Accessibility links

ადამიანი და მისი საზოგადოებრივი ფუნქცია


ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში თვალნათლივ გამოიკვეთა ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთი ნიშანი: ადამიანის გაიგივება მისსავე საზოგადოებრივ ფუნქციასთან.

თუ გამართლდება ის იმედები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა ახალ წელს და ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას უკავშირებს, სწორედ ზემოთ აღნიშნული მოვლენა უნდა დაიძლიოს.

იყო კი საქართველოში დრო, როდესაც ადამიანი ადამიანად რჩებოდა, თანამდებობა კი თანამდებობად? პირადად მე ასეთი დრო არ მახსოვს. ეს ბუნებრივიც არის, რადგან საბჭოთა კავშირი სწორედ ისეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნებოდა, სადაც ადამიანს თავიდან ბოლომდე შთანთქავდა თავისი საზოგადოებრივი ფუნქცია. ქართველები ურთიერთობის განსაკუთრებული კულტურით გამოირჩევიან, მაგრამ ადამიანებს შორის დისტანციას მაინც მათი სოციალური სტატუსი განსაზღვრავდა. მწერალს აუცილებლად "მწერლურად" უნდა ესაუბრა; გაზეთ "კომუნისტის" შტატიან თანამშრომელს "ნომენკლატურასთან" უნდა ემეგობრა; ცეკას მდივანი "ცეკას მდივნური" ჰალსტუხით უნდა გამოჩენილიყო ხალხში. ვერც ერთი ადამიანი, რომელიც რაიმე საზოგადოებრივ ფუნქციას ასრულებდა, თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გაამჟღავნებდა, რადგან ეს უპატიებელ შეცდომად იყო მიჩნეული.

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან საკმაოდ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ზემოთ აღწერილი მოვლენა, ფაქტობრივად, არ დაძლეულა. ღია საზოგადოება, რომელსაც ჩვენ, სულ მცირე, ათი წლის განმავლობაში ვაშენებთ, იმასაც ნიშნავს, რომ თითოეული სოციალური ფენის ადამიანს თავისუფლად უნდა შეეძლოს სოციალურ კიბეზე მოძრაობა და კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის მიუხედავად, ადამიანად უნდა დარჩეს. ეს ზუსტად ერთი და იგივეა. როდესაც ქვეყანა იერარქიულია და მოსახლეობა ერთმანეთისგან დაუძლეველი ბარიერებით არის დაშორებული, მაშინ თავად საზოგადოებრივი მანქანა გადაიქცევა კაციჭამიად, ადამიანებს შთანთქავს და მათგან მხოლოდ ფუნქციას ტოვებს: მაგალითად, მინისტრი უსათუოდ კორუფციაში უნდა მონაწილეობდეს, მასწავლებელი ღარიბი უნდა იყოს, ექიმი ხელებში უნდა უყურებდეს ავადმყოფს, გამყიდველი წონაში უნდა ატყუებდეს მყიდველს, მხატვარი წვერით უნდა დადიოდეს და პოლიციელს ღირსების გრძნობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააჩნდეს.

"ვარდების რევოლუცია" ვნახეთ, მაგრამ არ ვიცით, დადგა თუ არა დრო, როდესაც ადამიანები მოისურვებენ და შეძლებენ, რომ თავისი სოციალური ფუნქცია ადამიანური სახით შეავსონ; შეძლებენ თუ ვერა, რომ პრეზიდენტი იქნება, მისი მეუღლე, მინისტრი თუ პოლიტიკოსი, გამყიდველი, მეეზოვე თუ პოლიციელი, პირველ რიგში, ადამიანებად დარჩნენ. ამ ამოცანის გადაჭრა საბჭოთა სისტემის რეალურ მსხვრევას ნიშნავს. თუ ეს განხორციელდა, საზოგადოება მიიღებს იმაზე მეტს, რასაც ელოდება. თუ არადა, ყოველგვარი მოლოდინი ახალი ნიღბების ჩამოსხმით დამთავრდება.
XS
SM
MD
LG