Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტს მუშაობაში წინასაახალწლო განწყობა უშლის ხელს


30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები უნდა განეხილა. ასევე უნდა ემსჯელა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმების რატიფიკაციაზე,

რასაც საქართველოს მიერ რამდენიმე უცხოური კრედიტის აღების საკითხი უნდა გადაეწყვიტა. ფინანსთა სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა ამ საკითხების განხილვას, რადგან მათ დადებითად გადაწყვეტაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის საბიუჯეტო სფეროში არსებული ფინანსური პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარება.

უდისციპლინობით გამორჩეული 1999 წლის მოწვევის პარლამენტი ტრადიციას არც ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ღალატობს და კვლავ ვერ ახერხებს 235 დეპუტატიდან 118 მაინც შეაგროვოს. ამჯერად კანონშემოქმედებით საქმიანობას თავს არიდებენ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი საპარლამენტო ფრაქციები, თუმცა მათ ამაში ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც თანაუგრძნობს. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა 30 დეკემბერს პარლამენტის საგანგებო სხდომის დილის სესიის გახსნა. ეს შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა რევოლუციამდე ხელისუფლების მხარდამჭერმა, ახლა კი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზვიად მუკბანიანმა და ამჟამინდელ მმართველ ძალას სისუსტეზე მიუთითა:

[ზვიად მუკბანიანის ხმა] "თქვენი რევოლუციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, აქ ვიყავი და ვიჯექი ჩემს სამუშაო ადგილას და, თუ ვინმე ვერ უკეთებს ორგანიზებას თავისი თანაფრაქციელების მოსვლას, ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. არ არის კვორუმი და მე მივდივარ სახლში."

ოპოზიციის ეს კრიტიკა ურეაქციოდ არ დატოვა პოზიციამ და ხათუნა ხოფერიამ ზვიად მუკბანიანს თბილისის ქუჩებისთვის დამახასიათებელი პასუხი გასცა:

[ხათუნა ხოფერიას ხმა] "მე მგონი, შენთვის იმის ფუნქცია, რო აქ რაღაცა კონტროლი დააწესო, შიგადაშიგ წაიიაზვო, არავის არ მოუცია, რა. საიაზვოდ დროც გგქონდათ და ადგილიც გქონდათ, რა... ძალიან გთხოვთ ეხლა საქმეს მოვეკიდოთ უფრო პასუხისმგებლობით და, ბატონო გიგი, ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას. იქნებ 15 წუთი დავიცადოთ. იცით, როგორი მდგომარეობაა ქუჩებში. ბევრი მათგანი რეკავს, რაღაც საცობებშია მოხვედრილი." [სტილი დაცულია]

ხათუნა ხოფერიას ამ "საქმიანი" განცხადებიდან 15 წუთიც გავიდა და საათებიც, მაგრამ პარლამენტმა საღამოს 4 საათზეც ვერ შეძლო კვორუმის შეგროვება. კვორუმის ქაღალდზე შეგროვება მმართველმა საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ საღამოს 6 საათზე მოახერხა თბილისის ბაზრობებთან არსებულ საგზაო საცობებში ჩარჩენილი თანამოაზრეების სადეპუტატო ბარათების ინტენსიური გამოყენებით. ასეთ პირობებში, ძნელი სავარაუდოა, მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე სერიოზული მსჯელობა შეძლონ.

არადა, განსახილველია ცვლილებების უზარმაზარი პაკეტი. მე შევეცადე ფინანსთა მინისტრისგან შემეტყო მის მიერ მომზადებული ცვლილებების ძირითადი არსი, თუმცა ზურაბ ნოღაიდელმა მოუცლელობა მოიმიზეზა.

ამის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივების კომენტირება ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" მომწყობი მთავარი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს რომან გოცირიძეს ვთხოვე.

მასთან არაოფიციალური სატელეფონო საუბრიდან გაირკვა, რომ გოცირიძე დიდად არ ჩაღრმავებია ნოღაიდელის მიერ სტიქიურად მომზადებულ კანონპროექტებს. იმ იმედით, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მაინც იმსჯელებდა რევოლუციურ ცვლილებებზე საგადასახადო სისტემაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოდარ ჯავახიშვილს დავუკავშირდი. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ კომიტეტშიც კი არ განუხილავთ ფინანსთა მინისტრის მიერ მომზადებული ცვლილებები, ისე აღმოჩნდა ისინი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში.

[ნოდარ ჯავახიშვილის ხმა] "ეს პაკეტი არ იძლევა ერთიან ხედვას - რა უნდა ამ სახელმწიფოს, რას აშენებს. ლაპარაკია, ვთქვათ, მიწის გარკვეული ნაკვეთების გადასახადისგან გათავისუფლებაზე. ვითომ ამით რაღაცა შეღავათი კეთდება, მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვა რამე ხდება. ვათავისუფლებთ, ვთქვათ, ხორბალს საბაჟო გადასახადისგან, ანუ გლეხს, კახელ გლეხს, ვტოვებთ ერთი ერთზე ამერიკელ ფერმერთან კონკურენციისთვის, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია და ეს არის დამღუპველი."

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ხორბლის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას პურზე ფასის მომატების საშიშროებით ხსნის. თუმცა დამწყებ ეკონომისტსაც მოეხსენება, რომ პროდუქტის ფასს მხოლოდ საბაჟო გადასახადი არ განსაზღვრავს და მისი ფორმირება თავისუფალი ბაზრის მიერ სხვა პრინციპებით ხდება. ხორბლის დაბეგვრის რევოლუციური რეჟიმის მომზადების მსგავსადაა შექმნილი საგადასახადო კოდექსში შესატანი სხვა ცვლილებებიც.
XS
SM
MD
LG