Accessibility links

logo-print

ფრენის უსაფრთხოება შეიარაღებულმა პოლიციელებმა უნდა უზრუნველყონ


ანდრო ეული, პრაღა ახალი წლის წინა დღეებში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში შესულ უცხოეთის ნებისმიერ თვითმფრინავში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს პოლიციის შეიარაღებული ინსპექტორის,

ან, როგორც მათ ამერიკაში უწოდებენ, მარშალის თანხლება.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა ტომ რიჯმა. მან დასძინა, რომ უცხოეთის თვითმფრინავებში, რომლებიც ამერიკაში ასრულებენ რეისებს, ამიერიდან საჭირო გახდება შეიარაღებული ამერიკელი პოლიციელების თანხლება, თუ სადაზვერვო ინფორმაციით დადასტურდება, რომ კონკრეტულ რეისს ტერორისტთა მხრიდან საფრთხე ემუქრება.

ვაშინგტონის აზრით, ამგვარი ზომის მიღება აუცილებელია იმისთვის, რათა ტერორისტებს აღარასოდეს მიეცეთ თვითმფრინავების გატაცების შესაძლებლობა, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ადამ ერელიმ [ადამ ერელის ხმა]: "ვფიქრობ, საყოველთაოდ არის აღიარებული ის ფაქტი, რომ სახიფათო პერიოდში გვიხდება ცხოვრება. მრავლადაა სერიოზული საფრთხე და თვითეული ჩვენგანის ვალია, ყოველი ღონე ვიხმაროთ, რათა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ცხოვრების წესი ამ მუქარებისგან დავიცვათ."

შეერთებული შტატების ამ ახალ ინიციატივას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მთავრობათა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ავიაკომპანიების მესვეურებმა ბრიტანეთში, მექსიკასა და რუსეთში განაცხადეს, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ვაშინგტონის წამოწყებას. ნიდერლანდების ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს სამგზავრო თვითმფრინავებში პოლიციის შეიარაღებული ინსპექტორების თანხლების შესაძლებლობას. ხოლო სხვა ქვეყნების, მათ შორის კანადის, აგრეთვე, გერმანიის ავიაკომპანია "ლუფტჰანზის" ზოგიერთი რეისი შეერთებულ შტატებში უკვე შეიარაღებული პოლიციელების თანხლებით ხორციელდება.

მაგრამ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. ბრიტანეთის მფრინავთა ასოციაციის გენერალური მდივნის ჯიმ მაკოსლანის აზრით, შეერთებული შტატების ამ ახალმა ინიციატივამ, შესაძლოა, პირიქით, სახიფათო გახადოს თვითმფრინავით მგზავრობა [ჯიმ მაკოსლანის ხმა]: "ვფიქრობთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და თვითმფრინავის ჰერმეტული კაბინა ერთმანეთთან შეუთავსებელია. ჩვენი აზრით, შესაძლოა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ერთი საფრთხე, ტერორიზმის საფრთხე, და ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ფრენის უსაფრთხოება."

საუკეთესო გამოსავალი მაინც ალბათ ის იქნება, თუ პოტენციური ტერორისტები საერთოდ ვერ შეძლებენ სამგზავრო თვითმფრინავებთან მიახლოებას. სწორედ ამით აიხსნება, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მიღებული უშიშროების საგანგებო ზომები ძირითადად აეროპორტების ტერიტორიაზე იყო კონცენტრირებული.
XS
SM
MD
LG