Accessibility links

logo-print

4 იანვრის არჩევნები აჭარაში ჩაიშლება?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ბოლო 10 დღის განმავლობაში მეორედ ეწვია ბათუმს. თუ 21 დეკემბერს ბათუმში შეხვედრისას ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძის საუბრის თემა მხოლოდ საპრეზიდენტო

არჩევნებში აჭარის მონაწილეობის აუცილებლობას ეხებოდა, 30 დეკემბერს განხილვის საგნად ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული საბიუჯეტო პრობლემები იქცა.

თბილისსა და ბათუმს შორის საბიუჯეტო დავა წლების მანძილზე არსებობს. მხარეებს ჯერაც ვერ გაურკვევიათ, საბიუჯეტო გადარიცხვების თვალსაზრისით, რომელი მხარეა მოვალე და რომელი - დაზარალებული. ფაქტია ისიც, რომ წინასაარჩევნოდ ზურაბ ჟვანია ბათუმში მხოლოდ საბიუჯეტო პრობლემების მოსაგვარებლად არ ჩასულა - მართალია, ასლან აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 4 იანვარს საარჩევნო უბნები აჭარის მთელ ტერიტორიაზე გაიხსნება, ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ლომისგან მაინც ელის უსიამოვნო სიურპრიზს.
"აბაშიძის შეუფასებლობა არ შეიძლება - ის ძალიან ეშმაკი ადამიანია", - განუცხადა 29 დეკემბრის ინტერნეტგამოცემა "სტრანას" დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის განყოფილების უფროსმა მიხეილ ალექსანდროვმა, რომლის განცხადებითაც, აჭარის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ასლან აბაშიძის თანხმობა არაფერს ნიშნავს. " არჩევნები კი გაიმართება, მაგრამ საკითხავია, როგორ გაიმართება. შესაძლებელია, ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდეს ან ყველამ ერთხმად სააკაშვილის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა," - ამბობს ალექსანდროვი.
პირველი ვერსია - აჭარაში ამომრჩევლის მიერ არჩევნების ბოიკოტირება, როგორც ჩანს, არ გაამართლებს: ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ვინაიდან აჭარაში წინასწარი რეგისტრაცია ვერ ჩატარდა, აჭარის ამომრჩეველთა რაოდენობა არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ანუ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუ 4 იანვარს, აჭარის მასშტაბით, საარჩევნო უბნებში 500 ამომრჩეველი მივა, აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 500 ამომრჩევლით განისაზღვრება. შეგახსენებთ: 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ აჭარის ხელმძღვანელობა ამომრჩეველთა რაოდენობად 290 ათას კაცს ასახელებდა.
სხვა მდგომარეობაა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც წინასწარ რეგისტრაცია მილიონ 800 ათასმა ამომრჩეველმა გაიარა. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ 4 იანვრის არჩევნებზე გამოცხადდება დაახლოებით 900 ათასი ამომრჩეველი. პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარკვეული ძალები 4 იანვრის არჩევნების ჩაშლით არიან დაინტერესებულნი. ასეთი განცხადება 30 დეკემბერს ირაკლი ჩუბინიშვილმა გააკეთა:
[ირაკლი ჩუბინიშვილის ხმა] " ჩვენ გვეშინია, რომ, სხვადასხვა ფაქტორის გამო, 4 იანვარი არ შედგება და ამ ქვეყნის ფეხზე დაყენების პროცესი დროში გაიჭიმება უსაშველოდ და უაზროდ".
როგორც ჩანს, არჩევნების ბედი, მართლაც, ამომრჩევლის აქტიურობაზეა დამოკიდებული, თორემ გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს არ იწვევს: სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 80 პროცენტი უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG