Accessibility links

logo-print

მოგითხრობთ პრეზიდენტობის კანდიდატის ქართლოს ღარიბაშვილისა და მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ


ქართლოს ღარიბაშვილი 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ნომრად დარეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატია. 1995 წლიდან მოყოლებული, იგი უკვე მესამედ აპირებს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას.

ორი წარუმატებელი ცდის მიუხედავად, მას ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვს. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პოლიტიკურმა პარტიამ "საქართველოს ადვოკატებმა", 1479 ხმით, უკანასკნელი, 22-ე, ადგილი დაიკავა. მისი პროფესიული და პოლიტიკური კარიერა საკმაოდ პროდუქტიულია - "საქართველოს ადვოკატები" მის მიერ შექმნილი რიგით მეშვიდე ორგანიზაციაა. ქართლოს ღარიბაშვილი უკანასკნელი წლების განმავლობაში, ძირითადად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. რიგგარეშე არჩევნების პრესინგულმა ვადებმა მის საარჩევნო კამპანიაზეც უარყოფითად იმოქმედა. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება ითქვას, რომ 4 იანვრის არჩევნების შედეგებით მას, სავარაუდოდ, პირველ სამეულში ვიხილავთ.

ქართლოს ღარიბაშვილის საარჩევნო კამპანია, ძირითადად, ჟვანია-სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სამართლებრივი ომით შემოიფარგლება. 25 დეკემბერს მან, ზურაბ ჟვანიას წინასწარ პატიმრობაში აყვანის მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართა, 26 დეკემბერს კი, მიხეილ სააკაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით, - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. სახელმწიფო მინისტრს იგი სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო აპარატის ჩართვისა და ნოემბრის შეთქმულების მოწყობის ბრალდებით უპირისპირდება. სახელმწიფო დაწესებულებების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მიზეზითვე მოითხოვს იგი რევოლუციის ლიდერის, მისი მთავარი კონკურენტის, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასაც.

[ქართლოს ღარიბაშვილის ხმა] "დღეს მე მებრძვის არა მიხეილ სააკაშვილის გუნდი, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი, ყველა თავისი რგოლით, რომელსაც ხელმძღვანელობს ზურაბ ჟვანია."

სამგზის პრეზიდენტობის კანდიდატი ქართლოს ღარიბაშვილი სამივე საარჩევნო კამპანიას საქართველოს სოციალური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამით ახორციელებს. ღარიბაშვილის მართვის ახალი სისტემის მთავარი პრინციპები იქნება: ძლიერი ცენტრი, ძლიერი რეგიონები, ფუნქციების სწორი გამიჯვნა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად. საქართველო დაიყოფა 14 ტერიტორიულ ერთეულად. ქართლოს ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ ქვეყნის თითოეულ ოჯახსა და მოქალაქეს ექნება ნორმალური და ღირსეული ცხოვრებისათვის საკმარისი შემოსავალი. საქართველოს სოციალური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამას იგი სულ რაღაც 6 თვეში განახორციელებს.

[ქართლოს ღარიბაშვილის ხმა] "კეთილდღეობის გასაღები საქართველოს სწორ მართვაშია, სწორი მართვის სისტემაშია. მე ვარ ამ საკითხების სპეციალისტი, მსოფლიო მართვის სისტემების, კონსტიტუციონალიზმის სპეციალისტი, ვარ ადამიანების და მოქალაქეების უფლებების დამცველი, პროფესიით ადვოკატი. შესაბამისად, მაქვს სურვილი, რომ ჩემი ეს ენერგია და მიღებული გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს. დამიჭირონ მხარი და იქნებიან კარგად."

ქართლოს ღარიბაშვილი 1954 წლის 25 აპრილს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბოგვში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციურ სამართალში. მისი მოსკოვური კარიერა ამით არ დასრულებულა: 1976-83 წლებში ლომონოსოვის უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს და მოსკოვის კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს. 1884 წელს ბრუნდება საქართვლოში.

[ქართლოს ღარიბაშვილის ხმა] "მე ვარ 49 წლის. რაც ვისწავლე, მე-4 კლასიდან მოყოლებული, მე ოთხიანი არ მიმიღია, ყველგან ხუთებს ვღებულობდი და ყველაფერი წარჩინებით მაქვს დამთავრებული. ჩემი ბიოგრაფია - ეს არის აკადემიური ბიოგრაფია მეცნიერ-თანამშრომლისა და 87 წლიდან ვარ ადვოკატი."

აქტიურ პოლიტიკაში ქართლოს ღარიბაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ერთვება. 1992-95 წლებში იგი პარლამენტის წევრი და ფრაქცია "დემოკრატის" თავმჯდომარე იყო. არის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი და ოჯახის ადვოკატის ინსტიტუტის ფუძემდებელი. მისი პარტია, სავარაუდოდ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მანამდე წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელში აუტსაიდერობასაც იგი სრულებითაც არ ფიქრობს. პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, ქართლოს ღარიბაშვილი 26 დეკემბერს საქართველოში რუსეთის ელჩს ვლადიმირ ჩხიკვიშვილს შეხვდა იმის საილუსტრაციოდ, რომ მისი საგარეო კურსი რუსეთთან მეგობრობის ისეთ რანგში აყვანაა, რომელიც საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია. ქართლოს ღარიბაშვილი საქართველოს მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესების შეერთების ადგილად მოიაზრებს.
XS
SM
MD
LG