Accessibility links

logo-print

ლეონიდ კუჩმას მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა


ანდრო ეული, პრაღა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ 30 დეკემბრის სხდომაზე დაადგინა, რომ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას შეუძლია მესამე ვადით იყაროს კენჭი ოქტომბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ კუჩმა პირველად 1994 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. მეორე ვადას ლეონიდ კუჩმა მომავალ წელს ამოწურავს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

ხსენებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პარლამენტის 100 დეპუტატმა კონსტიტუციის ოფიციალური ინტერპრეტაცია მოითხოვა.

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება იქნეს არჩეული.
კუჩმა ორჯერ - 1994 წლის ივლისსა და 1999 წლის ნოემბერში აირჩიეს პრეზიდენტად. უკრაინის კონსტიტუცია 1996 წლის ივნისში იქნა მიღებული.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ამჟამინდელი კონსტიტუციის შესაბამისად კუჩმა მხოლოდ ერთხელ იქნა არჩეული და, ამდენად, შეუძლია მეორე ვადით იყაროს კენჭი. საკონსტიტუციო სასამართლომ 30 დეკემბრის სხდომაზე დასაბუთებულად მიიჩნია უკრაინელი დეპუტატების პოზიცია. ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ კუჩმას მესამე ვადით სურს კენჭისყრა.

აი რა განაცხადა უკრაინის ოპოზიციური, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ანატოლი მატვიენკომ [ანატოლი მატვიენკოს ხმა]: "როგორ მოხდა ახალი წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუპატიურება - ვფიქრობ ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ შედევრს. რამდენადაც ვიცი, კანცელარიის უფროსი ვიქტორ მედვედჩუკი სასამართლოს ყოველ წევრს შეხვდა. ჩემის აზრით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაწყებულია ახალი პოლიტიკური ავანტიურა. კუჩმას პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენებენ მესამე ვადით. იგი უარს იტყვის. ხალხი - ხვეწნას დაუწყებს. მუშები შეხვედრებს, მიტინგებს, დემონსტრაციებს მოაწყობენ. კუჩმა დაინახავს, როგორ ეთაყვანება მას ყველა და დათანხმდება მესამე ვადით იყაროს კენჭი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი არჩევა პარლამენტის მიერ 2004 წელს, უკვე დაწყებულია".

უკრაინის პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. მაგრამ, 24 დეკემბერს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კონსტიტუციაში შესწორება იქნეს შეტანილი, რათა პრეზიდენტი ამიერიდან პარლამენტმა აირჩიოს. შესწორება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს ამასთანავე დამტკიცებული.

თუმცა, მრავალი მიმომხილველი დარწმუნებულია იმაში, რომ ხსენებული შესწორება, თუნდაც საბოლოოდ დამტკიცებული, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც ვერ შევა ძალაში.

მთელ რიგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პრეზიდენტებმა, კონსტიტუციით გათვალისწინებული შეზღუდვების მიუხედავად ადვილად შესძლეს თავიანთი სავარძლების შენარჩუნება. მაგალითად, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში რეფერენდუმები ჩატარდა საპრეზიდენტო ვადების გასაგრძელებლად. ყაზახეთში საერთოდ გაუქმდა პრეზიდენტის მაქსიმალურ ასაკსა და ვადებზე დაწესებული საკონსტიტუციო შეზღუდვები. ვასილ ონოპენკო, რომელიც იურიდიულ კომიტეტს თავმჯდომარეობს უკრაინის პარლამენტში, აცხადებს, რომ ის, რაც ყაზახეთში მოხდა შესაძლოა უკრაინაში განმეორდეს.

ოპოზიციური დაჯგუფებები, უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას კორუფციასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG