Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ნინო ბურჯანაძის სამუშაო ვიზიტი მოსკოვში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის სამუშაო ვიზიტი მოსკოვში უსიამოვნო საინფორმაციო ფონზე დაიწყო: 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემსკიმ განაცხადა, რომ ტერორისტებისთვის საქართველო კვლავ რჩება ჩეჩნეთში გადასასვლელ დერეფნად. ამ განცხადების დასადასტურებლად მან წარმოადგინა ნოემბერში ჩეჩნეთში განადგურებულ უცხოელ მებრძოლთა პასპორტებში ჩარტყმული საქართველოს ვიზები. ასეთ საინფორმაციო ფონზე რამდენად შესაძლებელია ახალი ფურცლიდან დაიწყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა?


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი საკმაოდ დაძაბულია: პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე ნინო ბურჯანაძე შეხვდება რუსეთის პრემიერ-მინისტრს, საგარეო და თავდაცვის მინისტრებს. შეგახსენებთ: ნინო ბურჯანაძეს ამ ბოლო დროს არაერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ახალი, სუფთა ფურცლიდან დაწყება. კონკრეტულად თუ რა იგულისხმება ამ ახალ ურთიერთობებში, ხელისუფლება არ აზუსტებს. ქართველი ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ასეთი ურთიერთობის რესურსს ვერ ხედავენ. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის თანამშრომელი არჩილ გეგეშიძე:
[ არჩილ გეგეშიძის ხმა] "რუსეთს საკმაოდ გრძელი სია აქვს, რა დათმობებს ელის სააქრთველოდან. ამ სიის დიდი ნაწილი გულისხმობს საქართველოს მიერ არჩეული პროდასავლური კურსის შეცვლას. ეს გულისხმობს, პირველ რიგში, ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინსტიტუციონალურ ინტეგრირებას, მჭიდრო ურთიერთობებს აშშ-თან. რუსეთს ეს არ სიამოვნებს. არ სიამოვნებს ისიც, რომ საქართველო ითხოვს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არის მთელი რიგი სხვა საკითხები, რაც რუსეთს უნდა, საქართველომ დათმოს. და ამას დაარქმევს ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებას."(სტილი დაცულია)
უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმითაც, პრეზიდენტ პუტინის საგარეო პოლიტიკა მის პრაგმატულობაზე მეტყველებს. შესაბამისად, თუ რუსეთი დარწმუნდა საქართველოს პროდასავლური კურსისადმი ერთგულებაში, იგი ამ არჩევანს, საერთაშორისო პოლიტიკაში მიღებული წესების თანახმად, პატივისცემით მოეკიდება. სამაგიეროდ, პაატა ზაქარეიშვილი სხვა საფრთხეზე საუბრობს:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " მე მეშინია, რომ დღეს ქართული პოლიტიკა არ გახდეს სხვა ქვეყნების ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ. მე მგონია, რომ აშშ-ის მთავარი ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არის როგორმე შეასუსტოს რუსეთის პოზიციები და ჩვენ გვიყენებს ამისთვის. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე წინ ვაყენებთ სხვა ქვეყნის ინტერესებს, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამერიკა უფრო სანდოა, ვიდრე რუსეთი. მაგრამ უნდა განვსაზღვროთ: საქართველოს ტერიტორიაზე ხდება სამი ქვეყნის ინტერესების რეალიზაცია - რუსეთის, ამერიკისა და საკუთრივ საქართველოს ინტერესების. სად არის ამ რიგში საქართველოს ინტერესი, რომელ ადგილზეა?"(სტილი დაცულია)
როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რამდენად შეძლებს ქართული მხარე რუსეთის დარწმუნებას, რომ იგი, ანუ საქართველო, მტრულად განწყობილი ქვეყანა არ არის, რამდენად გაითვალისწინებს თავად რუსეთი მსოფლიოში მომხდარ თუ მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების რეალობას, ეს, ბევრწილად, საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით ეს ახალი პოლიტიკა მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გამოიხატება.
XS
SM
MD
LG