Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატები 4 იანვრის არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ


4 იანვარს საარჩევნო უბნებში მისულ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის ექვს კანდიდატს შორის უხდებოდათ, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, ვინ მოიგებდა არჩევნებს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა სიხარულიძე ჩემთან საუბარში არ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაში ეჭვი არც 4 იანვრამდე ეპარებოდა. საკუთარი კანდიდატურა კი ერთადერთი მიზნით - სოციალურ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების გასამახვილებლად წამოაყენა. სიხარულიძეს არც არჩევნების სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი. იგი გამარჯვებას ულოცავს მიხეილ სააკაშვილს და თან მას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

[ზაზა სიხარულიძის ხმა] "გარკვეული ისტორიული ანალოგიების გავლება შეიძლება. მისი წინამორბედებიც ასე იმარჯვებდნენ, მაგრამ სავალალოდ ამთავრებდნენ თავიანთ მოღვაწეობას. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ვიყოთ კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული, - ასეც ვიქნებით მომავალში, - მაგრამ დიდი სიფრთხილე მართებს მომავალ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას." (სტილი დაცულია)

სიხარულიძისაგან განსხვავებით, პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, ქართლოს ღარიბაშვილს, ოთხ იანვარს ჩატარებული არჩევნების სამართლიანობაში ეჭვი ეპარება.

[ქართლოს ღარიბაშვილის ხმა] "ეტყობა, საქმე გვაქვს კომუნისტურ არჩევნებთან. ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლაზე ხელის აღებას. თუ დასავლეთში ასეთი არჩევნებია (მე ვიცი, რომ ასეთი არჩევნები არ ტარდება ევროპასა და ამერიკაში), მაშინ დასავლეთი არ მინდა."

ღარიბაშვილის პათოსს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ზურაბ ქელეხსაშვილიც იზიარებს, თუმცა იგი მომავალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

[ზურაბ ქელეხსაშვილის ხმა] "როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, ვინც ატარებს არჩევნებს, ის იმარჯვებს. ...ჩვენ, ალბათ, გამოვძებნით პოლიტიკური კონსულტაციების გარკვეულ საშუალებებს, თუკი მეორე მხრიდან იქნება ამის სურვილი, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები გახლავართ და ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ."

ჩემთვის უცნობია, რას ფიქრობს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით იმერეთის ყოფილი გუბერნატორი. თემურ შაშიაშვილის საარჩევნო შტაბში განმიცხადეს, ბატონი თემური შეუძლოდ არის და იგი საკუთარ შთაბეჭდილებებს მოგვიანებით გაგიზიარებთო. თუმცა ჯერ კიდევ 4 იანვარს ჩემთან საუბარში მან განაცხადა:

[თემურ შაშიაშვილის ხმა] "მე მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმიტომ, რომ არ მინდა გაძლიერდეს საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა, არ მინდა გაძლიერდეს "ბელადიზმი" და ბელადებისადმი მონური მორჩილება და ვფიქრობდი, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობით ჩემი გამოსვლები იქნებოდა კერპთაყვანისმცემლობისა და "ბელადომანების" წინააღმდეგ." (სტილი დაცულია)

სხვებისაგან განსხვავებით, საარჩევნო ბიულეტენში პირველ ნომრად ჩაწერილი როინ ლიპარტელიანი, უდავოდ, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებამ და არჩევნების ორგანიზებულად ჩატარებამ აღაფრთოვანა.

[როინ ლიპარტელიანის ხმა] "ასეთ მაღალ დონეზე ზვიად გამსახურდიას დროს რომ ჩატარდა არჩევნები, იმის მერე არ ჩატარებულა. ...მე და მიშა, ორივე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ვართ - ასე რომ, მასთან ერთად მეც ვთვლი თავს გამარჯვებულად. მე ვისურვებდი, რომ მიშა იყოს მეორე დავით აღმაშენებელი. ამის შესაძლებლობა მას აქვს და მინდა ღმერთიც მხარში დაუდგეს და ხალხიც და ვუსურვებ დიდ გამარჯვებას." (სტილი დაცულია)

საკითხავია, გაამართლებს კი მიხეილ სააკაშვილი როინ ლიპარტელიანის იმედებსა და მოლოდინს? ცხადია, პასუხის მისაღებად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოგვიწევს მოცდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG