Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციულად, ქართული პრესა საახალწლოდ გასული წლის შეფასებითა და ყველაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ტრადიციულად, ქართული პრესა საახალწლოდ გასული წლის შეფასებითა და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზით იყო დაკავებული. 2003 წელს 31 დეკემბრის "დილის გაზეთი" ნოემბრის რევოლუციის წელიწადს უწოდებს.

გაზეთი ქრონოლოგიურად შეახსენებს მკითხველს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები საქართველოში 2-დან 23 ნოემბრამდე. ფაქტების მშრალად ჩამოთვლის შემდეგ "დილის გაზეთი" დაასკვნის:

23 ნოემბერს დამთავრდა დიდი ეპოქა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა. "დიდი" არა ქრონოლოგიურად, არამედ სულიერ "ტეხილთა" სიმრავლითა და საზოგადოებრივი ცხოვრების ევოლუციის მასშტაბურობით.
რა თქმა უნდა, ავტორმა შესანიშნავად იცის: "ხავერდოვანი რევოლუციის პროცესში მრავალი შინაგანი მექანიზმი, ქვედინება, დაფარული ფაქტორი და მოტივაცია მოქმედებდა, რომლებიც მომხდარს რომანტიკულობის ელფერსა და ორეოლს აცლიან, მაგრამ კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ არც რევოლუციები და არც თვით პროგრესი ამგვარი მოტივაციების გარეშე არ კეთდება. მთავარია, მოსახლეობას სწამდეს, რომ მან გაიმარჯვა და არ შეირყვნეს მისი ბავშვურად გულუბრყვილო შთაბეჭდილება.
აკი ჯერ კიდევ დიდი ტალეირანი ბრძანებდა: მადლობა ღმერთს, ფრანგმა ჯარისკაცებმა ყველაფერი არ იციან თავისი სამშობლოს შესახებ, თორემ მისთვის თავს არ გაწირავდნენო."



29 დეკემბრის გაზეთ "მიმომხილველის" 2003 წლის 11 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: "ვარდების რევოლუცია", ქართველი ლამაზმანის მის მსოფლიოს ოცეულში შესვლა; საპარლამენტო არჩევნები; ჯაბა იოსელიანის გარდაცვალება; სარიშვილის მიერ ედპ-ის რიგების დატოვება; "ახალი ტიპის" პატიმრების გაჩენა - იგულისხმება მერაბ ჟორდანია; ჩუბაისი და "რაო-ეესი"; ავაქსი ნატოდან და საქართველოში ელჩად რიჩარდ მაილსის დანიშვნა.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროგნოზს 2004 წლისთვის - ამის თაობაზე 3- დეკემბრის გაზეთ "ტრიბუნიდან" შეიტყობთ. მაგალითად, პარლამენტარ ალეკო შალამბერიძის პროგნოზით:



"2004 წელს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. პირველი - გადაწყდება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი და ეს პროცესი უკვე რეალურად დაიწყება. მეორე - მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები, შემცირდება გადასახადები და განხორციელდება ბიუროკრატიული აპარატის სისტემური სტრუქტურული რეფორმები. სამხედრო ბაზების გაყვანის პარალელურად, ქართულ მხარეს საშუალება მიეცემა პირდაპირ აფხაზებთან დაიწყოს მოლაპარაკებები. სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებენ ისინი ამ შანსს. გარდა ამისა, დაპატიმრებების სერია 2004-შიც გაგრძელდება. ვინმე რომ არ დაიჭირონ, დაუსჯელობის სინდრომი გამეფდება, რაც ქვეყანას სასიკეთოს არაფერს მოუტანს."




მართლია, 2004 წელი მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ უკვე შეიძლება იმის პროგნოზირება, თუ რა ჩაითვლება 2004 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად - რა თქმა უნდა, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები. 30 დეკემბრის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, აჭარის 200-მდე უბანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადაა. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე სასურველ კანდიდატს ხმას ბათუმის პირველ საარჩევნო უბანში მისცემს.
3-5 იანვრის გაზეთი "ალია" კი იუწყება, რომ მართალია, საარჩევნო უბნები აჭარაში გაიხსნება, მაგრამ "აღორძინება" არჩევნებში არ მონაწილეობს. გაზეთი წერს:


ნაციონალებს, ალბათ, იმაზე არ უფიქრიათ, რომ აჭარაში უმრავლესობა "აღორძინების" წევრია. ანუ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ. საბაბი ნაციონალურია - პარტიულ პროტესტს და პარტიულ დისციპლინას ემხრობიან. რამდენია უპარტიო აჭარაში? ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს. წინასწარი მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი პარტიის წევრია. ასე რომ, აღორძინება - ანუ, შეიძლება ითქვას, აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა - არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
სააკაშვილის მიმართ, მთლიანობაში, სხვადასხვაგვარი განწყობილებაა. მას ან სრულ ნდობას უცხადებენ, ან რადიკალურად უპირისპირდებიან, ანდა პოზიციას არ ამჟღავნებენ. მაგალითად, პოლიტიკური სამაია, ხალხთან ერთად. ერთსულოვნად უჭერს მხარს სააკაშვილს. ლეიბორისტები და აღორძინება არჩევნებში არ მონაწილეობენ. ტრადიციონალისტები და ედპ არჩევნებზე გავლენ, მაგრამ სააკაშვილს გადახაზავენ. ახლები კი არაფერს ამბობენ. არჩევნებზე ისინიც გადიან, მაგრამ აბაშიძეს მიბაძავენ თუ ასათიანს, არ ამბობენ.




"არჩევნები საქართველოში - რა დევს სასწორზე?" - ასეთი სათაურით ბეჭდავს 3 იანვრის გაზეთი "24 საათი" აშშ-ის საჯარო პოლიტიკის ეროვნული ინსტიტუტის ანალიტიკოსის ერიკ მილერის სტატიას. გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ამ პუბლიკაციიდან:


"ამერიკის ეკონომიკური ინტერესი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ამუშავებას, ახალგაზრდა ლიდერების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰდენიზის გაზსადენის გახსნა 2005-2006 წლებში იგეგმება. ახალი შორსმჭვრეტელი ლიდერების არჩევა ხელს შეუწყობს მილსადენების უსაფრთხოების დაცვას და ამ პროექტების ქართველი ხალხის სასარგებლოდ გამოყენებას.
შესაძლოა, ახალ ლიდერებს არ ჰქონდეთ მზა რეცეპტი ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. მაგრამ დღეს ქართველი ხალხი პირველ ნაბიჯს დგამს უკეთესი მომავლისაკენ.
ბუშის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები ამ ეტაპზე უსაფრთხოების ინტერესთა ბალანსი, ეკონომიკური პრობლემები და მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზებაა. შესაძლოა, დღეს საქართველო ის უნიკალური ადგილი გახდეს, სადაც ამ სამივე მიზნის მისაღწევად ეფექტური ნაბიჯები გადაიდგმება.
4 იანვრის არჩევნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ახალი ერის დასაწყისად უნდა იქცეს - იმ ახალი ერისა, როცა საქართველო ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესების სფეროში სამუდამოდ შევა.


დაბოლოს, წინასაახალწლო დღეებში ქართული პრესა კურიოზებსაც იხსენებდა. 31 დეკემბრის "მთავარი გაზეთის" შენიშვნით, მართალია, რევოლუციებზე არ ხუმრობენ, მაგრამ ვინაიდან "ვარდების რევოლუცია" მშვიდობიანად დასრულდა, სასაცილო ეპიზოდების გახსენება არავის შეუქმნის უხერხულობას. მით უფრო, რომ მაშინ უამრავი კურიოზი მოხდა. მაგალითად, ასეთი:



23 ნოემბერს სააკაშვილის მომხრეები, ვარდებით ხელში, პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. გზაში მათ ჯემალ გოგიტიძე და მისი რაზმი გადაეღობა, თუმცა რიცხობრივი უპირატესობა ოპოზიციის ხელში იყო და, აქედან გამომდინარე, აჭარლებს უკან დაახევინეს პარლამენტის შემოსასვლელის მიმართულებით. როდესაც სიტუაცია დაიძაბა, გოგიტიძის დაცვამ ობიექტის ევაკუაცია დაიწყო. ერთ-ერთ მცველს ვიღაცამ ფეხზე დააბიჯა და ფეხსაცმელი გააძრო. ეტყობა, კარგი ფეხსაცმელი იყო, რადგან ზემოხსენებულმა მცველმა მოძებნა ფეხსაცმელი, დაიჭირა ხელში - ჩაცმის დრო ნამდვილად არ იყო - და განაგრძო გოგიტიძის ევაკუაცია. უცბად გაღიზიანებულმა გოგიტიძემ გამოსტაცა მცველს ფეხსაცმელი ხელიდან და "კმარას" ერთე-რთ აქტივისტს ესროლა. ფეხსაცმელი საკმაოდ შორს გადავარდა, ამიტომაც მის ძებნას აზრი აღარ ჰქონდა. არანაკლებ გაღიზიანებულმა მცველმა მეორე ფეხსაცმელიც გაიხადა და გოგიტიძეს მიაწოდა - სადაც ერთი, იქ მეორეცო. "აღორძინებისთვის", სამწუხაროდ, "ტუფლების" კონტრრევოლუცია არ შედგა. ისე, საინტერესოა, გოგიტიძის მცველმა რამდენი კილომეტრი ირბინა ფეხშიშველმა".
XS
SM
MD
LG