Accessibility links

რა ხდება საქართველოში 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჰიდრომედცენტრის ცნობით, 4 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შესაბამისად, ეჭვი, რომ უამინდობა ამომრჩევლის აქტიურობაზე უარყოფითად აისახებოდა,

არ მართლდება. წესით და რიგით, 4 იანვარს საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის სიმცირე არ იქნება - ასეთი პროგნოზი კეთდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომლის მიმართაც ყურადღებაც და იმედებიც საკმაოდ დიდია. რა ხდება საქართველოში 4 იანვრის არჩევნების წინ?

ბობოქარი და მხიარული ახალი წლის შეხვედრის შემდეგ, მესამე დღეა, თბილისში სიცოცხლე თითქოს ჩაკვდა - ქუჩაში კანტიკუნტად ჩანან გამვლელები, მანქანების სიმრავლით გამორჩეული გზებიც ცარიელია. ოპტიმისტების განმარტებით, თბილისელები ახალი წლის ზეიმის შემდეგ ისვენებენ, რათა 4 იანვარს "ნათელი გონებით" მივიდნენ საარჩევნო უბნებში არჩევანის გასაკეთებლად. პესიმისტების პროგნოზით კი, არჩევნებზე ამომრჩევლის აუცილებელი რაოდენობა არ მივა, მაგრამ არჩევნები მაინც შემდგარად გამოცხადდება, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ასეა თუ ისე, ყველანი 4 იანვრის არჩევნების მოლოდინში ვართ. მცირე სტატისტიკური მონაცემები: ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში ეუთოს წევრი 18 ქვეყნის 474 წარმომადგენელი გაუწევს მონიტორინგს. დსთ-ს 10 ქვეყნიდან არჩევნებზე 90 დამკვირვებელია მოვლინებული. რეკორდულია აკრედიტებული უცხოური და ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობა: არჩევნებს 963 ჟურნალისტი გააშუქებს. მართალია, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, მაგრამ, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" ცნობით, დანამდვილებით ცნობილია, რამდენი წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას: ასეთი კატეგორიის ამომრჩევლის რაოდენობა 2 ათასს აღემატება. მათ შორის იქნება სპორტკლუბ "დინამოს" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც, რომელიც წინასწარი დაკავების საკანში სწორედ ნოემბრის მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა.
განსაკუთრებული დღე ელით 4 იანვარს სამართალდამცველ ორგანოებს - შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულნი. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობებით, უშიშროების სამინისტრო ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ქვეყნის გარედან დაფინანსებული გარკვეული ძალები დივერსიების გზით არჩევნების ჩაშლას გეგმავენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 4 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, რამდენიმე ოლქში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმართება. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება არჩევანი ეწოდოს სიტუაციას, როცა რამდენიმე ოლქში უალტერნატივო არჩევნებია: მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ნაწილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, მაგალითად, ქუთაისელებს, არჩევანის საშუალება არ ექნებათ - იქ მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის სახელი იქნება.
ამ დროისთვის შემცირდა პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობაც - არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე თავისი კანდიდატურა მოხსნა ზურაბ ქელეხსაშვილმა, რომელიც არჩევნებს უსამართლოს უწოდებს.
XS
SM
MD
LG