Accessibility links

logo-print

უშიშროების სამინისტრო დასავლეთის მიმართულებით აქტიურდება


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 დეკემბერს საქართველოს უშიშროების მინისტრი დასავლეთ საქართველოში გაეშურა. ვალერი ხაბურძანიას ქუთაისში ჩასვლას გეგუთში ყოფილი პოლიციელის მერაბ გაბუნიას დაკავება მოჰყვა,

იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. უშიშროების მინისტრმა დასავლეთში წასვლამდე განაცხადა, რომ მისდამი რწმუნებული უწყების მოქმედებას დანაშაულის წინააღმდეგ არა კამპანიური, არამედ პერმანენტული ხასიათი ექნება. რას შეიძლება შეებრძოლოს უშიშროების სამინისტრო დასავლეთ საქართველოში?

ქუთაისში უშიშროების სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფი 24 დეკემბერს გაგზავნეს. ქვედანაყოფი ქუთაისში დარჩება და დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში იმოქმედებს. თუ შიდა ქართლის რეგიონში განსაკუთრებით აქტუალური კონტრაბანდის აღკვეთაა, დასავლეთ საქართველოში კონტრაბანდის პრობლემა ისე მწვავედ არ დგას. თუმცა კონტრაბანდული ტვირთის, სახელდობრ, საწვავის შედინებას რეგიონში არავინ უარყოფს.

ცნობილია, რომ ქუთაისი გამორჩეულია ე.წ. კანონიერი ქურდების სიმრავლით თუ არა, მათი უეჭველი გავლენით ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ჩვენი ქუთაისელი კოლეგის ნინო ღაჭავას ინფორმაციით, ქალაქში ადასტურებენ, თითქოს რამდენიმე ასეთ პიროვნებას, ანუ "კანონიერ ქურდს", უკვე დაეტოვებინოს ან აპირებდეს ქუთაისის დატოვებას. ჩემს ხელთ არსებული ცნობით, ვალერი ხაბურძანიას სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებთან ბრძოლაზე გაუმახვილებია ყურადღება ქუთაისში უშიშროების სამსახურში გამართული შეხვედრისას. მე ვთხოვე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დასავლეთის მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლკოვნიკ გოჩა მიქაუტაძეს, დაედასტურებინა, რამდენად გულისხმობს უშიშროების სამინისტროს მოქმედება დასავლეთ საქართველოში ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაპირისპირებას, მათი კრიმინალური კავშირების რღვევასა და გავლენის შემცირებას.

[მიქაუტაძის ხმა] "კანონიერი ქურდი იქნება თუ ვინმე სხვა, ვინც სახელმწიფო უშიშროებას საფრთხეს შეუქმნის, ჩვენი ობიექტი გახდება თავიდან ბოლომდე." კითხვა: კანონიერი ქურდები ქმნიან ასეთ საფრთეს? - "კიდევ ვამბობ: მე არ ვსაზღვრავ ხალხს კანონიერებად და არაკანონიერებად. ჩვენი მუშაობა ყველა იმ ადამიანის მიმართ მიმდინარეობს, ვისაც შეიძლება კრიმინალური ელემენტი ვუწოდოთ და ვინც სახელმწიფო უშიშროებას პრობლემას უქმნის. ასეთ შემთხვევაში მოქმედება ჩვენი პრეროგატივაა. თუ არადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩავატარებთ ღონისძიებებს, რათა ქვეყანას არ ჰქონდეს პრობლემა "კანონიერი ქურდებისაგან".

თბილისელმა მსმენელმა, შესაძლოა, არ იცოდეს, მაგრამ იმავე იმერეთის რეგიონში კარგად მოეხსენებათ, რომელ რაიონებშია უმძიმესი კრიმინალური ვითარება: ხონში, მაგალითად, 12 შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებს; ბოლო ორ თვეში იქ 17 ყაჩაღური თავდასხმა მოხდა და მათგან მხოლოდ სამია გახსნილი. რთული მდგომარეობაა სამტრედიის რაიონშიც. უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ წერტილოვან დარტყმებს განახორციელებენ განსაკუთრებით პრობლემურ ადგილებში. მალე
დასავლეთ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრიც აპირებს ჩასვლას.
XS
SM
MD
LG