Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მომხრეები, ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვებას ზეიმობენ


მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე საათი გავიდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის

მომხრეები უკვე ზეიმობენ გამარჯვებას. ამის საფუძველი გახდა ე.წ. ეგზიტპოლის შედეგები, რომლის გამოცხადებასაც თბილისის ფილარმონიაში მიხეილ სააკაშვილი და მისი საარჩევნო შტაბის წევრები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს არჩევნების მსვლელობის პროცესში ორი რამის - ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობისა და საბოტაჟის შიში ჰქონდათ. ეს შიში მაშინვე გაქრა, როდესაც თბილისის ე.წ. "ხავერდოვანი რევოლუციის" მთავარმა საინფორმაციო არხმა, ტელეკომპანია რუსთავი-2-მა, ამერიკული კვლევითი კომპანიის ,,გლობალ სტრატეჯი გრუპის" მიერ 700-მდე ქართველ სოციოლოგთან ერთად ჩატარებული ექზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის თანახმად, არჩევნების დამთავრებამდე 3 საათით ადრე არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტს, ხოლო 85-მა პროცენტმა მხარი მიხეილ სააკაშვილს დაუჭირა.
ამ შედეგების გამოცხადებას ფილარმონიაში მოსული სააკაშვილის მხარდამჭერები ოვაციით შეხვდნენ, ხოლო ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა]

ეგზიტპოლების შედეგებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, რომლის აქტიურობა წინასაარჩევნო პროცესში ძალზე შესამჩნევი იყო. წარმოშობით ჰოლანდიელმა სანდრა რულოვსმა ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამაყობს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანით.

[სანდრა რულოვსის ხმა]

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიხეილ სააკაშვილს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძეც ულოცავდა, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" ერთიან საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. ნინო ბურჯანაძემ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ ისინი შეეცდებიან გაამართლონ ქართველი ხალხის იმედები.

[ნინო ბურჯანაძის ხმა]

ფილარმონიაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ დარბაზში მსხდომ მხარდამჭერებს მიაშურა და, გამაყრუებელი ოვაციების ფონზე, სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა]

ცოტა მოგვიანებით სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავის საპრეზიდენტო გეგმებზე ილაპარაკა. ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წესრიგის დასამყარებლად კორუფციასთან ბრძოლას და მინისტრთა კაბინეტის შემოღებას აპირებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG