Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტის დიდი საბჭო როინ მეტრეველს რექტორის თანამდებობაზე ტოვებს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დააკმაყოფილა რექტორის, როინ მეტრეველის, განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ,

რომელიც მან, თითქოსდა მოძრაობა "კმარას" აქტივისტების ზეწოლის შედეგად, ორი დღის წინ დაწერა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 23 ნოემბრის ხავერდოვანი რევოლუციის ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვიდრად ნაშენ კედლებს ვერ გაარღვევს. დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, რასაც უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც უჭერენ მხარს, როინ მეტრეველის ეპოქა, რომელიც აგერ უკვე თორმეტი წელი გრძელდება, გარე ძალების ზეწოლით არ უნდა დასრულდეს. მიტინგში მონაწილე სტუდენტებს დიდი საბჭოს გადაწყვეტილება პრორექტორმა გივი ინწკირველმა ამცნო.

[გივი ინწკირველის ხმა] "საბჭომ ამ კონკრეტულ საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება და მიიღო გადაწყვეტილება, რექტორად დარჩეს როინ მეტრეველი. ეს გადაწყვეტილება, საბჭოს წინადადება, ბატონმა როინმა მიიღო." (სტილი დაცულია)

როინ მეტრეველის მხარდასაჭერად მოწყობილ აქციაზე გამოფენილი იყო შემდეგი შინაარსის ლოზუნგები: "შორს ბინძური ხელები უნივერსიტეტისაგან", "ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის" და სხვა. მე, ბუნებრივია, აქციის მონაწილე სტუდენტებთან გასაუბრება ვცადე. აი, რა გამოვიდა აქედან:

[აქციის მონაწილის ხმა] "მე ვარ დიპლომატიის ფაკულტეტზე, მაგრამ მიდის ჩვენი დეკანიც და ჩვენ არ გვინდა მერაბ ვაჩნაძემ დატოვოს ფაკულტეტი და ასევე არ გვინდა ნუგზარ ფოფხაძემ დატოვოს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი." (სტილი დაცულია)

[აქციის მონაწილის ხმა] "აუ, არა, რა, არ მინდა... კი, მხარს ვუჭერ როინ მეტრეველს... " (სტილი დაცულია)
მე ასევე გავესაუბრე უნივერსიტეტის პრორექტორს პარმენ მარგველაშვილს.

[პარმენ მარგველაშვილის ხმა] "ჩემი პოზიციაა: უნდა შეწყდეს ყოველგვარი ძალადობა, ნებისმიერი ტიპის ძალადობა - ყველანაირი - მშვიდობიანი, ვარდიანი - ყველანაირი ძალადობა უნდა შეწყდეს. ...საერთოდ, ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა მიმდინარეობს, საზოგადოების ცნობიერებაზე." (სტილი დაცულია)

ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნოდარ ლომოურმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა თავად, გარეშე ძალების ჩაურევლად, უნდა გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები.

[ნოდარ ლომოურის ხმა] "რატომ ერევა "კმარა", ეგ ხომ არ არის იმ ოცი სტუდენტის წამოწყებული ამბავი, ვიღაცამ ეგენი დარაზმა." (სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ აქციის ორგანიზატორები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და კატეგორიული ტონით მოითხოვეს ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის უნივერსიტეტის ეზოში გამოცხადება, რათა

[აქციის ორგანიზატორის ხმა] "...წერილობით დაადასტურონ მათ, რომ ისინი მხარს უჭერენ ბატონ როინ მეტრეველის უნივერსიტეტში დაბრუნებას, ანუ გვიერთდებიან ჩვენ." (სტილი დაცულია)

ცხადია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება უნივერსიტეტში ბოლო დღეების განმავლობაში, შეიძლება ვამტკიცოთ: ვარდის სურნელმა აუდიტორიებში ვერ შეაღწია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG