Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 519-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას", რომლის 519-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ საით საით "მიდის" საქართველოს ეკონომიკა; გიამბობთ ლონდონში გამართულ საერთაშორისო სემინარზე, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სამსჯელოდ "მეათე სტუდიაში" მოვიწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე. [თედო ჯაფარიძის ხმა] "რუსეთი არასოდეს არ იქნება სტაბილური, არ ექნება ადგილი მდგრად განვითარებას ამ უზარმაზარი ქვეყნის, თუ არ იქნება საქართველო სტაბილური". რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას ჯაზის ლეგენდარულ პიანისტზე ერლ ჰაინსზე, რომელსაც ამ დღეებში 100 წელი შეუსრულდებოდა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

საით "მიდის" საქართველოს ეკონომიკა?

დავით კაკაბაძე:
საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება საქართველოს ახალი ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს, ყოველ საკადრო გადაადგილებასა თუ სტრატეგიულ წამოწყებას. ყველაზე ხმამაღალ კრიტიკას ჯერჯერობით ეკონომიკასთნ დაკავშირებული ინიციატივები იწვევს. თამარ ჩიქოვანი ესაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ნიკო ორველაშვილს, რომელიც არ მალავს კრიტიკულ შენიშვნებს აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიმართ. "შეიძლება თუ არა, ნოემბრის მოვლენების ერთ-ერთ შედეგად ჩაითვალოს ის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოვიდა თანამოაზრეთა გუნდი, რომელსაც საქმის კეთებაში ხელს არავინ შეუშლის?" - ეს იყო თამარ ჩიქოვანის პირველი შეკითხვა, რომელსაც ნიკო ორველაშვილმა ასე უპასუხა:

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
აი, ასე კრიტიკულად აფასებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნიკო ორველაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში სტუმარს თამარ ჩიქოვანი ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ

დავით კაკაბაძე:
ეკონომიკიდან ახლა საგარეო პოლიტიკის სფეროში გადავინაცვლოთ. 18-19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტში გაიმართა "მრგვალი მაგიდა", რომელიც მიეძღვნა ორ საკითხს: საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს. ამასთან ერთად, ლონდონში ჩატარდა სემინარი თემაზე: "ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ - საერთო სტრატეგიის ძიება". ორდღიან სემინარში მონაწილეობდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, რომელსაც გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
ლონდონის დისკუსია-სემინარში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს წარმომადგენლები, მათ შორის, ამერიკელი ექსპერტები, დიდი ბრიტანეთის სახელისუფლებო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, აგრეთვე, ოფიციალური და არაოფიციალური პირები რუსეთიდან და საქართველოდან.

"საქართველო რევოლუციის შემდეგ". ამ სახელწოდების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე საქართველოდან მოხსენებით გამოვიდნენ საგანგებო დავალებათა ელჩი კონსტანტინე ჟღენტი და ალექსანდრე რონდელი.

მრგვალი მაგიდისა და სემინარის ჩატარებამ აჩვენა, რომ ბოლო დროს დასავლეთში სწრაფად გაიზარდა ინტერესი საქართველოს მიმართ. დისკუსია-სემინარის მონაწილენი, მათ შორის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორი ჩარლზ ჰილი, ევროპის კომისიის წარმომადგენელი რენხოლდ ბრენერი, საქართველოში ინგლისის ყოფილი ელჩი დიკ ჯენკინსი და სხვა გამომსვლელები რეალისტურად აფასებდნენ საქართველოს მდგომარეობას და მკაცრ პროგნოზებსაც აკეთებდნენ.
ალექსანდრე რონდელს, მაგალითად, მოჰყავს ინგლისის პარლამენტის წევრისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ბრუს ჯორჯის გამოსვლა. ინლისელი პოლიტიკოსის თქმით, დღეს საქართველოს აქვს უკანასკნელი შანსი იმისათვის, რათა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, და, უპირველესად, დასავლეთს, რომ განვითარების სწორ გზას ადგას.

"ასეთ შემთხვევაში დასავლეთი მზად არის, რომ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს", - განაცხადა ინგლისელმა პოლიტიკოსმა.

[რონდელის ხმა] "როგორც ჩანს, თავად ბრუს ჯორჯი საქართველოსადმი დადებითადაა განწობილი, კერძო საუბარში მან სიმპათიებით ილაპარაკა საქართველოსა და ქვეყნის ახალ ლიდერებიზე. მაგრამ ამასთან ერთად მეტად შეწუხებულია იმით, რომ უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში დასავლეთში გაუფასურდა საქართველოს იმიჯი. მისი თქმით, დადგა დრო, რომ ეს იმიჯი აღდგეს".

ლონდონის დისკუსია-სემინარში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველები იოსიფ დისკინი და სერგეი მარკოვი. მათი პოზიცია ხშირ შემთხვევაში არ ემთხვეოდა საქართველოს წარმომადგენლებისა და დასავლელი ექსპერტების ხედვას და ამიტომ რიგი საკითხების გარშემო ცხარე კამათიც იმართებოდა. მაგალითად, კამათი გამოიწვია რუსეთის ხელისუფლებაში ექსპერტების მიერ მომზადებულმა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის გეგმამ, რომელიც საქართველოს ფედერალური მოწყობის მოდელს მოიცავს.

[რონდელის ხმა] "მაგრამ ჩანს, რომ რუსეთში უკვე მაინც იწყებენ ფიქრს საქართველოსთან ურთიერთობების გარდაქმნაზე. ყოველ შემთხვევაში, გაიმარჯვა საღმა აზრმა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიკამათეთ, მათ ბევრი კონსტრუქციული მოსაზრებაც გამოთქვეს.

ჩანს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობებით და ეს რუსეთის დიპლომატიის ერთ-ერთი პრიორიტეტია". "

რაც შეეხება დასავლეთის ახლანდელ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ლონდონის სემინარზე ითქვა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში საქართველომ, ფაქტობრივად, იმედი გაუცრუა დასავლეთის სამყაროს: დასავლეთის დიდი ფინანსური და პოლტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველომ ვერ შეძლო დემოკრატიული განვითარების იმ დონის მიეღწევა, რაც მთელ რიგ პრობლემებს მოხსნიდა ქვეყნის ეკონომიკისა თუ სხვა დარგების რეფორმირებაში.

[რონდელის ხმა] "პრაქტიკულად ყველამ თქვა, რომ ეს არის საქართველოს ძალიან სერიოზული, მაგრამ უკანასკნელი შანსი, უჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რომ ქვეყანა ნამდვილად აპირებს წინსვლას დემოკრატიული გარდაქმნებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. თუ ამჯერადაც გამეორდება ის, რაც ადრე იყო, მაშინ საქართველო მთლიანად დაკარგავს დასავლეთის ნდობას და მასთან ერთად დახმარებასაც".

დავით კაკაბაძე:
საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხს, რომელსაც დიდი ყურადღება დაუთმეს გიორგი კაკაბაძემ მისმა რესპონდენტმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა, კიდევ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ჩვენს შემდეგ ინტერვიუში. ამჯერად ჩვენი თანამოსაუბრე გახლავთ არა პოლიტოლოგი, არამედ პოლიტიკოსი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, რომელიც მოსკოვში სტუმრად მყოფი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობის წევრი იყო და პირადად მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დავურეკე.

[მუსიკა]

ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან, თედო ჯაფარიძესთან

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
მსმენელს შევახსენებ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გვესაუბრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე.

[მუსიკა]

ერლ ჰაინსი - 80

დავით კაკაბაძე:
მიმავალი, 2003 წელი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ პოლიტიკური მოვლენებით. იგი არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენითაც აღინიშნა. და მუსიკას ვერც "მეათე სტუდიის" 2003 წლის უკანასკნელ გამოშვებაში ავუვლით გვერდს. ოღონდ მუსიკის მუყვარულთა ყურადღებას ამჯერად არა განვლილი ერთი წლის, არამედ განვლილი ერთი საუკუნის მოვლენებს მივაპყრობთ. მით უმეტეს, რომ მოვლენებით აღსავსე ნამდვილად იყო მუსიკოსის ბიოგრაფია, რომელზეც დღეს გვინდა გესაუბროთ. პიანისტი ერლ ჰაინსი, რომელსაც ამ დღეებში ასი წელი შეუსრულდებოდა, იმ ხელოვანთა რიგს განეკუთვნება, რომელთა შემოქმედება ახალი სტილის შექმნასა და დამკვიდრებას ემსახურებოდა ჯაზში. ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

ბიძინა რამიშვილი:
თანამედროვე ჯაზის მოყვარულებმა შეიძლება არც კი იცოდნენ, რომ მუსიკა, რომელსაც ისინი უსმენენ და რომელსაც ხშირ შემთხვევაში თანამედროვეობის სიმბოლოდ აღიქვამენ, სინამდვილეში ძალზე ძველია.

ყოველ შემთხვევაში, ასე გამოდის, თუკი ვირწმუნებთ ჯაზის სპეციალისტთა შორის გავრცელებულ აზრს, რომ თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი შემქმნელი არის "პირველ თანმედროვე პიანისტად წოდებული" ერლ ჰაინსი, რომელმაც უკვე 20-30-იან წლებში დაატყო კვალი ჯაზის განვითარებას თავისი განუმეორებელი სტილით. პიანისტთაგან ერთ-ერთმა მცირეთაგანმა მოახერხა ჯაზის განვითარებაზე ნიშანდობლივი კვალის დაჩენა.

ჰაინსმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თანამედროვე ჯაზის ისეთ დიდ წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან საქსოფონისტი ჩარლი პარკერი, მესაყვირე დიზი გილესპი, მომღერალი სარა ვონი და სხვები.

ჰაინსმა დაძლია საუკუნის დასაწყისის რეგტაიმის რიტმები და "სტრაიდის" სახელით ცნობილი სტილი, რომელიც განსაკუთრებით ფეხმოკიდებული იყო 20-იან წლებში, და ახალი რიტმი და არაორდინარული აქცენტები შემოიტანა მარცხენა ხელის პარტიაში. მარჯვენა ხელის პარტიაში კი დაამკვიდრა ოქტავები, რაც მას ანსამბლში დაკვრისას ხმის გაძლიერების საშუალებას აძლევდა. სწორედ ანსამბლი არის ის სამყარო, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჰაინსის წარმოდგენა. მან, ფაქტობრივად, ფორტეპიანოს ახალი როლი შესძინა და ჯაზის ანსამბლის განუყოფელ ნაწილად აქცია იგი. ჰაინსი თავიდანვე ანსამბლის მუსიკოსი იყო განსხვავებით უმეტესი პიანისტებისაგან, რომლებიც ჯერ სოლისტები არიან და მერე ცდილობენ მიუსადაგონ თავიანთი სტილი ანსამბლს.

ჰაინსმა მუსიკა მშობლებისგან ისწავლა. თავიდან საყვირზე უკრავდა, პიანისტი მხოლოდ მოგვიანებით გახდა. მისი კარიერის აღმავლობა გასული საუკუნის 20-იან წლებში იწყება, როცა იგი ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად. იქ არაერთ ცნობილ მუსიკოსთან ერთად გამოდიოდა. ერთ ხანს ლეგენადარულ ლუი არმსტრონგთან ერთად უკრავდა. მასთან ერთად ჯაზკლუბიც კი გახსნა, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მისი კვლავ დახურვა მოუწიათ.

თავის 25-ე დაბადების დღეზე საკუთარი ბენდის ჩამოყალიბება აღნიშნა. მასში იგი ათი წლის მანძილზე უკრავდა. ჰაინსის ბენდმა მთელს ამერიკაში მოიხვეჭა სახელი ტურნეებითა და რადიოში გამოსვლებით.

ჰაინსი 1948 წლამდე არაერთ დიდ ჯაზბენდს ედგა სათავეში. 1948-51 წლებში კი ლუი არმსტრონგის "ოლ სტარზში" გამოდიოდა, ხოლო მოგვიანებით მცირე ზომის ანსამბლებში მუშაობდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა ჩანაწერებმა 60-იანი წლების შუაში.

სიცოცხლის ბოლო წლებში იგი საკუთარ მცირე ბენდს ედგა სათავეში და რეგულარულად უკრავდა ამერიკასა თუ საზღვარგარეთ. უკანასკნელი გამოსვლა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა. იგი 1983 წელს გარდაიცვალა 79 წლის ასაკში.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
დღევანდელ გამოშვებას დავასრულებთ ერლ ჰაინსის კომპოზიციით "როზეტა", ცხადია, ავტორის შესრულებით. "მეათე სტუდია" კი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG