Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართლოს ღარიბაშვილი, როინ ლიპარტელიანი, ზაზა სიხარულიძე და ზურაბ ქელეხსაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს


საქართველოს პრეზიდენტის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების დღის დიდი ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატებმა - ქართლოს ღარიბაშვილმა და როინ ლიპარტელიანმა - ქვეყნის რეგიონებში გაატარეს.

ქართლოს ღარიბაშვილმა, როგორც თეთრიწყაროს მკვიდრმა, ხმის მიცემის პროცედურა რეგისტრაციის ადგილზე, სოფელ ჯორჯიაშვილის საარჩევნო უბანში, განახორციელა. როინ ლიპარტელიანს, როგორც ამომრჩეველს, არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. რაც შეეხება ზაზა სიხარულიძესა და ზურაბ ქელეხსაშვილს, მათგან პირველი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მისიას უკვე შესრულებულად მიიჩნევს; მეორე კი, პრაქტიკულად, აღარც თვლის თავს პრეზიდენტობის კანდიდატად.

პრეზიდენტობის კანდიდატთა აუტსაიდერული ოთხეულიდან ერთ-ერთმა, ზურაბ ქელეხსაშვილმა, 3 იანვრის საღამოს 17 საათსა და 40 წუთზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავისი კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა. ვინაიდან, საარჩევნო კანონმდებლობით, მას ამის განხორციელება არჩევნების წინა დღის 12 საათამდე შეეძლო, იურიდიულად ზურაბ ქელეხსაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთა ექვსეულში მაინც დარჩა. მცირეოდენი ექსცესების მაპროვოცირებელი ეს ფაქტი კი უკვალოდ არ დარჩენილა. ქელეხსაშვილის განცხადებამ შეცდომაში შეიყვანა არა მარტო ამომრჩეველთა ნაწილი, არამედ ზოგიერთი საარჩევნო კომისიაც. ასე მაგალითად, თელავის ნადიკვრის საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა საარჩევნო ბიულეტენებზე ქელეხსაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიმანიშნებელი წარწერები გააკეთეს. თავის მხრივ, ამ ფაქტს საარჩევნო დარღვევის კვალიფიცირება მიეცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქელეხსაშვილის საარჩევნო შტაბმა ეს, თითქოსდა, უმტკივნეულო ფანდი ხელოვნურად გაათამაშა.

[ზურაბ ქელეხსაშვილის ხმა]"ამით დაბნეულობა შევიდა საარჩევნო კომისიაში, კომისიებში. ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩაშლა გვინდოდა და ამიტომ. ასე მოხდა უბრალოდ: მოვიცალეთ ექვსის ნახევარზე და მივედით, ექვსს რომ ოცი წუთი აკლდა, მეტი არაფერი. ბოროტი ზრახვა არ გვქონდა. ისე კი, უნდა გვეჩვენებინა, რომ ბოლო წუთსაც შეგვეძლო გვეთქვა უარი მათთვის, ვინც აყალბებს არჩევნებს საქართველოში."

არანაკლებ ორიგინალური გამოდგა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ნომრად დარეგისტრირებული კანდიდატი როინ ლიპარტელიანი. მან 4 იანვრის დილიდან ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად კახეთში, ქართლში, ქვემო ქართლში, გორში, აჭარასა და სამეგრელოში საარჩევნო უბნები მოინახულა. როგორც თავად ამბობს, არაერთი დარღვევა დააფიქსირა - მათ შორის, ამომრჩევლის ფულით მოსყიდვისა. დარღვევების მომცველ დოკუმენტს ბატონი ლიპარტელიანი არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში გამოამზეურებს და სასამართლო მსვლელობასაც მისცემს. მანამდე კი საპრეზიდენტო კანდიდატებში იგი იმითაა გამორჩეული, რომ თავად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

[როინ ლიპარტელიანის ხმა] "მე მარკირებას როგორ გავიკეთებ. აი, რომ მითხრა, შენ ეხლა, როინ, პრეზიდენტად აგირჩევ და მიდი, მარკირება გაიკეთეო, მარტო შენ, სხვას კი არა, მე არავითარ შემთხვევაში არ გავიკეთებ მარკირებას. ჰოდა, მეორე, ახლა მივიდე მე იქანა და ჩემს თავს მივცე ხმა?" (სტილი დაცულია)

ზაზა სიხარულიძე კი თვლის, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თავისი მისია მან იმით ამოწურა, რომ 3 იანვარს ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და, საქართველოში სოციალური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპის სახელმწიფოებს გრანტებისა და დახმარებების გამოყოფა სთხოვა.

და ბოლოს, ქართლოს ღარიბაშვილი. იგი ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარი არჩევნების ობიექტურად ჩატარება იყო. სავარაუდოდ, გვიან ღამით მშობლიურ ჯორჯიაშვილში იგი პრეზიდენტის რანგში ვერ დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG