Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს ხელისუფლება ქამელეონებს?


საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები შობა-ახალწელს დაემთხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 იანვარს ჩვენს მოსახლეობას ნაბახურევზე მოუწევს საარჩევნო უბნებში მისვლა. მაგრამ ზოგიერთ ქართველ

პოლიტიკოსს თავის ტკივილი ნაბახურევზე ახალი წლის დადგომამდე აწუხებს. მე ვესაუბრე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ფსიქოლოგ მაია ნადირაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი განცდა "პოსტრევოლუციური სინდრომია."

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა. არ ახდა იმ პოლიტიკოსების წინასწარმეტყველება, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ მოსახლეობას ქვეყნის დაშლით, ნგრევითა და ქაოსით აშინებდნენ. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკოსები არ მოელოდნენ რევოლუციური ტრიუმვირატის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ასეთ სწრაფ ადაპტაციას, პარლამენტის ერთსულოვნებას...

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მაია ნადირაძეს, თავდაპირველად იმ პოლიტიკოსებზე ვკითხე, რომლებიც რევოლუციამდე მიხელ სააკაშვილს "ფაშისტს", "ფსიქიკურად დაავადებულს" უწოდებდნენ, ახლა კი საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე "ხავერდოვანი ტონით" საუბრობენ და თანამშრომლობენ კიდეც მასთან. მაია ნადირაძის აზრით, ასეთი ქამელეონების სიჭარბე ყოველთვის ახასიათებდა ქართულ პოლიტიკას:

[მაია ნადირაძის ხმა] "პოლიტიკა ზუსტად ის სფეროა, სადაც ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებაც წარმატებას ვერ მიაღწიეს თავიანთ პროფესიაში... ჩვენს ქვეყანაში პროფესიის არჩევაც ძალიან არასერიოზულად ხდებოდა. ბავშვები, რომლებიც ოჯახში არიან დაჩაგრულნი, თუ მათ ეძლევათ საშუალება გამოვიდნენ ასპარეზზე, ფსევდოლიდერის თვისებებით გამოირჩევიან... გამოჩნდა ეს ასპარეზი, სადაც არის ტოტალური უვიცობის აღლუმი."

არ არის გამორიცხული, რომ "უვიცობის ამ აღლუმში" გარკვეული პოლიტიკური ძალები აცნობიერებენ სააკაშვილის პოპულარობას და, უბრალოდ, ვერ ბედავენ ხალხთან დაპირისპირებას. მაია ნადირაძე ამ ტენდენციას სახიფათოდ მიიჩნევს. მისი აზრით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის საზოგადოების ინფანტილიზმი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია:

[მაია ნადირაძის ხმა] "მე ერთხელ გულწრფელად ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე იმდენს აქებენ და არავინ ცუდს არ ამბობს, რომ მე ამან სერიოზულად შემაშფოთა. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა... ქარიზმატული ლიდერი სჭირდება საზოგადოებას, რომელსაც უნდა თავისი პასუხისმგებლობა გადააბაროს სხვას, უნდა, რომ არაფერი გააკეთოს, ერთხელ მივიდა მიტინგზე და უნდა, რომ დაგაყვედროს."

მაია ნადირაძე აღიარებს, რომ ხელისუფლებას, რაოდენ პოპულარულნიც არ უნდა იყვნენ მისი ლიდერები, სჭირდება ოპოზიცია - მათ შორის, რადიკალური... და სჭირდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიული საზოგადოების ილუზია შექმნას... სჭირდება პრაგმატული მიზნებისთვის... თუ არ იქნება მოწინააღმდეგის სახე (თუ გნებავთ, ამას "მტრის ხატი" დავარქვათ), საზოგადოებაში არ იქნება მობილიზაცია და ახალი ხელისუფლება ნელ-ნელა დაკარგავს პოპულარობას.

[მაია ნადირაძის ხმა] "რომლებიც აგრძელებენ ჩვენს წინააღმდეგ თავიანთ კამპანიას... პატივისცემა მაქვს, რადგან ინარჩუნებენ თავიანთ სახეს მაინც, და გარწმუნებთ, რომ თუ კიდევ... და ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება მობილიზაცია ამ არჩევნებთან დაკავშირებით, წმინდა მოტივაციურად აღიზიანებენ ჩვენს ამომრჩევლებს - "ეი, საფრთხე კიდევ არის"... და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ადაპტირებას და შემოძრომას... ეს ძალიან საშიშია. ბურჟუაზიული რევოლუციის დროს რუსეთში კონტრრევოლუცია იმიტომ მოხდა, რომ თვითონ მოექცნენ ალყაში, ყველას შეურიგდნენ.... რევოლუციას ყოველთვის აქვს ეს საფრთხე."(სტილი დაცულია)

სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოსტრევოლუციური სინდრომი აშკარაა და თავის ტკივილი დღეს ხელისუფლებას უფრო აწუხებს: როგორ უნდა მოექცეს ტრიუმვირატი "პოლიტიკოს-ქამელეონებს" - თავი მოიკატუნოს და ირწმუნოს მათი სახეცვლილება, თუ ახლოს არ მოუშვას და ასე გააძლიეროს, უფრო მეტიც - გააერთიანოს თავის წინააღმდეგ? ქართულ ტრადიციებს და, საერთოდ, ადამიანის ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, ახალი ხელისუფლება, ალბათ, მაინც პირველ გზას დაადგება. ადამიანებს უყვართ, როცა მათ აქებენ ხოლმე - მით უმეტეს, ახალი წლის დღეებში, როცა სუფრაზე ყველას უყვარს ერთმანეთი და, მით უმეტეს, მაშინ, როცა ახალი წლის შეხვედრას საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოჰყვეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG