Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში გაეროს სამხედრო მეთვალყურეების ხელმძღვანელი ოპტიმისტურად უყურებს სამშვიდობო პროცესს


ერთ-ერთი პირველი უცხოელი ოფიციალური პირი, რომელსაც საქართველოს ახალი ხელმძღვანელები შეხვდნენ გასულ თვეში, იყო აფხაზეთში გაეროს მეთვალყურეთა ხელმძღვანელი ჟან-მარი გეენო.

მართალია, შეხვედრა ამას არ ითვალისწინებდა, მაგრამ გეენომ იგი კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისათვის, რომ გაეროს მხრიდან დახმარება აღეთქვა აფხაზეთის ათწლიანი კონფლიქტის მოგვარების საქმეში. გაერო მთავარი შუამავალია ამ კონფლიქტში და მასზე ბევრია დამოკიდებული. მეორე მხრივ, არაეფექტიანი მუშაობისთვის ორგანიზაცია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

ამ დღეებში ჟან-მარი გეენომ ინტერვიუ მისცა ჩვენი რადიოს ნიუ-იორკელ კორესპონდენტს, რობერტ მაკმეჰონს.

გეენო ფიქრობს, რომ ის ფაქტი, რომ საქართველოს პრობლემებს მსოფლიო ახლებურად უყურებს, შეიძლება დადებითი ბიძგი აღმოჩნდეს აფხაზეთის კონფლიქის მოსაგვარებლად. გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ახლა გადამწყვეტი დრო დადგა აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში წინსვლისათვის.

[გეენოს ხმა] "ჩვენის აზრით, ამ მომენტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხის მოქცევა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უშიშროების საბჭოს ძირითადმა წევრებმა აქტიურად იზრუნონ პრობლემის გადაჭრაზე."

გასულ წელს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების სახელით ცნობილი ჯგუფის წევრებმა, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარგზავნილებმა, ჟენევაში გამართეს შეხვედრა, რომელზეც შეთანხმდნენ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის აღგენისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

მსგავსი შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერშიც იყო დაგეგმილი, მაგრამ იგი შევარდნაძის გადადგომასთან დაკავშირებული მოვლენების გამო გადაიდო. გეენოს თქმით, ჯგუფის შემდეგი მაღალი დონის შეხვედრა თებერვალში უნდა შედგეს მას მერე, რაც საქართველოში არჩევნები გაიმართება და ახალი ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდება. გეენოს სიტყვებით, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საქართველო კვლავაც მოქცეული იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.

[გეენოს ხმა] "ჩემის აზრით, საქართველო დაზარალდა იმის გამო, რომ იგი არ იყო მიჩნეული, ასე ვთქვათ, პირველი რიგის კონფლიქტების ზონად. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება საქართველოსკენ მიპყრობილი - და ამაში ძალზე მნიშვნელოვანია მეგობართა ჯგუფის როლი - მით უფრო დიდი იქნება საქართველოში წინსვლის პერსპექტივა."

გაეროს უშიშროების საბჭომ ოფიციალურად მოიწონა პოლიტიკური გეგმა, რომელიც აფხაზეთის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დარჩენას უჭერს მხარს. აფხაზი სეპარატისტები ამ გეგმას უარყოფენ და მის განხილვაზე უარს ამბობენ.

მაგრამ ისინი თანახმა არიან, ისაუბრონ ორ მხარეს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. გასულ წელს მეგობართა ჯგუფის ეგიდით ორ მხარეს შორის შეთანხმებები იქნა მიღწეული გალის რაიონში დაბრუნებული ლტოლვილებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის თაობაზე.

ამ ძალისხმევის ნაწილია გაეროს ოცკაციანი საერთაშრისო სამეთვალყურეო ჯგუფის გაგზავნა კონფლიქტის ზონაში. მალე გაერო წამოაყენებს წინადადებებს ორ მხარეს შორის ეკონომიკური კავშირების განახლების გზების თაობაზე.

სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობები.

გეენოს თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ორი მეზობელი აქტურად იყოს ჩართული სამშვიდობო პროცესში.

[გეენოს ხმა] "რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. მან უნდა გააგებინოს საქართველოს, თუ რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკა და უნდა დაამშვიდოს ქართველები. თავის მხრივ, საქართველომაც უნდა ნათელყოს, რას მოელის იგი. ჩემის აზრით, რაც უფრო მეტს ისაუბრებს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან, მით უკეთესი იქნება," განუცხადა ჟან-მარი გეენომ ჩვენს რადიოს.
XS
SM
MD
LG