Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა ყრილობა გარდამავალ ხელისუფლებას მიმართვას უგზავნის


24 დეკემბერს დილით ჭადრაკის სასახლეში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. თუმცა უნდა ითქვას, რომ სამტრედიიდან, გორიდან, ახმეტიდან, ქუთაისიდან და საქართველოს სხვა რაიონებიდან

ეს ადამიანები დედაქალაქში ჭადრაკის სიყვარულს ნამდვილად არ ჩამოუყვანია. 12 საათზე ჭადრაკის სასახლეში მუშაობა დაიწყო უშიშროების ყოფილი მინისტრის, ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა ყრილობამ. მინდა გაგიზიაროთ ამ ყრილობაზე მიღებული შთაბეჭდილებები.

[ხალხის ხმა] "იგორი! იგორი! იგორი!.."

ამგვარი შეძახილით ყოფილი მინისტრის მხარდამჭერები სიტყვას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა გამომსვლელ-ამხანაგს აწყვეტინებდნენ, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, 24 დეკემბერს იგორ გიორგაძე ჭადრაკის სასახლეში არ გამოჩენილა. პანტელეიმონ გიორგაძემაც ყრილობის ორგანიზატორ რეზო ბულიას ოდენ მითითებები მისცა და იქაურობა დატოვა:

[პანტელეიმონ გიორგაძის ხმა] "სიტყვა "ბოიკოტი" საჭირო არ არის. სჯობია, რა, იცი? არჩევნების წინააღმდეგ კი არა ვართ, ამ სისტემის წინააღმდეგი ვართ."

გამომსვლელები, გარდა იმისა, რომ ხოტბას ასხამდნენ თავიანთ ლიდერს, ცდილობდნენ დარბაზში შეკრებილი ადამიანები იმაში დაერწმუნებინათ, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძე საქართველოში - უფრო მეტიც, თბილისში - იმყოფებოდა.

[ქალბატონის ხმა] "სულ მალე წარდგება საზოგადოების წინაშე იგორი და ის იტყვის თავის სათქმელს. გუშინ, - მე არ შემიძლია არ ვიყო გულახდილი ჩემი ხალხის წინაშე, - სწორედ გუშინ, მე შევხვდი იგორს აქ, თბილისში..."

გიორგაძის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მოქმედი ხელისუფლება გონს მოეგება და "რაღაც მანქანებით" პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებულ ყოფილ მინისტრს 4 იანვრის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას დართავენ. ყრილობის დელეგატები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი რჩეული ტერორისტი არ არის, თუმცა არგუმენტად შემდეგი საჭვო მოსაზრება მოაქვთ:

[მამაკაცის ხმა] "როგორ შეიძლება იური ანდროპოვისა და ალექსი ინაურის სისტემაში აღზრდილი კაცი ტერორისტად იწოდებოდეს!"

ყრილობის დელეგატებმა, სანამ გარდამავალი ხელისუფლებისადმი მიმართვის ტექსტს მიიღებდნენ, იგორ გიორგაძის ყოვლისშემძლეობაზეც ისაუბრეს:

[მამაკაცის ხმა] "იქნება გაზი, როგორც კი ეს კაცი ჩამოვა. გარანტია არის. დენი იქნება, რომელიც აუცილებლად პროგრესულ კაცობრიობას სჭირდება როგორც წყალი და როგორც ჰაერი, და ასე შემდეგ... და, აი, ამიტომ არ უნდათ, რომ ეს კაცი მოვიდეს... იმიტომ, რომ ამით დამტკიცდება, რომ იგორ გიორგაძე ყოფილა ღმერთი საქართველოსი და ესენი უშლიდნენ ხელსაო..."(სტილი დაცულია)

და, აი, ასეთი ლექსებიც წაიკითხეს:

[მამაკაცის ხმა] "მაშ, გაუმარჯოს, ვინც დღეს ითავა ქართველი ხალხის ხსნა-გადარჩენა. თქვენ გაგიმარჯოთ, ბატონო იგორ, ღმერთმა დაგილოცოს გზა და მარჯვენა!"(სტილი დაცულია)

რაც შეეხება მიმართვის ტექსტს, მისი ეპილოგი ამგვარად ჟღერს:

[რეზო ბულიას ხმა] "ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლების მიერ იგორ გიორგაძის მისამართით ჩადენილი უკანონობის შეწყვეტას და მის უპირობო დაბრუნებას საქართველოში. გონს მოდით! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ არა მარტო საყოველთაო სიძულვილი, არამედ რისხვა და მკაცრი საერთო სახალხო სასჯელი." (სტილი დაცულია)

მოკლედ, ყრილობის დელეგატთა თქმით, ძებნაში მყოფ მინისტრს ყველაფერი შეუძლია, ერთი რამის - საქართველოში დაბრუნების გარდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG