Accessibility links

logo-print

რევოლუცია "ცეკავშირის" ხელმძღვანელობასაც ემუქრება


უხეშად რომ ვთქვათ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში მოვლენები, ძირითადად, ორი სცენარით ვითარდება: ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელი ან ნებაყოფლობით ტოვებს თანამდებობას, ან,

გადადგომაზე კატეგორიული უარის თქმის შემდეგ, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას იწყებს. მეორე ვარიანტი წარმატებით ჯერჯერობით ერთეულმა პიროვნებებმა გამოიყენეს. შეძლებს თუ არა იგივეს გამეორებას "ცეკავშირის" მოქმედი თავმჯდომარე ვანო ქელბაქიანი, რომლის თანამდებობიდან წასვლას, თანამშრომლების ერთი ნაწილის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია ითხოვს?

"ცეკავშირის" რევოლუციურად განწყობილი თანამშრომლების თქმით, კოოპერაციის ძველი დიდებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა, რაშიც მთავარი წვლილი დაწესებულების დღევანდელ ხელმძღვანელობას მიუძღვის. ამასთან, "ცეკავშირის" ხარისხისა და სანიტარული ინსპექციის სამმართველოს უფროსის ტრისტან ხრისელის თქმით, მოქმედი თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ აერჩიათ, წინა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დანიშნა.

[ტრისტან ხრისელის ხმა] "მთელი სისტემა გაიყიდა მიზერულ ფასებში. არსად - არც აუქციონი, არც განცხადება, არც გაზეთი, არც არაფერი. აი, ასე მორიგებებით გაყიდეს მთელი სისტემა. ... ეს მოვიდა კანცელარიიდან, დანიშნეს, რა. არჩევითი კი იყო, მაგრამ დანიშნეს. აი, როცა ის მოვიდა, ადგილიც კი არ იყო მაშინ."

"ცეკავშირის" ხელმძღვანელს ვანო ქელბაქიანს, გადადგომის მოთხოვნით, ცხრამეტმა თანამშრომელმა ჯერ კიდევ 24 ნოემბერს მიმართა. მათ შორის იყო "ცეკავშირის" რეფორმების სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ფერაძე.

[ვასილ ფერაძის ხმა] "მოეგონ გონს და ის მიმართვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავუგზავნეთ - გადადგნენ და დატოვონ სისტემა - აღასრულონ ამ მოკლე ვადაში."
პროტესტს გამოთქვამენ რიგითი თანამშრომლებიც.

[მამაკაცის ხმა] "მზად ვარ, თუ ვინმე გამოვა, ერთ-ერთი მე, ეს ხანდაზმული კაცი ვიქნები. შემიძლია ძალაზე გადავიდე, იმიტომ რომ გამოსაყრელია ეს ხალხი, არაფერს ისინი არ აკეთებენ."
ფერაძისა და მისი თანამშრომლების მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაცათა კოალიცია და თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე ნანული ქაჩიბაიაც უერთდება. საკრებულოს წევრი პროკურატურისა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას თაროებიდან მტვრით დაფარული საქმეების ჩამოღებას, ხოლო "ცეკავშირის" თავმჯდომარეს თანამდებობიდან მშვიდად წასვლას სთხოვს.

[ნანული ქაჩიბაიას ხმა] "თავისი ნებით გააკეთონ განცხადება და გადადგნენ, იმიტომ რომ, როგორც მე ვხედავ, ეს საქმე იმ კონდიციამდეა მისული, რომ მათ ნამდვილად არ ელოდებათ კარგი ბედი."

საინტერესოა, რას ფიქრობს თანამშრომელთა ბრალდებების ადრესატი და "ცეკავშირის" მოქმედი თავმჯდომარე ვანო ქელბაქიანი. ჩემთან საუბარში იგი აცხადებს:

[ვანო ქელბაქიანის ხმა] "კონტროლის პალატაც შემოსული იყო "ცეკავშირში", პროკურატურაც ამოწმებდა ამ საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამოწმებდა, არაერთი პროცესი იყო სასამართლოში, მაგრამ პრაქტიკულად, რა პრეტენზიასაც ისინი აყენებდნენ, არაფერი არ დადასტურდა. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება. კიდევ ვიმეორებ, მე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ ვიღებ, ჩვენთან გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს კრება."

საბჭო, რომელიც 101 წევრისგან შედგება, ასევე წყვეტს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების ან თანამდებობაზე დატოვების საკითხს. იმის გათვალისწინებით, რომ ქელბაქიანი ნებაყოფლობით გადადგომას არ აპირებს, ხოლო საბჭოს წევრთა უმეტესი ნაწილი მისდამი ლოიალურია, "ცეკავშირის" რევოლუციურად განწყობილ თანამშრომლებს "მინი-ხავერდოვანი" რევოლუციის მაინცდამაინც დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ყველაფერი პროკურატურის აქტიურობაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG