Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღების ექსპერტების ლიბიაში ჩავლენ


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ელ ბარადეიმ ორშაბათს გამოაცხადა, რომ მომავალ კვირაში ლიბიაში გაემგზავრება, რათა ბიძგი მისცეს ამ ქვეყნის ბირთვული

შეიარაღების პროგრამის ინსპექციის დაწყებას. ეს განცხადება მოჰყვა ლიბიის მოულოდნელ აღიარებას, რომ მას მოეპოვებოდა ბირთვული პროგრამა და რომ მზად არის საბოლოოდ გააუქმოს იგი. ამით ლიბიის ლიდერი, პოლკოვნიკ მუამარ კადაფი ცდილობს მორიგი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენად.

გაერთიანებული ერების ორგნიზაციამ ახლახან გააუქმა სანქციები ლიბიის წინააღმდეგ მას მერე, რაც მან აღიარა, რომ პასუხისმგებელია 1988 წელს შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის თავზე "პან ამერიკენის" თვითმფრინავის აფეთქებისთვის. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა დანარჩენი სანქციების გაუქმების პირობად წამოაყენა ლიბიის არაკონვენციური შეიარაღების პროგრამის სრული შეწყვეტა. ლიბია დათანხმდა, კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გადაუხადოს 1988 წლის აფეთქების 270 მსხვერპლს მას მერე, რაც ყველა სანქცია მოიხსნება.

"ჩემი ვიზიტის მიზანია დასაბამი მივცეთ ბირთვულ სფეროში ლიბიის ყოფილი თუ ამჟამინდელი ყოველგვარი საქმიანობის ღრმა გამოკვლევის პროცესს," უთხრა ელ ბარადეიმ ჟურნალისტებს ვენაში. მისი თქმით, ინსპექცია დაადგენს, თუ რა სახის მოქმედება იქნება საჭირო ლიბიის ბირთვული პროგრამის სრული ლიკვიდაციისთვის.

ელ ბარადეის სიტყვებით, გასული კვირის ბოლოს ლიბიის მთავრობის წარმომადენლებმა მას დაუდასტურეს, რომ ლიბია ურანის გამდიდრების ტექნოლოგიაზე მუშაობდა, რათა ბირთვული იარაღის შექმნა შეძლებოდა. ამ პროგრამის ნაწილი იყო უცხოეთში ურანის, ცენტრიფუგებისა და კონვერსიისთვის საჭირო მოწყობილობის შეძენა.

ლიბიელებმა ელ ბარადეის აგრეთვე უთხრეს, რომ ქვეყანა ხელს მოაწერს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დამატებით ოქმს, რაც შეიარაღების ექსპერტებს მუშაობისას უფრო ფართო უფლებებს მიანიჭებს.

[ელ ბარადეის ხმა] "ლიბიის ხელისუფლებამ აღმითქვა, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დამატებით ოქმს, და ჩვენ მივესალმებით ტრიპოლის ამ გადაწყვეტილებას," განაცხადა ელ ბარადეიმ.

"ჩვენ ვეთანხმებით პირობებს, რომლებსაც ვიღებთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან და მზად ვართ დავემორჩილოთ მის წესებს და პატივი ვცეთ ჩვენს ვალდებულებებს," განაცხადა ლიბიის პრემიერ-მინისტრმა შუქრი ღანემმა ორშაბათს "ბი-ბი-სი"-სთვის გაკეთებულ კომენტარში.

ამერიკელმა და ბრიტანელმა ექსპერტებმა უკვე რამდენიმე კვირა დაჰყვეს ლიბიაში, სადაც უკანასკნელ ხანებში ათობით ლაბორატორია და სამხედრო ობიექტი შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ ლიბიას ჯერ არ მოეპოვება ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი, მაგრამ მალე შეძლებს ამას.

ლიბია ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ ან რატიფიკაცია არ გაუკეთებიათ 1993 წლის კონვენციისთვის, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის წარმოებას, შენახვას და გამოყენებას. პარასკევს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ ლიბიამ თანხმობა განაცხადა, ბირთვულის გარდა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღების ამკრძალავ ხელშეკრულებებსაც მოაწეროს ხელი.
XS
SM
MD
LG