Accessibility links

logo-print

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პოსტ-კომუნისტურ სივრცეში რეფორმების შესახებ


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა ყოველწლიური, რიგით მეათე ანგარიში გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მდგომარეობის შესახებ.

მართალია, ევრობანკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გლობალური ეკონომიკა, მათ მაინც ძალიან აშფოთებთ ის, თუ როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მთავრობები. ნინო გელაშვილი გაგაცნობთ ევრობანკის ანგარიშის ზოგიერთ ასპექტს:

ევრობანკის უფროს ეკონომისტ ვილემ ბაუტერის აზრით, ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა და ზოგადად მათი ეკონომიკური პოლიტიკა დღესაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ბაუტერმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს განუცხადა:

111926 [ბაუტერის ხმა]
"მთლიანობაში, იმ 27 ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, საკმაოდ კარგად მიდის საქმე. თუმცა, ამ ქვეყნებს ბევრი რამ განასხვავებთ. და თითოეულ მათგანში, მიზეზთა გამო, ეკონომიკური წინსვლის მამოძრავებელი ფაქტორი განსხვავებული იყო".

და მაინც, ევრობანკის ექსპერტი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეკონომიკის ზრდის ორ ძირითად მიზეზს გამოყოფს, ესენია: მაღალი საერთაშორისო ფასები ნავთობზე და ზოგიერთი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა:

111927 [ბაუტერის ხმა]
"იმ მოწინავე ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში შევლენ, თავად ინტეგრაციის პერსპექტივა და თავისუფალი საფინანსო პოლიტიკა იქცა სტიმულის მიმცემად. ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მსგავს ქვეყნებში ბიძგის მიმცემი ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა გახდა. არც ერთი ამ მამოძრავებელ მიზეზთაგან არ არის მდგრადი, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები გამოვიდნენ არსებული არამყარი ვითარებიდან, როცა არამდგრად ფისკალურ სტიმულანტებს ეყრდნობიან, რომ არსებით ეკონომიკურ ზრდას მიაღწიონ".

ბაუტერი ირწმუნება, რომ ნავთობზე ფასების ზრდა ცუდად მოქმედებს და იმოქმედებს რუსეთში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე. რეფორმები კი მდგრადი განვითარების საფუძველია.

გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთში კარგად ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ისევე, როგორც იმედისმომცემია რუსეთის ელექტროენერგიის სექტორში მიმდინარე რეფორმები. თუმცა, კვლავ შეფერხებებია რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის, ასევე საბანკო სექტორების რესტრუქტურიზაციაში. "იუკოსთან" დაკავშირებული მოვლენები კი უცხოელ ინვესტორებს შეახსენებს რუსეთში არსებული ბიზნეს-გარემოს ჩამოუყალიბებლობის შესახებ.

ევრობანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად უზარმაზარი პრობლემებისა რეფორმების პროცესი კვლავ მიმდინარეობს უკრაინასა და სომხეთში. პროგრესი შეინიშნება ყაზახეთშიც. ბელორუსია კი უზბეკეთსა და თურქმენეთთან ერთად კვლავ რეფორმების ადრეულ ფაზაში იმყოფება.

ევრობანკის ექსპერტები ასკვნიან, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობაში რეფორმების შეფერხებას სახელმწიფო უწყებათა სისუსტე და პოლიტიკური ნების არარსებობა განაპირობებს. ასეთი რამ ყველაზე მძაფრად შეინიშნება საქართველოსა და მოლდოვაში, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამებიც კი შეჩერდა.

საქართველოში ვითარების გაუმჯობესებისთვის ევრობანკი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა: კერძო მეწარმეობის განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში, საგადასახადო სისტემისა და საკანონმდებლო ბაზის რეფორმირებასა და კორუფციის დაძლევაში სახელმწიფო სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ევრობანკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პარიზის კლუბის წინაშე არსებული ვალის შესაძლო რესტრუქტურიზაციის მიზნით აუცილებელია მასშტაბური რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების სფეროში.

ევრობანკის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში უმთავრეს ამოცანად რჩება ელექტროენერგეტიკაში გადახდის დისციპლინის გაუმჯობესება.

ნინო გელაშვილი საუბრობდა ევრობანკის ანგარიშზე, რომელიც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში არსებულ მდგომარებას ეძღვნება. ლრთ
XS
SM
MD
LG