Accessibility links

logo-print

ირანი გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს თეირანში, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის ქალაქ ბამში პარასკევს მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა 50 ათასამდე გაიზარდოს.

ხოლო ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა, რომ ისტორიული ქალაქი ბამი ორ წელიწადში იქნება აღდგენილი. ანდრო ეულს მოუსმინე

"თუ გავითვაწინებთ იმ ფაქტს, რომ თვითეულ სახლში საშუალოდ 5 ადამიანი ცხოვრობდა, შეიძლება ითქვას, რომ მიწისძვრის მსხვერპლა რიცხვი 50 ათასამდე გაიზრდება", - უთხრა "რეიტერის" სააგენტოს კორესპონდენტს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დღეისათვის უკვე დამარხეს მიწისძვრის შედეგად დაღუპული 28 ათასი ადამიანი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, თიხითა და აგურით აშენებული სახლების 80 პროცენტი, ბამში, მიწასთანაა გასწორებული, ხოლო მრავალი მიმდებარე სოფელი ბოლომდე არც კი შეუმოწმებიათ მაშველებს.

მაშველებმა შეწყვიტეს ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების ძებნა და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ დაზარალებულებს.

სამშაბათს, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავმა მედიკამენტები, აგრეთვე მედიკოსებისა და ექსპერტთა 80-ც კაციანი ჯგუფი ჩაიყვანა ბამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ქერმანში. ადრე, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შვიდმა საბარგო თვითმფრინავმა "სი-130"-მა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა სტიქიით დაზარალებულ რაიონში. სპარსეთის ყურის ექვსმა არაბულმა სახელმწიფომ ოთხასი მილიონი დოლარის გამოყოფა ივალდებულა ირანის უძველესი ქალაქის, ბამის აღსადგენად. გადაწყვეტილება ორშაბათს იქნა მიღებული სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალი ქვეყნების: საუდის არაბეთის, კუვეიტის, გაერთიანებული არაბული საამიროების, ქატარის, ბაჰრეინისა და ომანის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ცვლილებებს ხედავს ირანის პოზიციაში, რასაც შესაძლოა შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობათა გაუმჯობესება მოჰყვეს შედეგად; ირანისა, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა, ადრე, "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა.
"ირანში გარკვეული ძვრები ხდება, ამიტომაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დიალოგისთვის სათანადო ეტაპზე, მომავალში", - განაცხადა კოლინ პაუელმა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ირანის ლიდერები დათანხმდნენ ქვეყნის ბირთვული ობიექტების შემოწმებაზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
XS
SM
MD
LG