Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადგა კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი?


საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიხეილ სააკაშვილმა 4 იანვარს ამომრჩევლებთან შეხვედრითა და საგანგებო პრესკონფერენციით აღნიშნა.

ამ საზეიმო შეხვედრებზე მან თავისი რამდენიმე საპროგრამო ინიციატივაც გამოაცხადა, რომელთა შორისაა ანტიკორუფციული კანონმდებლობის შექმნა. სახელმწიფო სტრუქტურებში ფესვებგადგმულ კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს კი კონტროლის პალატა წარმოადგენს. ეს სახელმწიფო უწყება ახლა ხელმძღვანელობის გარეშეა დარჩენილი.

კონტროლის პალატის დაარსების დღიდან მისმა ორივე თავმჯდომარემ გადადგომით დაასრულა ქვეყნის მთავარი მაკონტროლებლის კარიერა. პირველ შემთხვევაში ამის მიზეზი კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილი დარღვევების მიმართ პარლამენტისა და მთავრობის გულგრილი დამოკიდებულება იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში გადადგომა ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია.

კონტროლის პალატა დამოუკიდებელი ორგანოა და მის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით. ეს იმისთვის კეთდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურების შემოწმებისას და იქ დარღვევების თუ კორუფციული ფაქტების გამოვლენისას ხელისუფლებას პალატაზე ზეწოლის მექანიზმები არ ჰქონდეს. თუმცა კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი სწორედ მის მიმართ ხელისუფლებაში მოსული ძალების დამოკიდებულების გამო გახდა იძულებული 4 იანვარს თანამდებობა დაეტოვებინა.

მე სულხან მოლაშვილთან ინტერვიუს აღება ვცადე, თუმცა მან თავი შეიკავა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან. მოლაშვილს 2005 წლამდე შეეძლო კონტროლის პალატის მართვა, რა თქმა უნდა, თუ პარლამენტი პალატის თავმჯდომარის იმპიჩმენტს არ მოაწყობდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულხან მოლაშვილის ვადამდელ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პროკურატურაში გამოძახებით მუქარამ და კორუფციაში ჯერჯერობით დაუსაბუთებელმა დადანაშაულებამ.

ბოლო წლების მანძილზე კონტროლის პალატის ფუნქციები იმდენად იყო გაზრდილი, რომ ის ლამის საგადასახადო ინსპექციას დაემსგავსა. პალატას ამა თუ იმ ორგანიზაციებიდან ამოღებული გადასახადებიდან გარკვეული პროცენტი კანონის ძალით ეკუთვნოდა. ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალების მტკიცებით, ამ მექანიზმს პალატა კორუფციული გარიგებებისთვისაც იყენებდა.

ახლა კონტროლის პალატა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გარეშეა დარჩენილი, რადგან მოლაშვილის პირველი მოადგილე ჯერ კიდევ 2 ნოემბრის არჩევნების წინ გადადგა. კანონის მიხედვით კი, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება სხვა მოადგილეებს არ შეუძლიათ.

ეტყობა, ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა მოქმედი ხელისუფლებისთვის. სარწმუნო წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში 2 კანდიდატურა განიხილება. ესენი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარე რომან გოცირიძე და პარლამენტარი კობა დავითაშვილია. რომან გოცირიძემ სწორედ ამიტომ, არაკორექტულობის მომიზეზებით, განაცხადა უარი ჩვენთან ინტერვიუზე. რაც შეეხება კობა დავითაშვილს, ასევე სარწმუნო წყაროდან ცნობილი გახდა, რომ მას შეთავაზებული პოსტის მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია.

თუ ვინ დაიკავებს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ექსპერტების შეფასებით, ახალ თავმჯდომარეს კონტროლის პალატის უსაზღვროდ გაზრდილი ფუნქციების შეკვეცა და მისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მაკონტროლებელ ორგანოდ ჩამოყალიბება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორუფციასთან ბრძოლის ეს ეფექტური მექანიზმი თავადვე გადაიქცევა კორუფციის წყაროდ.
XS
SM
MD
LG