Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უქმნის საფრთხეს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ობიექტურად ჩატარებას


4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ საფრთხედ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ამომრჩეველთა შესაძლო დაბალ აქტივობას ასახელებენ.

თუმცა, ამის გარდა, არის სხვა იურიდიული თუ პროცედურული ნიუანსები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ობიექტურად ჩატარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მარტივ მაგალითად გამოდგება ისიც, რომ სახელმწიფო ტელევიზია, რომელიც ვალდებულია პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს თანაბარი დრო დაუთმოს, საინფორმაციო გადაცემების დიდ ნაწილს მხოლოდ ერთ კანდიდატს უძღვნის.

სატელევიზიო დროის არათანაბრად განაწილება არჩევნების ობიექტურად და დემოკრატიულად ჩატარების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც მოითხოვდა პრეზიდენტობის კანდიდატი ქართლოს ღარიბაშვილი თავისი კონკურენტის მიხეილ სააკაშვილის არჩევნებიდან მოხსნას. 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ჩვენი შეფასებით, ყველა კანდიდატი ჩაყენებული იყო თანაბარ პირობებშიო:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "მათ გამოყოფილი ჰქონდათ თავისუფალი დრო სახელმწიფო ტელევიზიაში. რაც შეეხება ქართლოს ღარიბაშვილის მიერ დასმულ საკითხს, იგი განიხილა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და გადაწყვეტილებაც მიიღო. გადაწყვეტილება კი მდგომარეობს იმაში, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მოხსნა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა."

ხმების უმრავლესობით მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები არჩევნების შედეგების ობიექტურობის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ბეიკერის გეგმით ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 5 ადგილი ბურჯანაძე-დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შეავსეს და არც ადრე ოპოზიციისთვის გამოყოფილ კვოტაზე თქვეს უარი. ქართველ ლეიბორისტთა ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "დღეს სააკაშვილს ჰყავს საარჩევნო კომისიებში 8 წევრი, ამიტომ რასაც უნდათ, იმას დაწერენ, არავითარი აზრი არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათ ხელშია პოლიცია, პროკურატურა, უშიშროება, ეროვნული ბანკი, მთელი ფინანსური რესურსი, ჯარი, ადმინისტრაციული რესურსი..."

არჩევნების შედეგის ობიექტურობისა და ლეგიტიმურობის კიდევ ერთ მთავარ საფრთხეს ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრა, რეგისტრაციის წესი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ამომრჩეველთა ბედია.

ზურაბ ჭიაბერაშვილი თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ამომრჩეველთა სიების მკვდარი სულებისგან გაწმენდას ასახელებს. თუმცა მისივე დამსახურებაა სიებიდან ცოცხალი სულების გამოდევნაც.
მარტივ მაგალითს დავასახელებ: თუ თქვენ 18 წელი შეგისრულდათ და წინასწარი რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზების გამო არ გაიარეთ და არც საპრეზიდენტო არჩევნებზე აპირებთ მისვლას, თქვენ ამომრჩევლად არ ჩაითვლებით. ეს იმის მიუხედავად, რომ 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს საარჩევნო უფლებას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს.

თუ დანარჩენ საქართველოში, აჭარის გარდა, წინასწარი რეგისტრაციისას 1 მილიონ 735 ათასი ამომრჩეველი აღირიცხა, საარჩევნო უფლების გარეშე დარჩენა მასობრივად ემუქრება აჭარის მოსახლეობას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ის 4 იანვარს არჩევნებზე მისვლას დაიზარებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარი:

[ჭიაბერაშვილის ხმა] " ერთდროულად, პარალელურად იმისა, რომ აჭარაში ამომრჩეველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მოხდეს მისი რეგისტრაცია ამავე დროს და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ აჭარის 6 საარჩევნო ოლქიც მოხვდეს იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელშიც იმყოფება დანარჩენი 69 ოლქი." (სტილი დაცულია)

ასე არ ფიქრობს აღორძინების კავშირის წარმომადგენელი ცოტნე ბაკურია და აცხადებს, რომ აჭარაში ამომრჩეველთა აღრიცხვა კარგა ხანია დამთავრდა და ამომრჩეველთა რაოდენობამ დაახლოებით 300 ათასი კაცი შეადგინა.

თუ ამ ციფრებს გავაანალიზებთ, საკვირველი სურათი იხატება. საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგად, ჩვენს ქვეყანაში 4 მილიონ 400 ათასი კაცი ცხოვრობს და რახან ამომრჩევლის უფლების მქონე, ანუ 18 წელს მიღწეული, მხოლოდ 2 მილიონია, საქართველოს მოსახლეობა კატასტროფულად გაახალგაზრდავებულა.
XS
SM
MD
LG