Accessibility links

ზურაბ წერეთელი - 70


4 იანვარს საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარს,

ლენინის, პიკასოს, ხალხთა მეგობრობის ორდენების ლაურეატს ზურაბ წერეთელს 70 წელი შეუსრულდა. იგი 2003 წლის მშვიდობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. წერეთლის მონუმენტები მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაშია დადგმული. ამჟამად მხატვარი მუშაობს 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა მემორიალზე, რომელიც ნიუ-იორკში აღიმართება. მიუხედავად ასეთი აღიარებისა, ზურაბ წერეთელს მრავალი ოპონენტი ჰყავს რუსეთსა და საქართველოში. "ოქროს საუკუნის" დღევანდელ პროგრამაში ამ მხატვრის შემოქმედების ფენომენში გარკვევას შევეცდებით; გაგაცნობთ ზურაბ წერეთლის მიერ რუსეთის პრესისთვის მიცემული რამდენიმე ინტერვიუს ფრაგმენტს.

2003 წლის დეკემბრიდან ზურაბ წერეთელს აღარავინ მოიხსენიებს "უცხოელად, რომელმაც თავისი ნამუშევრებით გადატვირთა რუსეთი". ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, იგი რუსეთის მოქალაქე გახდა "რუსეთის ფედერაციის წინაშე გაწეული ღვაწლის" გამო. თუმცა ცნობილ მოქანდაკეს, მხატვარს, დიზაინერს ოპონენტები მოსკოვში ისევ მრავლად ჰყავს. რუს ნაციონალისტებს არ მოსწონთ, რომ მათი ქვეყნის დედაქალაქს ქართველი, წერეთელი, აფორმებს (თუნდაც ახლა უკვე "რუსეთის მოქალაქე", ქართველი), რუსი ინტელექტუალების ერთი ნაწილი კი ყველაფერს, რასაც წერეთელი აკეთებს, "კიტჩს" უწოდებს და ირონიით საუბრობს წერეთლისთვის დამახასიათებელ ეგრეთ წოდებულ "მხატვრულ გრაფომანიაზე". ერთ-ერთ ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, "რატომ არ უყვარხართ რუსეთში", ზურაბ წერეთელმა უპასუხა, ალბათ, შურთ ჩემიო. მერე კი დაუმატა:

[ზურაბ წერეთლის ტექსტი] "გადაეცით ყველას, ვისაც არ ვუყვარვარ - წერეთელი უსაქმოდ ჯერ არ დარჩება... არა, ასე არ უთხრათ - წერეთელი უსაქმოდ არასდროს დარჩება."

ზურაბ წერეთელი უსაქმოდ, მართლაც, არასდროს დარჩენილა. სადიპლომო ნამუშევარი თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1958 წელს დაიცვა. დიპლომს ერქვა "სიმღერა თბილისზე" და, როგორც თავად იგონებს, მისმა სადიპლომო ნამუშევარმა ცენზურის რისხვა დაიმსახურა. თუმცა წერეთლის შემდგომ მოღვაწეობას საბჭოთა ცენზურის რისხვა დიდად არ დასტყობია. აკადემიის დამთავრების შემდეგ ზურაბ წერეთელმა ცოტა ხანს იმუშავა თბილისის ეთნოგრაფიის მუზეუმში - აქ სწავლობდა ტრადიციულ ქართულ ორნამენტს, რომელსაც იგი ძალიან მალე გამოიყენებს.

1967 წელს მოსკოვის მთავარმა არქიტექტორმა მიხაილ პოსოხინმა ზურაბ წერეთელს ბიჭვინთის სასტუმრო-პანსიონატების კომპლექსის გაფორმება დაავალა... პოსოხინი, რომელმაც დიდი შემოქმედებითი გზა გაიარა, - სტალინური კლასიკიდან ბრეჟნევის მონუმენტალიზმამდე, - გადაიქცა ზურაბ წერეთლის "შემოქმედებით ნათლიად". სწორედ ამ კაცის დახმარებით გაითქვა სახელი წერეთელმა ჯერ საქართველოს, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ.

და თავისი ნიჭის დახმარებითაც, რა თქმა უნდა... წერეთელს თავიდანვე აღმოაჩნდა ალღო, კონიუნქტურის განსაკუთრებული გრძნობა: მან ყოველთვის იცოდა, ვისთან რა უნდა ეთქვა, უფრო სწორად, ვის რა შეიძლებოდა მოსწონებოდა. ჰქონდა "ნანახის გადამუშავების" უნარიც. მოგზაურობდა (ისევ "ნათლიმამის" ხელშეწყობით), ადვილად ითვისებდა ყველაფერს, რასაც დასავლეთში ნახულობდა და, რაც მთავარია, ადვილად "გადაამუშავებდა" ხოლმე ნანახს და გაგონილს. 80-იანი წლების მიწურულს წერეთლის ცხოვრებაში მამა-პოსოხინი ისევ რუსეთის ხელისუფლებასთან - კერძოდ, მოსკოვის მერთან, ლუჟკოვთან - დაახლოებულმა შვილმა, ისევ მიხაილმა, შეცვალა.
პოსოხინ-შვილს თავისი სტილი არასდროს ჰქონია. შეეძლო "ამპირში" ემუშავა, შეეძლო "მოდერნისტის" როლი ეთამაშა ან "კონსტრუქტივისტის"... უფრო სწორად, მოსკოველ ხელოვნებათმცოდნეებს თუ დავესესხებით, პოსოხინ-შვილს აქვს თავისი სტილი - ესაა "სტილის პაროდია", "ხელოვნების პაროდია"... ასე დაუკავშირდა ერთმანეთს პოსოხინ - ლუჟკოვ - წერეთლის "სტილები" და 90-იან წლებში აშენდა ახალი მოსკოვიც.

იური ლუჟკოვი ახალი ძეგლების დადგმას, ახალი კოშკებისა და სასახლეების მშენებლობას საიუბილეო თარიღებს ამთხვევს ხოლმე. იგი აგრძელებს საბჭოთა ტრადიციას, როცა გარკვეულ თარიღზე ორიენტირებული არქიტექტორები ხშირად ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ შენობის ხარისხს... მთავარი იყო დღესასწაულისთვის მოესწროთ შენობა, დღესასწაულის შემდეგ რა იქნებოდა, ამაზე აღარავინ ფიქრობდა. წერეთელი კი ყოველთვის გრძნობდა ბაზრის კონიუნქტურას. ლუჟკოვის არქიტექტურის სტილი - წარსულის "ჩანაცვლება აწმყოში", ბუტაფორიულობა, "სათამაშო დიზაინი" შესანიშნავად მოერგო წერეთლის გემოვნებას.

ზურაბ წერეთლის ერთი რუსი ოპონენტი იგონებდა, რომ სტალინიც კი ურეკავდა პასტერნაკს, რათა მისი აზრი მოესმინა, მართლა კარგი პოეტი იყო მანდელშტამი? კენედი სთხოვდა ყველას, ამიხსენით, რატომაა ბეჟარი კარგი ქორეოგრაფიო.... მაგრამ ლუჟკოვი უკვე არავის ეკითხება - მას მოსწონს წერეთელი და მოსკოვს "ალამაზებინებს"... ამ "გალამაზებით" ზურაბ წერეთელზე ანეგდოტებიც კი გავრცელდა: "ამ გზას ტაძრისკენ მივყავართ? - არა, ყველა გზას მხოლოდ ზურაბ წერეთლისკენ მოვყავართ."

ნამდვილი მხატვარი ყოველთვის ეწინააღმდეგება კონფორმიზმსა და მეშჩანური ცხოვრების წესს. 90-იან წლებში რუსეთში შემოქმედებითი ინტელიგენცია "მედუქნეს" დაემსგავსა... მხატვრებმა დაიწყეს ფიქრი წუთიერ წარმატებაზე. მათ ნაკლებად აინტერესებდათ შემოქმედება, მათი მიზანი - გაყიდვა გახდა. მხატვარი დაემსგავსა წვრილ ბურჟუას, რომლის მართვა ადვილი გახდა. თუმცა მხატვართა წრეში "მსხვილი ბურჟუებიც" გაჩნდნენ. ერთ-ერთ ასეთ მხატვრად ხშირად ზურაბ წერეთელს მოიაზრებენ.

ბოლო დროს წერეთელმა მოსკოვში დადგა პეტრეს ქანდაკება, რომელსაც ქალაქის ხელისუფლების ამბიციები
უნდა დაეკმაყოფილებინა.
გააფორმა მოსკოვის "მანეჟის მოედანი" - ცხენებით, რუსული ზღაპრებისა და იგავების გმირებით; ერთგვარი ბრინჯაოს "დისნეილენდი" შექმნა კრემლის გვერდით, რუსული ნაციონალ-ესთეტიკური ასოციაციებით - მოკლედ, კლასიკური რუსული ეპოქის იმიტაცია, რომელმაც უბრალო მოქალაქეს რუსეთის სიძლიერის რწმენა უნდა დაუბრუნოს. რუსულ სახვით ხელოვნებაზე იგი ყოველთვის "აღმატებული ტონით" საუბრობდა:

[ზურაბ წერეთლის ტექსტი] "დღეს არა მარტო მე, არამედ რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსებსაც ესმით: ჩვენ იმიტომ ვხატავთ კარგად, რომ საბჭოთა კავშირში ერთიანი სამხატვრო სკოლა არსებობდა. სამხატვრო განათლება ეყრდნობოდა კლასიკური რუსული სკოლის ტრადიციებს, რომელიც ჯერ კიდევ ეკატერინე დიდის ეპოქაში ჩამოყალიბდა... ამიტომ საბჭოთა კავშირის დანგრევით ჩვენ დავკარგეთ ის, რაც მრავალ თაობას დაეტყობა - ჩვენ აღარ ვფლობთ გრანდიოზულ პალიტრას."

1997 წელს ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. რუსი კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა იქნება აკადემიის პრიორიტეტი, წერეთელმა უპასუხა:

[ზურაბ წერეთლის ტექსტი] "რუსული რეალიზმი... არ უნდა იყოს აგიტაციური ხელოვნება, რომელსაც სოცრეალიზმი კარნახობდა. ჩვენ გვინდა ავაღორძინოთ აკადემიაში იმპერატორის ეპოქა, რომელმაც ინდივიდუალურობა შექმნა მხატვრობაში... ასეთი ფერწერა მსოფლიოში არსად შექმნილა."

ზურაბ წერეთლის რუსი თაყვანისმცემლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ მხატვარმა ქართული და რუსული სახვითი ხელოვნების ტრადიციების გაერთიანება მოახერხა. საქართველოში შესრულებულ ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით იხსენებენ რესტორან "არაგვისა" და პროფკავშირების სასახლის წერეთლისეულ დიზაინს.
ეს ის პერიოდია, როცა ზურაბ წერეთელმა შეიმუშავა მოზაიკური რელიეფის ტექნიკა. 80-იან წლებში გაიტაცა ლითონმა, არქიტექტურაში ჩართო მსხვილი ლითონის ჰორელიეფები, მიმართა მინანქარს. რუსული და ქართული სახვითი ტრადიციების შერწყმის ამ სურვილში წერეთლის თაყვანისმცემლები გარკვეულ პოლიტიკასაც ხედავენ. თავად წერეთელი ამ თემაზე ხშირად საუბრობს:

[ზურაბ წერეთლის ტექსტი] "რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებას ფსიქიკურად ავადმყოფი ხალხი ცდილობს. ჩვენ საერთო ჯვარს ვატარებთ, საერთო ისტორია გვაქვს და ვერავინ შეძლებს ამ ისტორიის გადაწერას ან შეცვლას."

"საერთო ჯვარს" რაც შეეხება... ბოლო დროს ზურაბ წერეთელი რელიგიურმა თემატიკამ გაიტაცა. ამ თვალსაზრისითაც გახდა იგი ოპონენტების ქილიკის ობიექტი. თუმცა წერეთლის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მას ყოველთვის იტაცებდა რელიგიურ-ეთიკური "პრობლემები", გვახსენებენ მისი ნამუშევრების სათაურებს: "სიკეთე და ბოროტება", "სიკეთე ამარცხებს ბოროტებას" და ა.შ.

იგი ყოველთვის ამაყობდა, რომ არასდროს შეუქმნია ლენინის ქანდაკება. იგი ხშირად იხსენებს ამერიკელებს, რომელთაც ყოველთვის უკვირდათ თურმე, რისთვის დააჯილდოეს ლენინური პრემიით - ნუთუ მხოლოდ თევზების მოზაიკისთვის?

ასეა, წერეთელს ლენინის ბიუსტი არ გამოუძერწავს, მაგრამ შექმნა ლუჟკოვის პორტრეტი; სხვა, უფრო წესიერი, ადამიანების პორტრეტებიც შექმნა, თევზების მოზაიკაც... შექმნა ძალიან ბევრი უცნაური ქანდაკება. თუმცა ხელოვნებაში მთავარი ის კი არაა, ვის ხატავ ან ვის ძერწავ; მთავარია, როგორ ხატავ, როგორ აკეთებ ამას.
XS
SM
MD
LG