Accessibility links

ბუშის პოპულარობა


სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პოზიციას მიმომხილველები არცთუ სახარბიელოდ აფასებდნენ.

2004 წელი შეერთებულ შტატებში, მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების წელია და ექსპერტთა დიდი ნაწილი მომავალ კენჭისყრაში ბუშის წარმატების შანსებს სულ უფრო ნაკლებად რეალურად აფასებდა. მაგრამ წლის მიწურულს ვითარება მოულოდნელად შეიცვალა: სადამ ჰუსეინის შეპყრობამ, ამერიკის ეკონომიკის მკვეთრმა ზრდამ და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საქმეში სულ ახლახან მიღწეულმა წარმატებამ ისევ გაზარდა ბუშის ადმინისტრაციის აქციები.

[პატრიკ ბაშამის ხმა] "მან წელი აღმავლობის ნიშნით დაასრულა. ბუშისთვის ბოლო ორი-სამი კვირა მეტად წარმატებული გამოდგა. არც ისე დიდი ხნით წინათ საქმე სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. არ მინდა ვთქვა, უიმედოდ-მეთქი, მაგრამ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელი იყო. ძნელი იყო იმის თქმა, რა მოხდებოდა. ახლა კი ბუშის ადმინისტრაციას შეუძლია, თამამად განაცხადოს, რომ - სახელმწიფო უშიშროებისა თუ ეკონომიკის სფეროებში - მისი გეგმები ხორციელდება."

[სკოტ მაკკლელანის ხმა] "ჩვენ შევიპყარით ან მოვსპეთ ალ-ყაიდის ხელმძღვანელობის ორი მესამედი, ასე რომ, წარმატება დიდია. მაგრამ ომი გრძელდება. და ვიმეორებ, იმისთვის, რათა ტერორიზმთან ომში გავიმარჯვოთ და თავიდან ავიცილოთ 11 სექტემბრის მსგავსი მოვლენები, საუკეთესო საშუალებაა, ბრძოლა მტრისავე მიწაზე გადავიტანოთ. სწორედ ეს არის ადმინისტრაციის პოზიცია, რომლიდან გადახვევასაც იგი არ აპირებს."

[ფილის ბენისის ხმა] "ჩემი აზრით, შეერთებულ შტატებში ფეხს განსხვავებული აზრი მოიკიდებს. თანდათან სულ უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ სადამის მოცილება ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. და ვფიქრობ, რომ ბუშის რეიტინგის დროებითი ზრდა ახალი წლის დადგომასთან ერთად თანდათან დაიწყებს დაცემას, რადგან ხალხი დაინახავს, რომ ვითარება სულაც არ არის უწინდელზე უკეთესი."

ასეთი გახლავთ პოლიტიკის კვლევის ლიბერალური ინსტიტუტის თანამშრომლის, ფილის ბენისის მოსაზრება, რომლის აზრით, ერაყიდან 2004 წლის მანძილზე ნაკლებად უნდა ველოდეთ სასიხარულო ამბების მიღებას. პირიქით, წინააღმდეგობის მოძრაობა, შესაძლოა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები თავად ერაყელებს გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ერაყელთათვის გადაცემა მომავალი წლის ივლისშია ნავარაუდევი.
XS
SM
MD
LG