Accessibility links

ახალი ხელისუფლება მცირე ბიზნესის "კრიშად" გახდომას გვპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ სიახლედ ის ინიციატივები იქცა, რომელიც საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააცნეს.

ინიციატივა საგადასახადო ცვლილებებს ეხებოდა და მას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ეკონომიკურ წრეებში.

ამჟამინდელი ხელისუფლების საგადასახადო ნოვაციები ბევრმა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებების გამოხმაურებად აღიქვა. მოქმედი ხელისუფლება საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზებას აპირებს და რამდენიმე გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის. მათ შორის ყველაზე დიდ კამათს იწვევს მიწის გადასახადის გაუქმების პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა თავისი შინაარსით - მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც მიწაზე გადასახადი არ არსებობდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას გლეხებისათვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. სამაგიეროდ, მსხვილ ფერმერებს შეუნარჩუნდებათ მიწის ბეგარა და, რიგ შემთხვევაში, ის, შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც.

ეკონომიკური ექსპერტები ამჟამინდელი ხელისუფლების ახალ საგადასახადო პოლიტიკაში პოპულიზმის ნიშნებს ხედავენ. თუ ამას დავუმატებთ მთელ რიგ შეღავათებს, რომლის ნაწილი 1 იანვრიდან, ნაწილი კი ივლისიდან შევა ძალაში, ექსპერტთა შიში, რომ ისედაც დაძაბული ბიუჯეტი სულ უფრო ძნელი შესასრულებელი იქნება, შესაძლოა, საფუძვლიანიც იყოს.

1 ივლისიდან გაუქმებას დაექვემდებარება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადასახადი, ასევე გადასახადი ეკონომიკური საქმიანობისათვის. ჯანდაცვის ობიექტები გათავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისაგან.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ გაუქმებული გადასახადებისა და შეღავათების სანაცვლოდ და დანაკარგების კომპენსირებისათვის გაძლიერდება ადმინისტრირების ხარისხი. განსაკუთრებული სიმკაცრით ხელისუფლება ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს ბიზნესის დაბეგვრას მიუდგება და შეეცდება ამ სფეროში არსებული კონტრაბანდა ალაგმოს. ამასთან, შეიცვლება ამ პროდუქტების დაბეგვრის რეჟიმი და აქციზი და მოგების გადასახადი გაიზრდება. ამ შემთხვევაშიც არსებობს საფრთხე, რომ საწვავზე საგადასახადო რეჟიმის შეცვლა ამ სტრატეგიული პროდუქტის გაძვირებას და, შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების ზრდას გამოიწვევს.

ყველაზე დიდი დისკუსია გამოიწვია გადასახადმა, რომლის შემოღებასაც ხელისუფლება აპირებს და რომელსაც ჯერ "სიმდიდრის გარეგნული ნიშნების ", შემდეგ კი სოლიდარული გადასახადი ეწოდა. თუ ამ ინიციატივამ კანონმდებელთა მხარდაჭერაც პოვა, საქართველოში სიმდიდრე განსაკუთრებულად დაიბეგრება, ფუფუნება კი არცთუ რენტაბელური გახდება. ჯერჯერობით უცნობია ამ გადასახადის ადმინისტრირების ფორმა და ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მის შემოღებას შეიძლება მოჰყვეს.

გასულ კვირასვე გახმაურდა ერთი ინიციატივა, რომელიც პურზე ფასების რეგულირების მიზნით შეიძლება დაწესდეს. საქმე ეხება ხორბლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას, რაც პურზე ამჟამად არსებული ფასების შესანარჩუნებლად დასჭირდათ.

გასულ კვირასვე ამავე ინიციატივებსა და ბიზნესისადმი დამოკიდებულებაზე სასაუბროდ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ხვდებოდნენ. ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას საგადასახადო კოდექსის გამარტივებასა და ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას სთხოვდნენ.

პრეზიდენტობის კანდიდატიც და სახელმწიფო მინისტრიც დაპირებებს არ იშურებდნენ და უმოკლეს ხანში სიტუაციის რადიკალური ცვლილებების განხორციელებას ჰპირდებოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ერთადერთი მაკონტროლებელი ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესმენების ურთიერთობაში მხოლოდ საგადასახადო დეპარტამენტი იყოს. ამასთან, მთავრობაში შეიქმნება სპეციალური პოსტი - მცირე და საშუალო ბიზნესის ომბუდსმენი, რომელიც იქნება ერთგვარი შუამავალი ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს შორის.

ჟვანიას თქმით, ამ თანამდებობას პირველ ეტაპზე ყოფილი პარლამენტარი ჯამბულ ბაკურაძე დაიკავებს.

ზურაბ ჟვანიას პათოსის იდენტური და, ჩვეულებისამებრ, ემოციური იყო პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ყველა ე.წ. "კრიშა", რომელიც ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფულს სძალავდა, აუცილებლად დაინგრევა. "მთავარი ე.წ. "კრიშა" და ლობისტი ბიზნესმენების ვიქნები მე", - აცხადებს სააკაშვილი, რომელიც, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საზოგადოებას ყველანაირ ხელშეწყობას და დახმარებას ჰპირდება.

სააკაშვილს მხარს უბამს შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე, რომელიც იძლევა დაპირებას, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების წარმომადგენლები არანაირ შემთხვევაში არ შეაწუხებენ ბიზნესმენებს და არ მოსთხოვენ ე.წ. "წილებს". ამგვარ დაპირებას იძლევა ასევე უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც. მისი თქმით, ამიერიდან შს სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო იქნებიან არა ე.წ. "მაშანტაჟებელი" ორგანოები, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის დამცველი სტრუქტურები, რომლებიც ყველანაირად შეეცდებიან ქვეყანაში ნორმალური ბიზნესგარემო შეიქმნას და ამ სფეროს ნორმალური განვითარების საშუალება მიეცეს.

მოკლედ, დაპირებებსა და ბიზნესის გასამხნევებელ სიტყვებს ამჟამინდელი ხელისუფლება ჯერჯერობით არ იშურებს. დაპირებების გარდა, ხელისუფლებას ფისკალური გარემოს გასაჯანსაღებლად აქვს კონკრეტული ინიციატივებიც, რომელიც, მართალია, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, მაგრამ ცვლილებების განხორციელების სურვილის გამო მაინც სიმპათიას იწვევს საზოგადოებაში. თუმცა, თუ ცვლილებები მხოლოდ ცვლილებებისათვის განხორციელდა და ყველა ის ინიციატივა, რომლითაც გასულ კვირას მთავრობა გამოვიდა, რეალურ გათვლებს, ექსპერტიზასა და პროგნოზირებას არ დაეფუძნა, შესაძლოა, მან უკუეფექტიც გამოიღოს ან ,უბრალოდ, მხოლოდ წინასაარჩევნო კეთილ სურვილად დარჩეს.
XS
SM
MD
LG