Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვლილი 2003 წლის მნიშვნელოვან მოვლენათა მიმოხილვა: ერაყი


ანდრო ეული, პრაღა 9 თვის წინათ, როცა შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ერაყის წინააღმდეგ და ბაღდადში პირველი ფრთოსანი რაკეტა აფეთქდა,

ვაშინგტონში ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკა დღეს იქნებოდა ჩაბმული პარტიზანულ ომში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. თუმცა სადამ ჰუსეინის ამასწინანდელმა შეპყრობამ აღძრა იმის იმედი, რომ მომავალ წელს ვითარების არსებითი სტაბილიზაცია მოხდება ერაყში.

პირველი მაისის მზიან დღეს, კალიფორნიის სანაპიროსთან გაჩერებულ ავიამზიდ "აბრამ ლინკოლზე" პრეზიდენტმა ბუშმა საზეიმოდ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ექვსიოდე კვირის შემდეგ ერაყის განთავისუფლება მიღწეულია, და რომ ქვეყანაში დასრულდა მთავარი საბრძოლო მოქმედებები.

მაგრამ მომდევნო 8 თვის განმავლობაში ორასამდე ამერიკელი ჯარისკაცი, კოალიციის 40-დე მებრძოლი, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა ათობით თანამშრომელი, მათ შორის გაეროს საგანგებო წარგზავნილი სერჯიო ვიეირა დე მელიო, და მრავალი ერაყელი მოქალაქე, მეამბოხეთა თავდასხმებს ემსხვერპლა. ცხადი გახდა, რომ სადამ ჰუსეინის შეპყრობისა და მისი რეჟიმის დამხობის მიუხედავად, თავად ომი, ერაყში, ჯერ კიდევ შორსაა დამთავრებისაგან.

ამასობაში, განიარაღების ამერიკელი ექსპერტები განაგრძობენ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას. ხოლო საზოგადოებრივი აზრი შეერთებულ შტატებში, სადამ ჰუსეინის შეპყრობის მიუხედავად, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ერაყში გრძელდება ძალადობა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჯორჯ ბუშის მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობას მომავალი წლის ნოემბერში. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, როგორი განწყობაა დღეს ამერიკელებში ერაყში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ექსპერტმა ბეთშება კროკერმა განაცხადა [ბეთშება კროკერის ხმა]: "ვფიქრობ შეშფოთება იმითაა გამოწვეული, რომ კვლავაც დიდია მსხვერპლი ამერიკელების მხრიდან ერაყში, რაც აქამდე ვნახეთ, და მე მგონი ზეწოლა კიდევ უფრო იმატებს საარჩევნო წელს ორივე მხრიდან, და ალბათ იმის მოწმენი გავხდებით, რომ ხმამაღლა გაკეთდება მოწოდებები ერაყიდან წასვლის შესახებ, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა".

მას შემდეგ, რაც 13 დეკემბერს სადამ ჰუსეინი შეიპყრეს, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკა "არ შეცვლის აღებულ გეზს", ვიდრე ერაყში არ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია. მისივე თქმით, სადამს ერაყელები გაასამართლებენ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ სადამ ჰუსეინის დაპატიმრების მიუხედავად, კვლავაც სახიფათოა ერაყში ყოფნა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ტერორისტები, ერაყში, კვლავაც სახიფათონი არიან. ჩვენ ძნელი მისია გვაკისრია ერაყში, რაც შემდგომი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. მაგრამ, ამჯერად ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ერაყს - თავისუფლებისკენა აქვს აღებული გეზი".

ბუშის თქმით, სადამის შეპყრობამ უნდა დაარწმუნოს შეშინებული ერაყელები იმაში, რომ დამხობილი დიქტატორი ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლების სათავეში, ხოლო ერაყელმა ხალხმა, ახლა, თავის ახალ, დემოკრატიულ მომავალზე უნდა იფიქროს.

გასულ თვეს, ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ მომავალი წლის 1ივლისისათვის, ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაცია ერაყელებს გადასცემს ქვეყანაში ხელისუფლების სადავეებს. ადრე, თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოითხოვდა, რომ ერაყში სუვერენიტეტის აღდგენამდე მომზადებულიყო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რასაც ალბად ორი წელიწადი მაინც დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც ივნისში ერაყელებს გადაეცემათ ძალაუფლება, შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილი დროებითი კოალიციური ადმინისტრაცია შეწყვეტს თავის არსებობას ერაყში. ამერიკის ჯარი დარჩება ერაყში, მაგრამ რიცხობრივად თანდათანობით შემცირდება.

ოფიციალური პირები ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ სადამ ჰუსეინის შეპყრობით არსებითად იკლებს ერაყში მეამბოხეთა თავდასხმები, თუმცა ამ ვარაუდს მრავალი მიმომხილველი უარყოფს. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მეამბოხეთა თადვასხმები კოალიციის ძალებზე ერაყში კვლავაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG