Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ განახორციელებს საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს


თუ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების მონიტორინგისთვის არასამთავრობო სექტორი განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდა,

2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ დიდ ენთუზიაზმს აღარავინ ავლენს. ვინც ამ ენთუზიაზმს კვლავ ინარჩუნებს, 2 ნოემბრის არჩევნების მთავარი ოპონენტი ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებია", თუმცა მის მიერ ჩატარებული სამუშაო 2 ნოემბრის არჩევნების წინ უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ეს ახლაა. როგორ აპირებს "სამართლიანი არჩევნები" 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის განხორციელებას?

როგორც რადიომსმენელისთვისაა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში განლაგებულ 2000-მდე უბანს აკვირდებოდა. მიუხედავად ამისა, მისი შედეგები სრულად მაინც არ ასახავდა არჩევნების საერთო სურათს. მე ამ ორგანიზაციის ახალ დირექტორს ხათუნა ხვიჩიას ვკითხე, შეძლებს თუ არა "სამართლიანი არჩევნები" ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმიანობის მიმართ ობიექტურობის შენარჩუნებას.

[ხათუნა ხვიჩიას ხმა] "არა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს და ამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებებს ვინ მიიღებს, ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც მანამდე ხდებოდა მისი მონიტორინგი, ისე კვლავაც გრძელდება მისი მონიტორინგი." (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ამ მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევა თვალით არავის უნახავს, თუმცა კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის შესახებ მოქმედი საარჩევნო კოდექსით არ არის განსაზღვრული, ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაციის ის წესი, რაც საარჩევნო კოდექსითაა განსაზღვრული, აზრს კარგავს. ანუ ის ამომრჩევლები, რომლებიც გასულ არჩევნებზე შეყვანილნი იყვნენ საარჩევნო სიებში, სიის გარეთ რჩებიან, თუ განსაკუთრებული მონდომება არ გამოიჩინეს და წინასწარი რეგისტრაცია არ გაიარეს. ხათუნა ხვიჩიას კომენტარი:

[ხათუნა ხვიჩიას ხმა] "თვითონ რეგისტრაციის გავლა არფერს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ, უბრალოდ, მაინც გვრჩება ეჭვი, რომ ამ წესით სიების შედგენა არ უზრუნველყოფს ყველა ამომრჩევლის შეტანას საარჩევნო სიაში და რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამომრჩეველი არჩევნების დღეს მივიდეს უბანზე და მისცეს ხმა."(სტილი დაცულია)

ასეთ მექანიზმად დამატებითი სიების შედგენა იგულისხმება. თუმცა ამას საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება ესაჭიროება, რაც ნაკლებად რეალურია მოქმედი პარლამენტის ქმედობაუნარიანობის პირობებში. თუ ამ ცვლილების განხორციელება მაინც მოხერხდა, "სამართლიანი არჩევნები" მზადაა დამატებითი სიების მონიტორინგიც აწარმოოს, სიების ძირითადი ნაწილის მეთვალყურეობასთან ერთად.

დერჯერობით, რამაც სამართლიანი არჩევნების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რამდენიმე საარჩევნო ოლქში კომისიის ყოფილი თავმჯდომარეების ხელახალი დანიშვნა იყო. ამ ორგანიზაციის პროტესტის შემდეგ ერთი უკვე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ორის საკითხი კი ჯერაც გადაუჭრელია.

აი, ასეთი ლოიალურია იმ ორგანიზაციის შეფასებები, რომელმაც გასული არჩევნების გაბათილებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა. "სამართლიანი არჩევნები" კვლავინდებურად შეურიგებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიის მიმართ რჩება.

[ხათუნა ხვიჩიას ხმა] "აჭარაში წინასაარჩევნო პერიოდის დროს ყველაფერი არის დარღვეული, იმას უკვე მონიტორინგი არ სჭირდება... არაფერი არ სრულდება აჭარაში, არც ერთი მოთხოვნა ამ კოდექსის არ არის შესრულებული და, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, არც წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს."

რაც შეეხება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენენ. მე დავუკავშირდი გელა ნიკოლაიშვილს, ლიდერს გასული არჩევნების მეთვალყურეთა შორის ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისათვის", და ვკითხე, ემზადებიან თუ არა 4 იანვრის არჩევნების მონიტორინგისთვის.

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] "არა, ფაქტიურად, არა. ინტერესიც დაკარგა, პრინციპში, როდესაც ყველაფერი ცნობილია და, ფაქტიურად, დაინტერესებაც არ არის გაყალბებაში. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარეობს ჩვენი განწყობაც." (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG