Accessibility links

logo-print

"პრეზიდენტის ნაძვის ხე" აღარ დაიდგმება


2004 წლის პირველ ღამეს საქართველოს მხოლოდ "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი" ეყოლება, რაც საახალწლო დღესასწაულსაც უნდა დაეტყოს. პირველად, მრავალი წლის მანძილზე,

სახელმწიფო კანცელარიაში აღარ დაიდგმება "პრეზიდენტის ნაძვის ხე" და პირველ იანვარს აღარ მოეწყობა ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა ქართველ ბავშვებთან... თუმცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გვპირდება, რომ პრეზიდენტის გარეშე დარჩენილი ბავშვები ნაძვის ხის გარეშე მაინც არ დარჩებიან.

ყოველი წლის 1 იანვარს ედუარდ შევარდნაძე ქართველი ბავშვების - უფრო სწორად, აფხაზეთიდან ლტოლვილი და ობოლი ბავშვების - "თოვლის პაპის" როლში მოგვევლინებოდა ხოლმე. საპირველიანვრო ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყებოდა. ბავშვები პრეზიდენტს ლექსებს უკითხავდნენ, მღეროდნენ, მერე კი სცენაზე პრეზიდენტი ადიოდა და ბედნიერ ახალ წელს უსურვებდა ხოლმე მათ.

წელს ბავშვები კანცელარიის ნაძვის ხეს ვეღარ ნახავენ. პრეზიდენტის კანცელარიის ნაცვლად, საახალწლო დღესასწაულის მოწყობა საკრებულომ ითავა. თბილისის მერიის კულტურულ სამსახურთან ერთად, საკრებულო 2-დან 7 იანვრამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საახალწლო წარმოდგენებს ვაკის პარკში გამართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საახალწლო წარმოდგენებში მონაწილეობის საშუალება ექნება ყველა ბავშვს და არა მხოლოდ იმას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ 1 იანვარს ახსენდებოდა ხოლმე - ულოცავდა მათ ახალ წელს, მათ ცეკვა-თამაშს მოთმინებით უმზერდა, მერე კი მათ გაჭირვებას ძალიან მალე ივიწყებდა.

წელს ეგრეთ წოდებული "ცენტრალური საახალწლო ღონისძიებები" ბავშვებისათვის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება: საერთაშორისო თეატრალური ლაბორატორია "ტერა ინკოგნიტა" აქ საახალწლო თეატრალურ ზღაპარს "ჯადოსნურ ზარდახშას" დადგამს. ოპერის თეატრის სპექტაკლებში ჩაერთვება თბილისის მერიაც, რომელიც აქ მოაწყობს აქციას "ბავშვები - ბავშვებისათვის"... ისევ და ისევ იმ იმედით, რომ ახალი წლის დღესასწაულებს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის აღარ გამოიყენებს... ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვებით აღარ დაიწყებს სპეკულირებას.

რაც შეეხება 31 დეკემბრის ღამეს, როგორც რადიო "თავისუფლებისთვის" ცნობილი გახდა, თბილისი ახალ წელს შარშანდელივით ქუჩაში შეხვდება - 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია გრანდიოზული შოუ, რომელსაც დავით დოიაშვილი დადგამს. ახალი წლის ღამეს ქუჩაში იმღერებენ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები, რომელთაც აქამდე ახალი წლის შეხვედრა, ძირითადად, რესტორნებში "ახალ ქართველებთან" ერთად უწევდათ. ასეთი "ქუჩის კონცერტით" საქართველოს წელს რევოლუცია დაებედა. იმის გასაგებად, თუ რა დაებედება ამით ქვეყნის ახალ ხელისუფლებას, კიდევ ერთი წელი მოგვიწევს მოცდა.
XS
SM
MD
LG