Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვლილი 2003 წლის მიმოხილვა: კრიზისი ირანისა და ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა განვაგრძობთ განვლილი 2003 წლის მნიშვნელოვან მოვლენათა მიმოხილვას. დღეს ვისაუბრებთ იმ კრიზისზე, რაც ირანისა და ჩრდილოეთი კორეის ბირთვულმა პროგრამამ გამოიწვია. ირანში, კრიზისი დროებით მოგვარდა,

როცა თეირანმა უფლება მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წინაწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმონ ირანში ნებისმიერი ბირთვული ობიექტი. რაც შეეხება კრიზისს ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ამ საქმეს ცუდი პირი უჩანს.

ყველაზე დიდი ხმაური გასულ წელს ირანის ბირთვულმა კრიზისმა გამოიწვია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოითხოვა, რომ თეირანმა თავისი ბირთვული ობიექტების შემოწმების უფლება მისცეს ექსპერტებს და თან წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოადგინოს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ორივე ეს მოთხოვნა შედეგი იყო ზეწოლისა ვაშინგტონის მხრიდან. აშშ არ გამორიცხავს იმას, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნა აქვს განზრახული. წლის ბოლოს, ირანი ორივე მოთხოვნის შესრულებაზე დათანხმდა. ატომური ენერგიის სააგენტომ ამასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიესალმება იმ ფაქტს, რომ "ირანი მზადაა თანამშრომლობისა და საჯაროობისთვის" მომავალში. ხსენებული სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ ამ რეზოლუციას ბირთვული გაუვრცელებლობის გამარჯვება უწოდა [მოჰამედ ელ-ბარადეის ხმა]: "მეტად ნასიამოვნები ვარ დღევანდელი რეზოლუციით. ეს ძალას მმატებს ჩვენი მიზნის მისაღწევად, როცა დავრწმუნდებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს, ბირთვული გაუვრცელებლობის მიზანს ემსახურება, ვინაიდან გმობს უკანონო ქმედებებს და აკონკრეტებს, რა უნდა გაკეთდეს მომავალში".

მაგრამ, საგანგაშო ისაა, რომ ირანი კვლავაც უარს ამბობს სამუდამოდ შეწყვიტოს და არა "დროებით" ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით ქვეყანაში აქამდე ფარულად განხორციელებული საქმიანობა. თეირანი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მისაღებად 6 რეაქტორის აშენება აქვს განზრახული, რისთვისაც საკუთარი საწვავი უნდა აწარმოოს, და სწორედ ამიტომ ესაჭიროება გამდიდრებული ურანი. ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ ირანს - სამუდამოდ შეწყვიტოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

ყურადღების ცენტრში იყო გასულ წელს ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამაც. დაიწყო რა 2003 წელი, ფხენიანს რამდენიმე კვირის გაძევებული ჰყავდა უკვე ქვეყნიდან განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები. პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცეულმა ფხენიანმა გამოაცხადა ამასთანავე, რომ გამოდის 1968 წელს დადებული ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან, რამაც განგაში გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ბევრ სხვა სახელმწიფოშიც. პრეზიდენტ ბუშის მაშინდელმა პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა ფხენიანის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობის პროვოცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯი უწოდა [არი ფლაიშერის ხმა]: "ვფიქრობ სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ გადაწყვიტა თვალი აუხვიოს მსოფლიოს. ჩრდილოეთი კორეის ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების წინააღმდეგ არაა გადადგმული. ესაა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მსოფლიო ერთ მუშტადაა შეკრული, ხოლო ჩრდიდლოეთი კორეა - იზოლაციაშია".

სულ მალე ფხენიანმა გამოაცხადა, რომ კვლავ აამოქმედებს ბირთვულ რეაქტორს, რომელიც 1994 წელს იქნა გაჩერებულიმას შემდეგ, რაც აშშ და სხვა ქვეყნები დათანხმდნენ - ენერგიის ალტერნატიული წყარო მიაწოდონ ჩრდილოეთ კორეას.

აშშ სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით ცდილობდა იმთავითვე ზეწოლის მოხდენას ფხენიანზე, რათა ჩრდილოეთ კორეას შეეწყვიტა თავისი ბირთვული შეიარაღების პროგრამა. სწორედ ამ მიზნით მოეწყო 2003 წელს 6-მხრივი მოლაპარაკება კორეის ორი სახელმწიფოს, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და იაპონიის მონაწილეობით. თუმცა, ამ დიალოგს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია, და უწინარესად იმიტომ, რომ ჩრდილოეთი კორეის მთავარ სავაჭრო პარტნიორს - ჩინეთს -არ სურს, ეკონომიკური სანქციებით დაემუქროს ფხენიანს, თუკი ეს უკანასკნელი უარს იტყვის თანამშრომლობაზე. ვაშინგტონი გამორიცხავს ძალის გამოყენების, მაგალითად ჩრდილოეთი კორეის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესაძლებლობას, ვინაიდან ეს ომს გამოიწვევს კორეის ნახევარკუნძულზე.
XS
SM
MD
LG