Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ შაშიაშვილი ბრძოლას წაგებულად არ მიიჩნევს


პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატიდან, თუ არ ჩავთვლით მიხეილ სააკაშვილს, თემურ შაშიაშვილი ერთადერთია, ვინც მეტ-ნაკლებად სრულყოფილი საარჩევნო კამპანია აწარმოა.

იმერეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ოჯახის წევრებთან ერთად დადიოდა რეგიონებში, ხვდებოდა ამომრჩევლებს და, რაც, ალბათ, ყველაზე საყურადღებოა, დებატებში იწვევდა ნოემბრის რევოლუციის მთავარ შემოქმედსა და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს. რა სახის ინფორმაცია იყრიდა თავს დღის განმავლობაში თემურ შაშიაშვილის საარჩევნო შტაბში და როგორია ექს-გუბერნატორის თვალით დანახული 4 იანვრის არჩევნები?

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის 23-ე უბანზე ხმის მისაცემად 12 საათზე მივიდა. იმერეთის ექს-გუბერნატორი ამომრჩეველთა პასიურობაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა აცხადებს: ზურაბ ჟვანიასა და საარჩევნო კომისიების წევრთა ჯადოქრობით, არჩევნები ყველა შემთხვევაში შედგება.

[თემურ შაშიაშვილის ხმა] "ზურაბ ჟვანია არის გაყალბების დიდოსტატი. ყველა არჩევნები, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარდა
და სადაც მოქალაქეთა კავშირი იღებდა მონაწილეობას და ზურაბ ჟვანია იყო "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე... - ეს იყო გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევები." (სტილი დაცულია)

ცნობილია, რომ სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. მსგავსი მაღალი თანამდებობის მქონე ხელმძღვანელით ვერ დაიკვეხნის თემურ შაშიაშვილის მხარდამჭერთა შტაბი, რომელიც თბილისში გრიბოედოვის თხუთმეტ ნომერშია განთავსებული. შაშიაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან რობაქიძეც, ძირითადად, ამომრჩეველთა დაბალაქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას.

[ლევან რობაქიძის ხმა] "წინასწარი ინფორმაციით, ყოველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი ისეთი აქტიურობა, რომელიც საკმარისია საიმისოდ, რომ ჩაითვალოს: არჩევნების პროცესი მიდის ნორმალურად. ჯერჯერობით აქტიურობა არის ძალიან დაბალი." (სტილი დაცულია)

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ კომენტარი თემურ შაშიაშვილის ქუთაისელ მხარდამჭერებსაც ვთხოვე. გიორგი ამირანაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს ქუთაისში ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მაინცდამაინც დიდად არც ქუთაისელი ამომრჩეველი აქტიურობს. ამასთან, ამირანაშვილი ჩემთან საუბარში შემდეგი სახის დარღვევაზე მიუთითებს.

[გიორგი ამირანაშვილის ხმა] "ერთ უბანზე იყო ასეთი ფაქტი, რომ დაიკარგა, საერთოდ, ბეჭედი და უცბათ, მომენტალურად, ახალი ბეჭედი გამოჩნდა. საიდან, როგორ? - გაუგებარია." (სტილი დაცულია)

არც თემურ შაშიაშვილი და არც მისი მხარდამჭერები 4 იანვრის არჩევნებისგან სასწაულს არ ელიან. მათი თქმით, საკითხი, თუ ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, გადაწყვეტილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმერეთის ექს-გუბერნატორისთვის არჩევნების ნებისმიერი შედეგი მისაღები მაინც არ იქნება. შაშიაშვილი კვლავაც ზურაბ ჟვანიას მზაკვრულ გეგმებზე საუბრობს.

[თემურ შაშიაშვილის ხმა] "ჩემზე დავალება აქვთ მიცემული, რომ 3-5%-ზე მეტი არსად არ უნდა მივიღო. განსაკუთრებული დავალებები არის იმერეთში. ვიცი, რომ არ გავიმარჯვებდი, მაგრამ 20%-ის ფარგლებში შედეგის ჩვენება რეალური იყო... დღეს 20%-ის ფარგლებში ვინც დაფიქსირდება, სერიოზულ პოლიტიკოსად დაფიქსირდება და ამიტომ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე წინ დამიყენონ. ჟვანიას ყველაფერი ხელეწიფება." (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამგვარი განცხადებისა, პრეზიდენტობის კანდიდატი მაინც იმედიანადაა განწყობილი. თემურ შაშიაშვილის თქმით, ბრძოლა 4 იანვარს არ მთავრდება და მისი მთავარი მოკავშირე ამ ბრძოლაში - დროა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG