Accessibility links

ტრადიცია გრძელდება - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ტრადიცია გრძელდება - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა

ასოციაცია წლის ბოლოს სპორტული სეზონის ლაურეატებს ასახელებს. 28 დეკემბერს ქართული სპორტის ელიტა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" შეიკრიბა. სწორედ აქ გაიმართა საქართველოს 2003 წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი. ჟურნალისტებმა საქართველოს N1 სპორტსმენად აღიარეს ელდარ კურტანიძე.

ელდარ კურტანიძე დაიბადა სოხუმში 1972 წლის 16 აპრილს. საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებშია 1992 წლიდან. ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს 4, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 1 მედალი; ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, თითოჯერ - ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. ატლანტისა და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. თვალსაჩინო სპორტული წარმატებებისთვის მიენიჭა ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენები.

1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, ელდარ კურტანიძე ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ამ წლებში, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, კურტანიძე ქართველთაგან პირველი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. ობლის კვერი გვიან ცხვება და ელდარის საქმეც ასე იყო: აფხაზეთიდან ლტოლვილსა და ომში მშობელდაკარგულს, სპორტში არაერთი ტიტულისა და ჯილდოს მფლობელს, მთავარი გამარჯვებების დრო კარიერის მიწურულს დაუდგა. მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ოქროს მედალი კურტანიძემ სამი თვის წინ ნიუ-იორკში მოიგო. "მედისონ სქვერ გარდენში" შარშანდელი ისტორია გამეორდა: ფინალში ელდარი კვლავ ირანელ ალირეზა ჰეიდარის შეხვდა, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ჩვენი ფალავნის უპირატესობა ამჯერად უფრო აშკარა და დამაჯერებელი იყო. ორთაბრძოლის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა ეგრეთ წოდებული ჯვარედინი შეჭიდებისას ელდარმა მეტოქეს წამით დაასწრო და ეფექტური კისრულით ერთბაშად სამი ქულა აიღო. თავად ჩემპიონი ამ ეპიზოდს ასე იხსენებს:

[ელდარ კურტანიძის ხმა] " როდესაც უკვე შერკინება დაიწყო, ყველანაირი უპირატესობა იყო ირანელის მხარეს. იმ მომენტში, როცა მე ილეთი გავუკეთე, წამიერად გაიხედა მსაჯისკენ. იმ მომენტში მე ეს არ შემიმჩნევია. ეს ვნახე ტელევიზიით. როგორც კი მოდუნდა, იმ წამსვე გავუკეთე ილეთი. უბრალოდ, სხვა შანსი არ არსებობდა. ასეთი ეფექტური ილეთი მე მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამიკეთებია."

ვიქტორ სანეევის, ნონა გაფრინდაშვილის, ლევან თედიაშვილის, მაია ჩიბურდანიძისა და გიორგი ასანიძის შემდეგ , ელდარ კურტანიძე მეექვსეა, ვინც სამჯერ აღიარეს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვას უკვე 40-წლიანი ისტორია აქვს და, 1989-91 წლების გამოკლებით, რეგულარულად იმართებოდა. წლევანდელ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 60-მა ჟურნალისტმა. კურტანიძე 31 ანკეტაში პირველ ნომრად დასახელდა, ჯამში კი 537 ქულა დაუგროვდა.

[ელდარ კურტანიძის ხმა] "ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს აღიარება. მე მიხარია, დიდი მადლობა ყველას. ეს სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ ვიბრძოლო მაღალი შედეგებისთვის, რომელიც სახელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და პირადად მე."

ნიუ-იორკში ელდარმა საკუთარ თავს აჯობა და იმაზე მეტი შეძლო, რასაც ყველანი ველოდით, - ამბობს ჩემპიონის პირადი მწვრთნელი გია გალდავა.

[გია გალდავას ხმა] "ბოლო ორი წელი ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ყველა საწვრთნელი შეკრება გაგვევლო და შეჯიბრებებშიც მიგვეღო მონაწილეობა. ამიტომ იყო, რომ შედეგმაც არ დააყოვნა. ელდარი, მართლაც, საუკეთესო ფორმაში იყო და არა მხოლოდ ფიზიკურად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ძალიან ძნელია ჩემპიონობის შენარჩუნება, ყველა შენ გებრძვის. როცა ხალიჩაზე გადიოდა, აქეთ მამშვიდებდა: მე უნდა ვიჭიდაო, შენ ხომ არაო."


გია გალდავა დარწმუნებულია, რომ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს საუკეთესო შედეგი ჯერ არ უჩვენებია და მომავალ ოლიმპიურ თამაშებს იმედის თვალით უყურებს. ასევე ფიქრობს ვეტერანი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე:

[გურამ საღარაძის ხმა] "ელდარის სახელთან ბევრი გამარჯვებაა დაკავშირებული. ჩვენი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია. მან დაამტკიცა, რომ ჭიდაობა მარტო ფიზიკური ძალით კი არ გამოიხატება, გონებაც არის ჩართული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ათენში ასრულდება მისი და ყველა ჩვენგანის ოცნება და ელდარი გამარჯვებული დაგვიბრუნდება."

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული 101 მედლიდან 41 მედალი სწორედ მოჭიდავეთა ანგარიშზე მოდის.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან ჩამოტანილი მედლების უმრავლესობა ასევე მოჭიდავეებს ეკუთვნით. შემთხვევითი არ არის, რომ წლევანდელი რეფერენდუმის ლაურეატთა სიაც, ძირითადად, მოჭიდავეებმა შეავსეს. ათეულში დასახელდნენ: მსოფლიოს ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ევროპის ჩემპიონები -რამაზ ნოზაძე, რევაზ მინდორაშვილი და ნესტორ ხერგიანი, მსოფლიოს თასის მფლობელი მუხრან ვახტანგაძე, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ზურაბ ზვიადაური, საქართველოს ფალავანი ალექსი დავითაშვილი. ათეულში ასევე შევიდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, იტალიური "მილანის", ფეხბურთელი კახა კალაძე და ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი. საუკეთესო გუნდად აღიარებულია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო კონტინენტის გუნდური ჩემპიონატი.
XS
SM
MD
LG