნდა იყო კონცენტრირებული, იქ ფასდაუდებელია. რამდენად იქნება მასშტაბური, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა ბოლო ტრენინგზე სულ შვიდი კაცი დავრჩით, იმდენად შორს ვიყავით რორშახის ტექნიკის მიღწევებისგან."

ასე რომ, მელნის ლაქებზე დაკვირვება არაა უბრალო თამაში. რორშახის მეთოდიკა ფსიქოლოგების კეთილგანწყობას, ინტელექტს, ნიჭს მოითხოვს. ქეთევან მაყაშვილს იმედი აქვს, რომ რორშახის საერთაშორისო ცენტრის შექმნით საქართველოში არ მოხდება შვეიცარიელი ფსიქიატრის ტექნიკის ხელოვნური გადმოტანა.

[ქეთევან მაყაშვილის ხმა] " ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ქართული ფსიქოლოგიის, კერძოდ, განწყობის თეორიის დაკავშირება რორშახის ტექნიკასთან. შესაძლებელია, რომ გაჩნდეს ურთიერთსარგებლობა ამ ტექნიკაში."

რორშახის მსოფლიო ცენრტის მესვეურებმა ყოფილ საბჭოთა სივრცეში საქართველო აირჩიეს, თანაც სემინარები "ვარდების რევოლუციას" დაამთხვიეს, თანაც აღმზრდელობით დაწესებულებაში, სკოლა "ბალავარში", რომლის მესვეურები, ძირითადად, ბავშვებთან მუშაობენ... პოლიტიკური და სოციალური რევოლუციების შემდეგ საქართველოში იქმნება ახალი, უფრო თავისუფალი თაობის აღზრდის საშუალება. "შემოქმედებითი ინტროვერსია" და "შემოქმედებითი ექსტრადაძაბულობა"... ეს რორშახის ტერმინებია... "ინტროვერსია" და "ექსტრადაძაბულობა" საქართველოში, აშკარად, არსებობს. ჯერი ახლა "შემოქმედებაზეა".
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG