Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები გაიმართა.

4შესაბამისად, რამდენიმე დღეში საბოლოოდ გაირკვევა მომავალი პარლამენტის მაჟორიტარული შემადგენლობა. ასევე, უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ როდის ჩატარდება პარლამენტის განმეორებითი არჩევნები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 4 იანვარს საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში გამართულ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, უმეტესად, ნაციონალური მოძრაობისა და ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. კერძოდ: მთაწმინდის მაჟორიტარია გიგი წერეთელი, სამგორის - მიხეილ მაჭავარიანი, გლდანის - კობა დავითაშვილი, ხონის - აკაკი ბობოხიძე; ქუთაისის მაჟორიტარულ არჩევნებში ნინო ბურჯანაძემ გაიმარჯვა.

სხვათა შორის, ეს ფაქტი ოდნავ გაუგებარს ხდის 4 იანვარს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა და ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას და რომ ამ სიის პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძე იქნება. იურისტებს უჭირთ იმის განმარტება, რამდენად მართებულია უკვე დეპუტატის მანდატის მქონე ადამიანმა კიდევ ერთხელ იყაროს პარლამენტში კენჭი ამჯერად პროპორციული სიით.

5 იანვარს ახალი მემარჯვენეები აპროტესტებდნენ სახელისუფლებო კულუარებიდან გამოჟონილ ცნობას, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნების თარიღად უახლოეს დღეებში 7 მარტი დასახელდება. ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის ვარაუდით, არჩევნების მაისამდე ჩატარება ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის შექმნის წინაპირობა იქნება.

სოციალისტური პარტიის წევრის, პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის ცნობით, გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე ვადებში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებითაა დაინტერესებული:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "ორი მიზეზი განაპირობებდა მათი ქმედების წარმატებას: შევარდნაძისადმი ზიზღის ფაქტორი - საზოგადოება დაიღალა და ეზიზღებოდა შევარდნაძე, და მეორე ფაქტორი - იმდენად კარგი და უხვი დაპირებები იყო გაცემული, რომ ხალხმა დაიჯერა, თითქოს ისინი ამ დაპირებების შემსრულებლები იყვნენ. პირველი ფაქტორი - შევარდნაძის ზიზღი - დღის წესრიგიდან მოიხსნა. დარჩა მეორე - მიცემული დაპირებების შესრულების ფაქტორი. ამიტომ მათ არ აწყობთ, თუნდაც 4 და 5 თვე მისცენ საზოგადოებას, რომ მან შეაფასოს - ამ დაპირებების შესრულებას შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ." (სტილი დაცულია)

სხვა კითხვები აქვს სახალხო პარტიის ლიდერს მამუკა გიორგაძეს, რომლის აზრითაც, ასეთ სწრაფ ვადებში არჩევნების გამართვა ოპოზიციურ პარტიებს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს;

[მამუკა გიორგაძის ხმა] " სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წასული ხელისუფლებასავით იქცევა და მაქსიმალურად ცდილობს, ფორა მოიპოვოს. ეს რას ნიშნავს? - რომ ისეთივე უმრავლესობა ეყოლებათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორიც დღეს ჰქონდათ? ეს ნიშნავს იმას, რომ გაურკვეველია, როგორი არჩევნები ინიშნება - ის მაჟორიტარები, ვინც აირჩიეს, ისევ იქნებიან? თუ იქნებიან, მაშინ იგივე სიებით გაიმართება არჩევნები? როგორ ხდება ეს ყოველივე? მიდგომა ხელისუფლებისა, რომ მინდა და ვაკეთებ - ეს ქვეყნისთვის დამღუპველია." (სტილი დაცულია)

განსხვავებული მოსაზრება აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრს პაატა ზაქარეიშვილს, რომლის აზრითაც, სასწრაფოდ შესაცვლელია არაქმედითი პარლამენტი:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "რა თქმა უნდა, 7 მარტს საპარლამენტო არჩევნები გამოიწვევს იმას, რომ არაფერი არ შეიცვლება - არ შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაცია, ანუ ჩატარდება იმავე ფორმით, რის წინააღმდეგიც იყო ადრე ეს ხელისუფლება. რა გაეწყობა - ისევ ჯობია, დროზე ჩატარდეს არჩევნები. ჯობდა, მაისში ჩატარებულიყო, მაგრამ პრინციპული განსხვავება არ იქნება - მაისამდე ვერანაირად ვერ მოხერხდება პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება."

შეგახსენებთ: 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა განაცხადა, რომ საქართველოს მზადყოფნა, ჩაატაროს ღია და სამართლიანი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნებისას გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG