Accessibility links

ევროკავშირი კმაყოფილია საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს 5 იანვარს, ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ კმაყოფილია იმით, თუ როგორ ჩატარდა კვირას საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები. ოფიციალური პირები ბრიუსელში აცხადებენ,

რომ გაღატაკებულ საქართველოს დამატებით საგანგებო დახმარებას მიაწვდიან. მიკროფონს ანდრო ეულს გადავცემ

დიეგო დე ოხედამ, რომელიც საგარეო საქმეებს განაგებს ევროკომისიაში, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილისაგან წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულებას მოელის [დიეგო დე ოხედას ხმა]: "გვახარებს ის ფაქტი, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა. შესაბამისად, ფართო მხარდაჭერა იქნა გამოთქმული ახალი ხელმძღვანელობის მისამართით; ვიმედოვნებთ, რომ ეს ადამიანები სულ მალე შექმნიან ახალ მთავრობას, რომელიც შესძლებს იმ გადაუდებელი პრობლემების მოგვარებას, რაც ქართველი ხალხის ცხოვრების დონის ასამაღლებლადაა აუცილებელი".

დე ოხედამ განაცხადა აგრეთვე, რომ ევროკავშირი თბილისიდან დაბრუნებულ ეუთოს მეთვალყურეთა ჯგუფის საანგარიშო მოხსენებას დაელოდება, და ამის შემდეგ გამოაცხადებს ოფიციალურად, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ჰპასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ოფიციალური პირები ბრიუსელში ერთი აზრისა არიან იმაში, რომ 4 იანვრის არჩევნები "გაცილებით უფრო სამართლიანი და თავისუფალი" იყო, ვიდრე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, რასაც ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა შედეგად.

გასულ თვეს ევროკავშირმა 7 მილიონი ევრო გამოუყო საქართველოს სურსათის შესაძენად, აგრეთვე საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად. დე ოხედას თქმით, ევროკავშირი მზადაა დამატებითი დახმარება მიაწოდოს თბილისს [დიეგო დე ოხედას ხმა]: "გაეროს განვითარების პროგრამასა და ეუთოსთან ერთად ჩვენ არჩევნების მომზადებაში დავეხმარეთ საქართველოს და იქ, საერთაშორისო მეთვალყურეები მივავლინეთ. მზად ვართ კვლავ დავეხმაროთ საქართველოს, და უწინარესად საპარლამენტო არჩევნების მომზადებაში, რაც უნდა ჩატარდეს, თუკი და როცა დადგება ამის დრო".

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ბრიუსელში განაცხადა, რომ სააკაშვილის გამარჯვებამ 4 იანვრის
საპრეზიდენტო არჩევნებში გაზარდა იმის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზებს გაწევრიანებას ეგრედ წოდებულ "უფრო ფართო ევროპის" პროგრამაში, რომელიც კავშირების გაფართოებას ითვალისწინებს ბრიუსელსა და მის ახალ მეზობლებს შორის.

თუმცა ამავე პირმა დასძინა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა "კვირეები ან თვეებიც" დასჭირდეს, და თან სიმბოლური პოლიტიკური დეკლარაციით შემოიფარგლოს. "ამიერკავკასიის ამ სამი რესპუბლიკიდან არცერთისათვის არ იქნება ამ ეტაპზე მომგებიანი "უფრო ფართო ევროპის" პროგრამაში გაწევრიანება" -განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა აგრეთვე, რომ მისი ორგანიზაცია ყურადღებით გაადევნებს თვალს, როგორ შესრულდება საქართველოში სააკაშვილის მიერ დაპირებული რეფორმისტული პროგრამა.
XS
SM
MD
LG