Accessibility links

logo-print

რატომ გადაწყვიტა ასლან აბაშიძემ აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება


მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუცია" მოხდა, ანუ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი გაირკვა, აჭარის ავტონომიის მეთაურმა ასლან აბაშიძემ უამრავი მოლაპარაკება გამართა.

მათი უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის ავტონომიის მონაწილეობის საკითხის გარკვევას უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, აბაშიძის მოკავშირე პოლიტიკური ძალები საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიოდნენ, თუმცა თავად აჭარის მეთაურმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. რატომ?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ 28 დეკემბერს ღამით ადგილობრივი ტელევიზიით გამოაცხადა, აჭარის ავტონომიის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პრობლემები არ შეექმნებაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბაშიძემ არჩევნების აქტიური ბოიკოტირება გადაიფიქრა და მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დათანხმდა. ასლან აბაშიძის ეს გადაწყვეტილება თბილისში 29 დეკემბერს ავტონომიის წარმომადგენელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა გაახმოვანა. მასვე მოუწია პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა აბაშიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის ავტონომიის მონაწილეობისთვის ხელი არ შეეშალა.

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა]

ეს, რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების ქვეყანაზე ზრუნვით ახსნა-გამართლებას. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დასავლეთის სახელმწიფოთა ელჩებმა და სხვა რანგის წარმომადგენლებმა შეასრულეს. როგორც ცნობილია, ასლან აბაშიძეს ძალიან უჭირდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა არჩევნებში აჭარის მონაწილეობას. ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გზით, მან ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარაში კენჭისყრის გასამართად საჭირო პროცედურის განხორციელების საშუალება არ მისცა. და, როგორც ჩანს, ყოველივე ეს გაკეთდა იმისთვის, რისთვისაც სიჯიუტე აჭარის ავტონომიის მეთაურს ადრეც არაერთხელ გამოუჩენია. ესაა ცენტრალური ხელისუფლების დათმობები ავტონომიის ხელისუფლების მიმართ, რაც ჰამლეტ ჭიპაშვილის განცხადებებშიც იკითხება.

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა]

ბოლო წლების მანძილზე, როგორც ცნობილია, ცენტრი ავტონომიისგან საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებას, ანუ ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხების თბილისში გადმორიცხვას, ითხოვდა, თუმცა ბათუმი მოთხოვნებს არ ასრულებდა. ახლა, როგორც ჩანს, ამ საკითხის ბათუმისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტაზეა საუბარი.
როგორც ცნობილია, ბურჯანაძე-დემოკრატებმა პარლამენტშიც არაერთხელ დაუჭირეს მხარი აბაშიძისთვის თავისუფალი ეკონომიკური სივრცის დაწესებას.

ფინანსური ინტერესების გარდა, ასლან აბაშიძისთვის მნიშვნელოვანია სხვა გარანტიებიც. კერძოდ კი, ხელშეუხებლობა მისი ხელისუფლებისა, რომელსაც, ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსული ძალების გარდა, ადგილობრივი საზოგადოებრივი კომიტეტის გააქტიურებამაც შეუქმნა საფრთხე. 29 დეკემბერს ჰამლეტ ჭიპაშვილი რაიმე გარანტიების მიღებაზე საუბარს მოერიდა, თუმცა კი დასძინა, ცენტრი და ავტონომია უფლებამოსილებათა გამიჯვნის აუცილებლობაზე შეთანხმდნენო.
XS
SM
MD
LG