Accessibility links

logo-print

საქართვველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კარგ ნიშნად მიიჩნია ბაქოში ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ჩასვლა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისთვის სულ ერთი არ არის, როგორ ვითარდება მოვლენები მეზობელ სახელმწიფოში. საპასუხოდ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება, რუსეთისა და ქართველი ხალხების ინტერესთა გათვალისწინებით, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მოსკოვური სამუშაო ვიზიტი დასრულდა - ვიზიტი, რომლის მეშვეობითაც ქართული მხარე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რაიმე განსაკუთრებულ გარღვევას არ ელოდა, მაგრამ რომლის შედეგიანობის იმედი, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდა.
რუსეთის ინტერესი საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ადამიანების მიმართ აშკარაა. საინტერესო ნიუანსი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოსკოვში ვიზიტებისას არ ყოფილა შემთხვევა, იგი, რუსეთის პრეზიდენტის გარდა, კრემლის სხვა რომელიმე მაღალჩინოსანს შეხვედროდა. ამ მხრივ, განსხვავებული აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძის სამუშაო დღის წესრიგი: პრეზიდენტ პუტინის გარდა, იგი შეხვდა რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს, ასევე - რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვს, რომელიც მარტში დაგეგმილ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ პუტინის კონკურენტი იქნება.

შეხვედრების ჩამონათვალიც მოწმობს, თუ რა "მიმართულებით" შეეცდება საქართველო რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას: თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთან შეხვედრისას საუბრის თემა, უდავოდ, იქნებოდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების განსაზღვრა; უკვე იგორ ივანოვთან კი რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმის შესახებ ისაუბრებდნენ. ძნელი სათქმელია, მიიჩნევს თუ არა რუსეთი ასეთ მიდგომას ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებად: საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას შევარდნაძის პერიოდშიც ითხოვდა ქართული მხარე; შევარდნაძის პერიოდშივე გაპროტესტებული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართ განსხვავებული სავიზო რეჟიმის დამყარების მცდელობა.

ქართველ ჟურნალისტთა აზრით, ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს უსიამოვნო საინფორმაციო ფონი შეუქმნა 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი იასტრჟემსკის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ჩეჩენი მებრძოლები კვლავ საქართველოს ტერიტორიიდან გადადიან ჩეჩნეთში. ალბათ, არანაკლებ უსიამოვნო განწყობას შეუქმნიდა უკვე რუსეთის მხარეს 25 დეკემბერს გავრცელებული ცნობა, რომ ნავთობსადენმა "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" საერთაშორისო დაფინანსება მიიღო. არაოფიციალური მონაცემებით, კრედიტის მოცულობა დაახლოებით მილიარდ 500 მილიონს აღწევს. ანუ იმ ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც პერიოდულად კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა მისი, თითქოსდა, ეკონომიკური წამგებიანობის გამო, მხოლოდ დროის ამბავია.
XS
SM
MD
LG