Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული 2003 წლის მიმოხილვა: რუსეთი


ანდრო ეული, პრაღა განვაგრძობთ გასული 2003 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენათა მიმოხილვას;

დღეს საუბარი გვექნება იმაზე, თუ რა ძვრები მოხდა რუსეთში განვლილი 12 თვის მანძილზე.

2003 წელი მიიწურა, და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოზიცია როგორც არასდროს, აქამდე, ისეა განმტკიცებული ახლახან გამართული საპარლამენტო არჩევნებისა და უმდიდრესი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდოროვსკის დაპატიმრების ფონზე, რამაც არნახულად პოპულარული გახადა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბატონი პუტინი.

მაგრამ ამ გარეგნული წარმატების მიღმა ავის მომასწავებელი ნიშნებიც მოჩანს. ბედის ირონიით, ის პრობლემა, რამაც ხელისუფლების სათავეში მოიყვანა 4 წლის წინ პუტინი - შეიარაღებული კონფლიქტი ჩეჩნეთში და ტერორისტული თავდასხმები რუსეთის სხვა ნაწილებში - გრძელდება, ხოლო კრემლი კვლავინდებურად უსუსურია ბოლო მოუღოს ამ ძალადობას.

პრეზიდენტად არჩეულმა პუტინმა საჯაროდ ივალდებულა ჩეჩნეთის კონფლიქტის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება,
რისთვისაც თავდაცვის ხარჯები გაზარდა, ეგრედ წოდებული "სპეცოპერაციების" ჩატარება დაავალა ჩეჩნეთში ფედერალური ჯარის სარდლობას და შეერთებულ შტატებს ამოუდგა მხარში ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ გლობალურ ომში. მაგრამ ომით გაჩანაგებული ჩეჩნეთიდან კვლავაც ცინკის კუბოებით ბრუნდებიან შინ რუსი ჯარისკაცები, ხოლო აფეთქებებს, რასაც თვითმკვლელი ტერორისტები აწყობენ, როგორც ეს ამ თვეში მოხდა ესენტუკსა და მოსკოვში, სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება.

ამ მხრივ გამორჩეული აღმოჩნდა 2003 წლის ზაფხული. აგვისტოში, 50 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ მოზდოკში, როცა დანაღმული ავტომანქანა რუსეთის სამხედრო საავადმყოფოს ეზოში აფეთქდა. ივლისში, მოსკოვში ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტზე მისული ორი თვითმკვლელი ქალის მიერ მოწყობილი აფთქებების შედეგად 15 ადამიანი იქნა მოკლული; ხოლო კიდევ ერთი თვით ადრე, ავტობუსის აფეთქებამ კავკასიაში 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბრიტანეთის ომისა და მშვიდობის კვლევითი ცენტრის მიმომხილველი თომას დე ვაალი, რომელიც ავტორია გახმაურებული წიგნისა "ჩეჩნეთი: კატასტროფა კავკვასიაში", მიიჩნევს, რომ ფედერალურ ჯარში გამეფებული ეპიდემიური კორუფცია უქმნის ყველაზე დიდ დაბრკოლებას მშვიდობის დამყარებას ჩეჩნეთში. ინტერვიუში, რომელიც აგვისტოში მისცა მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, თომას დე ვაალმა განაცხადა [თომას დე ვაალის ხმა]: "პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას: რატომ განაგრძობენ ბრძოლას მეამბოხეები, საიდან ღებულობენ ისინი იარაღს, რატომაა, რომ მეამბოხეთა ლიდერები კვლავაც შეუფერხებლად მოქმედებენ ჩეჩნეთში, მაშინ როცა მეორე ომის დაწყებიდან თითქმის 4-მა წელმა განვლო? ამ დროს ტერიტორიულად ჩეჩნეთი სულაც არაა დიდი. პასუხი ამ შეკითხვაზე უნდა იყოს კორუფცია, და ვიდრე ამას არ მოეღება ბოლო, ვითარება ჩეჩნეთში, გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უფრო თუ გაუარესდება".

დე ვაალი, რომლის პოზიციას ამ საკითხში მრავალი მიმომხილველი ეთანხმება, დარწმუნებულია იმაში, რომ ჯარში გამეფებული კორუფცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მაღალჩინოსანი ოფიცრების პატიოსნებასა და მათს ანგარიშვალდებულებას კრემლის წინაშე [თომას დე ვაალის ხმა]: "ვფიქრობ ესაა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი. რუსეთის ჯარის კრიმინალიზაცია ჩეჩნეთში, ჩემის აზრით, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. სამხედროები ნავთობის ბიზნესში ითბობენ ხელს. ისინი ფაქტობრივად ძარცვავენ ადგილობრივ მოსახლეობას, და ფულის საშოვნელად არ ერიდებიან ძალის გამოყენებას. მრავალი "კონტრაქტნიკი" ფულის გასაკეთებლადაა ჩასული ჩეჩნეთში, და არა იმისთვის, რომ სამშობლოს ემსახუროს".

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის სფეროს, ამ მხრივ პუტინმა, 2003 წელს, არც თუ ურიგო ტაქტიკოსის შესაძლებლობა გამოავლინა. მან ისარგებლა საერთაშორისო თანამეგობრობაში მომხდარი დაპირისპირებით ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხში და საფრანგეთ-გერმანიის პოზიცია დაიკავა, და იმავდროულად თავი აარიდა გამაღიზიანებელ რიტორიკას, რათა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისთვის არ მიეყენებინა ზიანი. სადამ ჰუსეინის დამხობისთანავე პუტინმა იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ რუსეთს მჭიდრო პოლიტიკური და სავაჭრო კონტაქტები აქვს ვაშინგტონთან.

სახელისუფლებო პარტიის, "ერთიანი რუსეთის" დაარსებით კრემლმა როგორც კომუნისტების, ასევე მემარჯვენე-ცენტრისტი ლიბერალების გამიჯვნა შესძლო. "ერთიანი რუსეთის" ნაციონალისტურმა პლატფორმამ შედეგი გამოიღო, რაც სახელმწიფო დუმის ახლახან ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო. კრემლის მომხრე დეპუტატები ახალ დუმაში ორ მესამედს შეადგენენ, რაც პუტინს აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას ნებისმიერი შესწორება შეიტანოს კონსტიტუციაში როცა კი მოესურვება. არჩევნების შედეგმა მორიგი სილა გააწნა დაპატიმრებულ ოლიგარქს მიხაილ ხოდორკოვსკის, რომელიც, მიმომხილველთა უმრავლესობის აზრით, მარტო იმიტომ დასაჯა კრემლმა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა დაუფარავად და თან აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას. დაიწყო რა 2003 წელი, "ტევე 6" გახდა უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხი რუსეთში, რომელიც დაიხურა.

როგორც მოსკოვის სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორმა ანდრეი პიონტკოვსკიმ უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის მარტში დაგვანახებს, შესძლებენ დემოკრატიული ძალები გადაჯგუფებასა და ჭეშმარიტი ოპოზიციის შექმნას, თუ კვლავაც გაგრძელდება რუსეთში ცენტრს დაქვემდებარებული, ავტორიტარული და ნახევრად კაპიტალისტური რეჟიმის კონსოლიდაცია.
XS
SM
MD
LG