Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმია სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოლოდინში


მას შემდეგ, რაც ინაუგურაციის ცერემონია ჩაივლის და საქართველოს ახალი პრეზიდენტი კონსტიტუციურ მოვალეობათა აღსრულებას შეუდგება,

ქვეყნის მოქმედმა ყველა მინისტრმა ავტომატურად უნდა დატოვოს სავარძელი. მათგან ზოგიერთი - ძირითადად, ე.წ."ვარდების რევოლუციის"შემდეგ დაწინაურებული მინისტრი - კვლავ ინარჩუნებს პოსტზე დარჩენის შანსს. მაგრამ ვისაც ეს შანსი საერთოდ არ გააჩნია, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძეა. და არა იმიტომ, რომ იგი ყველაზე უფრო ხელმოცარული ხელმძღვანელია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თანახმად, 2004 წლიდან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს. თუმცა შესაფერისი კანდიდატურის შერჩევა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, შესაძლოა, ყველაზე იოლად გადასაწყვეტი პრობლემა იყოს, სხვა საერთაშორისო ვალდებულებასთან შედარებით.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთ რჩეულად ჯერ კიდევ 4 იანვრამდე აღიარეს. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს სამხედროების კეთილგანწყობის მოპოვება არ გასჭირვებია. ჯერ კიდევ 9 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული, ელიტარული ქართული ქვედანაყოფების წევრებთან შეხვედრაზე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ქართველ სამხედროებს მათთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკებოდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თუ რომელიმე ადამიანი დაინიშნება მთავრობაში, რომლის შვილიც გაწვევის ასაკისაა და თავს არიდებს სამხედრო სამსახურს, ეს კაცი უნდა მოიხსნას, ისევე როგორც საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება კაცი, ვისი შვილი ან ძმა თავს არიდებს სამხედრო ვალდებულებას."

ეს პათოსი სამხედროებს იმდენად მოეწონათ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი სამხედრო საბჭოზე მიიწვიეს და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს. მინისტრი დავით თევზაძეც კი, რომელსაც ორი წლის წინ ჯერ კიდევ პარლამენტის დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი ძვირად ღირებული მანქანების არასწორ ექსპლოატაციასა და საწვავის გადახარჯვას აყვედრიდა, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. თევზაძე ამბობდა, რომ მას აღარ აქვს მინისტრობის ამბიცია და წყენას ვერ მალავდა, როდესაც ჟურნალისტები მომავალი მინისტრის ვინაობის დასახელებას სთხოვდნენ.

[დავით თევზაძის ხმა] "ვინ იქნება მინისტრი, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინც იქნება საქართველოს პრეზიდენტი."

პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის პოსტზე კულისებში უკვე სახელდება რამდენიმე კანდიდატურა გამარჯვებული პოლიტიკური ძალიდან - ესენია რეზო ადამია და გია ბარამიძე "გაერთიანებული დემოკრატებიდან" და ირაკლი ოქრუაშვილი ან ზვიად ძიძიგური "ნაციონალური მოძრაობიდან". თუმცა სამხედრო ექსპერტი ნიკა ჯანჯღავა პრობლემას ხედავს არა შესაფერისი კანდიდატის შერჩევაში, არამედ სამხედრო უწყების სტრუქტურაში, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას სამხედროები ერთმნიშვნელოვნად დომინირებენ სამოქალაქო პერსონალზე.

[ნიკა ჯანჯღავას ხმა] "ეს არის ის, რომ მომავალი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი არ იყოს მარიონეტი სამხედროების ხელში. ანუ გენერალიტეტს განაღდებული ჰქონდეს თავისი ადგილი და ისინი მართავდნენ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს."

ახალ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო უწყების სტრუქტურული გარდაქმნა. სანამ პოლიტიკოსები დუმან, გამჭრიახმა სამხედროებმა თავად შეიმუშავეს ფუნქციათა გამიჯვნის საკუთარი მოდელი, რომელიც, ნიკა ჯანჯღავას თქმით, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს სამხედრო უწყების რეფორმირების გზაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG