Accessibility links

logo-print

რამდენი საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს მეთვალყურეობას 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს


4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აკრედიტებულ საერთაშორისო მეთვალყურეთა რაოდენობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს როგორც კენჭისყრის პროცედურის დემოკრატიულად ჩატარებას,

ასევე არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს. თუმცა, საქართველოში ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა არჩევნების ლეგიტიმურობა სერიოზული კითხვის ქვეშ დადგეს. მიუხედავად ამისა, 4 იანვრის კენჭისყრის მეთვალყურეობა 600-მდე საერთაშორისო დამკვირვებელს აქვს გადაწყვეტილი.

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს უკვე ესტუმრა და 3 იანვარს კიდევ ეწვევა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სულ 130, ხოლო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 430 დამკვირვებელი. ესენი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიებია საერთაშორისო ორგანიზაციების ანალოგიურ მისიათა შორის.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აჭარის ავტონომია საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს აღარ გამოუცხადებს, კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობას საფრთხეს მხოლოდ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა უქმნის. ასეთ ვითარებაში საერთაშორისო დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ძირითადი მიმართულება სწორედ ამომრჩეველთა სიები და რეგისტრაციის პროცედურებია.

უშუალოდ კენჭისყრის დღეს მეთვალყურეობასთან ერთად, ეუთოს გრძელვადიანი მონიტორები წინასაარჩევნო პროცესსაც აკვირდებიან. ამ მიზნით ეუთოს ორ-ორი მეთვალყურე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს მივლენილი - მათ შორის, აჭარის ავტონომიაშიც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივნის გივი ორდენიძის განცხადებით, ეუთოს დამკვირვებლებს ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მუშაობისას ჯერჯერობით პრობლემები არ ჰქონიათ, ერთი გამონაკლისის გარდა.

[გივი ორდენიძის ხმა] "მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენ ჩასული ვიყავით რუსთავში და რუსთავის გრძელვადიანი დამკვირვებელი მოვიდა ჩემთან და თქვა, რომ საოლქო კომისიაში შესვლასთან დაკავშირებით ჰქონდა რაღაც პრობლემა. იქვე დავუკავშირდით საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და მოგვარდა ეს პრობლემა ისე, რომ სერიოზული გართულება არ მოჰყოლია."

დადებითად აფასებს წინასაარჩევნო პერიოდს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც, თუმცა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის ურდურ გონასდოტირის განცხადებით, ისინი შეწუხებულნი არიან იმით, რომ ამომრჩევლებს რეგისტრაციისთვის მცირე დრო ჰქონდათ დარჩენილი.

[ურდურ გონასდოტირის ხმა] "ჩვენ გვესმის, რომ სხვა გამოსავალიც არ იყო, რადგან ამ არჩევნებს წინ უძღოდა არაორდინალური მოვლენები. ამიტომ ჩვენ არ ვცდილობთ ცენტრალური საარჩევნო კომისია გავაკრიტიკოთ, არამედ, უბრალოდ, შექმნილ რეალობას აღვნიშნავთ."

ეუთოს წუხილს იწვევს ის ფაქტიც, რომ აჭარაში გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული პრესის ზოგიერთ საშუალებაზე და შეწყვეტილი იყო ზოგიერთი ტელეარხის ტრანსლიაციაც. ეუთოს წარმომადგენელი ჯერჯერობით სხვა დარღვევებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაწეული დახმარების მიუხედავად, ეუთოს დამკვირვებელთა მისიაში არ შედის უშუალოდ არჩევნების პროცესის წარმართვაში ჩარევა. თუმცა კი, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დამკვირვებელს უფლება აქვს საარჩევნო კომისიას აღმოჩენილ დარღვევებსა და მისი გამოსწორების გზებზეც მიუთითოს.

ეუთოს, ისევე როგორც დსთ-ს, დამკვირვებლები 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშს არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაქვეყნებენ.
XS
SM
MD
LG