Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი-2-ს რეაქტიული ჭურვებით უტევენ


დავით პაიჭაძე, თბილისი 29 დეკემბრის დილა თბილისში დრამატულად დაიწყო: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის შენობას დილის 5 საათზე რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. დრამა ტრაგედიად იქცეოდა,

გასროლას მსხვერპლი რომ მოჰყოლოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

რუსთავი-2 ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ე.წ. "სოფმშენის" 18-სართულიანი შენობის მე-16-მე-17 სართულებზეა განლაგებული. რუსთავი-2-ს ესროლეს ეზოდან, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე მდებარე საცხოვრებელი სახლებით ოთხმხრივად არის შემოსაზღვრული. სანამ რუსთავი-2-ის ფასადს მოხვდებოდა, ჭურვმა ხუთსართულიან სახლს გადაუფრინა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ჯემალ გახოკიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე თავიანთ კომენტარებში უწინარესად სწორედ თავდამსხმელთა პროფესიონალიზმს აღნიშნავდნენ:

[გახოკიძისა და ბარამიძის ხმები] "დაგეგმილი იყო ეს მშვენივრად, კარგად, პროფესიონალების მიერ და, რაც მთავარია, ისინი რეალურად უშვებდნენ ადამიანის სიცოცხლის საფრთხეს. ყოველ შემთხვევაში, მათი მოქმედებიდან ეს კარგად ჩანს (ჯ.გ)". "ეს განხორციელდა მაღალი პროფესიონალიზმით, საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალების მიერ თანამედროვე რეაქტიული ყუმბარმტყორცნის, ე.წ. "მუხას", გამოყენებით (გ.ბ.)".

საბედნიეროდ, პროფესიონალების ნასროლი მიზანს ცოტათი ასცდა: ჭურვი შენობის კედელს მოხვდა და არა ფანჯარას. 30 სანტიმეტრის სისქის კედელმა ჭურვი შეაკავა და ტრაექტორიაც უცვალა. ჭურვი გარეთ, ფასადზევე, აფეთქდა. იმ დროს რუსთავი-2-ში იმყოფებოდა 20-მდე თანამშრომელი, რომლებიც დილის პროგრამას ამზადებდნენ. ფანჯარას ჭურვი სულ რაღაც 20 სანტიმეტრით ასცდა. მე ვკითხე რუსთავი-2-ის მენეჯერს, ჯანო ჟვანიას, ფანჯარას რომ მოხვედროდა, მიაღწევდა თუ არა ჭურვი ოთახამდე, სადაც ტელეკომპანიის პერსონალი მუშაობას იწყებდა.

[ჯანო ჟვანიას ხმა] "იმ ოთახში ამან გაიარა, ოღონდ მაღლა. ფანჯარაში რომ შევარდნილიყო, მაგის აფეთქების ძალა დახოცავდა ხალხს. ახლა დარტყმა მიიღო კედელმა, კედელი გაიხვრიტა, ჭურვის გულა გაძვრა ოთახში და ჭერში გაიჩხირა, თორემ ფანჯარაში რომ შევარდნილიყო - მტრისას! - აფეთქდებოდა შიგნით. ცხადია, გამიზნული იყო ხალხის დახოცვა, უბრალოდ, ზუსტად ვერ მოარტყეს. ისე, ნასროლს მაგარი პროფესიონალის ხელი ეტყობა."

ჯანო ჟვანიას მატერიალური ზარალის შესაძლო ოდენობაზეც მივმართე შეკითხვით.

[ჯანო ჟვანიას ხმა] "ზარალი მაინცდამაინც დიდი არ არის. კედელმა რომ აიღო დარტყმა, შიგნით ბევრი არაფერი დაზიანებულა. უბრალოდ, ჩამოიქცა ფანჯარა, რომელსაც ჩასვამენ. აპარატურა გადარჩა. აი, ფანჯარაში რომ შემოსულიყო - ფუი ეშმაკს! - მაშინ ვნახავდით ზარალს!"

სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე საბოტაჟის მუხლით აღიძრა და მას უშიშროების სამინისტრო იძიებს. თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი მომხდარს უფრო მძაფრად აფასებს და პოლიტიკურ ტერორს უწოდებს:

[სააკაშვილის ხმა] "ამ პოლიტიკური ტერორის მთავარი მიზანი არის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა და ქვეყანაში ქაოსის შექმნა. თუ მათ ვერ მოახერხეს 4 იანვრის არჩევნების ჩაშლა, თუ ხალხმა აქტიურობით უპასუხა ამ დაშინების მცდელობას, მაშინ 4 იანვრის შემდეგ ახლად არჩეული პრეზიდენტი გაატარებს უმკაცრეს ზომებს ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად."

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომლის შემდეგაც უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ მოკლე ბრიფინგი გამართა. ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ვერ დაიწყებს დეტალების ტელევიზიით აფიშირებას და ვერ გამოამზეურებს მოწმეთა ჩვენებებს. ასეთი საქმეები ორ დღეში არ იხსნება, თქვა მინისტრმა და დასძინა: გამართლდა ვარაუდი, რომ რუსთავი-2 თავდასხმის ერთ-ერთი შესაძლო ობიექტი იყო, რაზეც ორი-სამი კვირის წინ მას უსაუბრია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან.
XS
SM
MD
LG