Accessibility links

logo-print

ხორბლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას ოპონენტები გამოუჩნდნენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი კვირის დასაწყისში სახელმწიფო კანცელარიაში, ახალი ხელისუფლების მიერ ახალი საგადასახადო პოლიტიკის პრეზენტაციისას, სხვა "არაორდინალურ ცვლილებებს" შორის

გაიჟღერა ხორბლის იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმების თემამაც, რასაც, სხვა ნოვაციების დარად, ასევე არანაკლები დისკუსია მოჰყვა ეკონომიკურ წრეებში. რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება გამოიღოს ამ ცვლილებამ?

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პურის ფასების თემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც ძველი, ისე ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის. "პური ჩვენი არსობისა" ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მანიპულირების ობიექტად იქცა, რაც სრულიად ბუნებრივია, თუ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის სოციალურ მდგომარეობას და მათ მწირ საკვებ რაციონს გავითვალისწინებთ.

პურზე არსებული ფასების შესანარჩუნებლად ამჟამინდელი ხელისუფლება ხორბლის იმპორტის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებას აპირებს. ამ ნაბიჯით მთავრობა შეეცდება წინასაარჩევნოდ დაძაბული სოციალური ფონის განმუხტვა მოახდინოს. ამ ნოვაციის მიმართ ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი და ბევრი ამ ნაბიჯში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მამის ბიზნესის ლობირების ნიშნებსაც ხედავს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბეჟან გონაშვილი კი ხორბალზე საბაჟო გადასახადის გაუქმებას გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამით ხელი შეეშლება ადგილობრივი ხორბლის წარმოების განვითარებას.
პარლამენტარს დაუშვებლად მიაჩნია ამ ფორმით იქნეს მიღებული დროებითი მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში შესატანად მომზადებული ცვლილებები, რომელიც ხორბლის იმპორტის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მისი აზრით, აუცილებელია სეზონური ტარიფის შემოღება.
"იმ პერიოდში, როდესაც ადგილობრივი წარმოების ხორბალი ბაზარზე არსებობს, დაუშვებელია ქვეყანაში იმპორტირებული ხორბალი შემოდიოდეს. ამიტომ, სავარაუდოდ, 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე 12%-იანი გადასახადი უნდა მოქმედებდეს, რაც პურზე ფასების რეგულირებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნავს გონაშვილი.

მისი თქმით, თუ ერთი წლის წინ 1 ტომარა ფქვილს მეწარმეები 19-20 ლარად ყიდულობდნენ, დღეს მათ ტომარა ფქვილი 38 ლარი უჯდებათ. ამიტომ მათ გამომცხვარი პურის ხარისხი გააუარესეს და ზარალზე წავიდნენ, რაც "მომხმარებლისათვის თვალში ნაცრის შეყრას ნიშნავს".

საგულისხმოა, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, დსთ-ის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ხორბალი საერთოდ არ იბეგრება. სამაგიეროდ, იბეგრება აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან შემოსული ხორბალი. ამასთან, ძირითადად, ეს აშშ-დან შემოტანილ ხორბალს ეხება, რადგან, დსთ-ის ქვეყნების გარდა, საქართველოს ბაზარზე ხორბალი დღეს სწორედ აშშ-დან შემოდის.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ უნდა გაუქმდეს დსთ-ის ქვეყნებთან მოქმედი ნულოვანი დაბეგრვის რეჟიმი და, დსთ-ის სხვა ქვეყნების მსგავსად, რუსეთიდან ხორბლის იმპორტზეც გადასახადი დაწესდეს.

ეკონომისტებს შორის არსებობს მოსაზრებაც, რომ პურზე ფასების რეგულირება უმჯობესია ხორბლის მარაგის გამოყენებით მოხდეს. საქართველოს შეუძლია აშშ-სა და ევროპას ხორბლის მარაგის გაზრდა სთხოვოს და, თუ მათი დაყოლიება ვერ მოხერხდა, მაშინ იმპორტის გადასახადის გაუქმებაზე კი არა, მის შემცირებაზე ვიფიქროთ, რადგან ამ გადასახადის გაუქმებით ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს დამატებითი შემოსავლები მოაკლდება.
XS
SM
MD
LG