Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ქელეხსაშვილი არ აპირებს პრეზიდენტი გახდეს


ზურაბ ქელეხსაშვილი 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში მესამე ნომერია. იგი პირველად მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო მარათონში,

თუმცა მისი პოლიტიკური პარტია "მძლეველი", სხვა კანდიდატით, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყო წარმოდგენილი. ეს ორგანიზაცია თითქმის ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვება არასდროს დაუგეგმავს და არც ახლა, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, აპირებს ტრადიციას უღალატოს. "მძლეველი" მიზნად ისახავს, არჩევნებში თავისი კანდიდატის ზურაბ ქელეხსაშვილის ჩართვით, მოძრაობის იდეოლოგია ფართო მასებში გაავრცელოს.

1966 წელს დაბადებული ზურაბ ქელეხსაშვილი, განათლებით იურისტი და მუსიკოსი, ეროვნული მოძრაობის დროს იყო წევრი ეროვნული კონგრესისა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენდა.

საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებისა და მოქალაქეთა კავშირის შექმნის შემდეგ ზურაბ ქელეხსაშვილის კარიერაში აღმავლობა იწყება და ის მოქალაქეთა კავშირის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ხდება. სხვადასხვა დროს იყო ამ პარტიის გენერალური მდივნის თანაშემწე და გენერალური მდივნის მოადგილის აპარატის უფროსი. მუშაობდა საქართველოს პარლამენტშიც. პრეზიდენტობის კანდიდატის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები 2001 წელს ხდება.

[ზურაბ ქელეხსაშვილის ხმა] "ჩვენ შორის იყო სრული იდეოლოგიური დისონანსი, რამაც გამოიწვია ჩემი ამ ორგანიზაციიდან წამოსვლა, ანუ, ფაქტიურად, მოხდა ქვეყნის ინტერესების გაყიდვა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ, დაწყებული ბატონი შევარდნაძიდან, დამთავრებული მისი ამჟამინდელი, ეგრეთ წოდებული, გადამტრიალებლებით, ანუ, პრაქტიკულად, ეს ყველაფერი, თუ დღევანდელობას დავუკავშირებთ, იყო ერთი დიდი სპექტაკლი, რომელიც, სწორედაც რომ, ქართველი ერის ინტერესების საზიანოდ დაიდგა ოკეანის გაღმა და განხორციელდა აქ ჩვენი თანამემამულეების თუ თანამოქალაქეების ხელით."(სტილი დაცულია)

პარტიასთან დაკავშირებული იმედების გაცრუების შემდეგ ზურაბ ქელეხსაშვილი, მისთვისაც მოულოდნელად, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანება "მძლეველის" თანათავმჯდომარე ხდება. ამ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებულ "ვარდების რევოლუციამდე" შეაგროვა 1,7 მილიონამდე ხელმოწერა, ხელისუფლების გადადგომისა და კოალიციური მმართველობის შემოღების მოთხოვნით.

[ზურაბ ქელეხსაშვილის ხმა] "ჩვენ, სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ეს იურიდიულ-სამართლებრივი დოკუმენტი ხელთა გვაქვს, არც ერთხელ არ განგვიცხადებია პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე, არამედ გვსურს შევასრულოთ გარკვეული მედიატორის როლი ჩრდილოეთის და დასავლეთის მომხრე პოლიტიკურ ძალებსა და აწ უკვე ორ დამხობილ ხელისუფლებას შორის. იმიტომ რომ საქართველოში, აი, ეს ყველა ვექტორი უნდა იყოს უფლებრივად თანაბრად წარმოდგენილი ხელისუფლებაში დროებითი კოალიციური მთავრობის ფორმატით, შეიქმნას ახალი საარჩევნო კანონი და არა ისე, რომ ჩვენ ვიცით, საქართველოში ვინც ატარებს არჩევნებს, ის იმარჯვებს ამ არჩევნებში."(სტილი დაცულია)

პრეზიდენტობის კანდიდატისა და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის "მძლეველის" მოღვაწეობის უმთავრეს ამოცანად მიაჩნიათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კაპიტალისტური ფორმაციის ახალი სისტემით შეცვლა. ამ ახალი იდეის სახელს და სისტემის მოწყობის პრინციპებს მძლეველები ჯერ არ ახმაურებენ, თუმცა კი მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბოს: ფულის ხალხზე ბატონობა ფულზე ხალხის ბატონობით უნდა შეიცვალოსო.

ზურაბ ქელეხსაშვილი სწორედ ამ იდეების გასავრცელებლად და თანამოაზრეების გასამრავლებლად იყენებს საარჩევნო კამპანიას. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს უფასოდ ეთმობა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერი.

[ზურაბ ქელეხსაშვილის ხმა] "4 იანვარს წყდება არა ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, არამედ წყდება საქართველო იყოს დამოუკიდებელი თუ ის ჩაბარდეს მასონურ დასავლეთს. აი, ეს საკითხი წყდება 4 იანვარს. ჩვენ 200 წელი მოვანდომეთ რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან თავის დახსნას. 200 გრძელი წელი გახდა ამისთვის საჭირო. ახლა, ალბათ, ეს იქნება სამუდამოდ."

და თუ ამომრჩეველი რადიოთი ან ტელევიზიით მოსმენილი ამ ნააზრევის ჭეშმარიტებაში გაერკვევა და ირწმუნებს, მას, ალბათ, 4 იანვარს არჩევანის გაკეთებაც არ გაუჭირდება ზურაბ ქელეხსაშვილის სასარგებლოდ. თუმცა პრეზიდენტობის ეს კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებას თავის უმთავრეს მიზნად არ აცხადებს, მისი რიტორიკა საწინააღმდეგოს მანიშნებელია.
XS
SM
MD
LG