Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აღორძინების კავშირის" თბილისის ორგანიზაციამ მუშაობა განაახლა


"დემოკრატიული აღორძინების კავშირის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ცოტნე ბაკურია 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში პერსონალურად მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა ეს ის შემთხვევაა,

როცა მისი პერსონალური გადაწყვეტილება არ ვრცელდება არც "აღორძინების კავშირის" თბილისის ორგანიზაციაზე და, მით უფრო, არც მთლიანად პარტიაზე. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული დიალოგი უკვე იქცა იმის წინაპირობად, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები აჭარაშიც ჩატარდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგალითად, 24 დეკემბერს ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს რაიონებში საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობა 265-ით განისაზღვრება. ამ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ მივიჩნევთ, რადგან ჯერაც გაურკვეველია, მიიღებს თუ არა აჭარის ხელისუფლება რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილებას. თუმცა არსებობს ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობის დათბობის რამდენიმე პრეცედენტი. ერთ-ერთი ცოტნე ბაკურიას დედაქალაქში დაბრუნება, სამუშაო კაბინეტში შესვლა და "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" თბილისის ორგანიზაციის მუშაობის განახლებაა.


დედაქალაქში დაბრუნებული ცოტნე ბაკურია აცხადებს, რომ მას "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ " დემოკრატიული აღორძინების კავშირის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა არ სურდა, რის შესახებაც პირადად აცნობა ასლან აბაშიძეს. მისი მოთხოვნა რეგიონის ლიდერმა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ფაქტობრივი სიტუაცია მას ავალდებულებს ძველ ოპონენტებზე საგრძნობლად შერბილებული ტონით ისაუბროს:

[ცოტნე ბაკურიას ხმა] "მე გუშინ მქონდა შეხვედრა ბატონ ზურაბ ჟვანიასთან სახელმწიფო კანცელარიაში. ეს იყო გაგრძელება იმ დიალოგის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებასთან. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან სასიამოვნო დიალოგი. დღეს ქვეყანას სჭირდება სერიოზული მსჯელობა ყველა პარტიის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ქართულ პოლიტიკაში. აღორძინების კავშირი დღეს წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ ოპოზიციურ გაერთიანებას დღევანდელი ხელისუფლების მისამართით. ბუნებრივია, კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდება ამდაგვარ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება მათთან."

ზურაბ ჟვანიას ბათუმში კვლავაც ინტერესით ელიან. ბათუმთან ვითარების ნორმალიზებით კიდევ უფრო მეტადაა დაინტერესებული ცენტრი, რომელიც აჭარის ლიდერთან მოლაპარაკების დეტალებს ჯერ ძველებურად ასაიდუმლოებს. ბუნდოვანებას ვერ ფანტავს თავად ცოტნე ბაკურიაც, რომელიც აღიარებს, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მყისიერად მოგვარება წარმოუდგენელია. თუმცა არის გარკვეული პირობები, რომელსაც დროებითი ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაჰყვეს. ცოტნე ბაკურია ერთ-ერთს ასახელებს. ეს არის პოლიტიკური განცხადება ურთიერთობების დარეგულირების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპების ქმედითობაზე.

[ცოტნე ბაკურიას ხმა] "წარმოიდგინეთ, არსებობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო სახელისუფლებო ორგანო, გააჩნია აღმასრულებელი ორგანო მინისტრთა საბჭოს სახით, ჰყავს ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური. უფრო მეტიც, ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია. ეს არის ფედერალური ერთეული, დღეს სახელმწიფოში არსებული, და მისი კომპეტენციები აბსოლუტურად გამიჯნული არ არის, ანუ ადამიანმა არ იცის, რას ვფლობთ ჩვენ რეალურად და რას არ ვფლობთ. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის თითოეული მუხლი იქნეს დაცული მაქსიმალურად."(სტილი დაცულია)

ცოტნე ბაკურია, რასაკვირველია, სოლიდარულია ასლან აბაშიძესთან და მოითხოვს, რომ კანონი და კონსტიტუცია დაცული იქნეს 4 ნოემბრის არჩევნების დროსაც. დროებითი ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციაზე აპელირებას არჩევნების ბოიკოტის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნად აღიქვამს. თუმცა, ცხადია, ეს კომპორმისების გარეშე არ მოხერხდება.

სხვა მხრივ კი, "აღორძინების კავშირი", ცოტნე ბაკურიას თქმით, მოღვაწეობის სტილს მთლიანად ცვლის და სერიოზულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაზე ზრუნვას იწყებს. რა იგულისხმება ამაში, წინასწარ ძნელი განსასაზღვრია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ "აღორძინება " 1999 წლის პარლამენტში დაბრუნებას არ გეგმავს და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულად მოემზადება.
XS
SM
MD
LG