Accessibility links

logo-print

საქართველოში მძევლების აყვანის სამწუხარო ტრადიცია გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 6 იანვარს გავრცელებული ცნობებით, 4 იანვარს საღამოს გალის რაიონში აფხაზების შეიარაღებულმა ჯგუფმა სოფელ რეჩხში მძევლად აიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა ხუთი მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები გატაცებულთა სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ, გალის მცხოვრები ძმები გერდენავები, შონია, ძიგუა და მანია კვლავ მძევლებად რჩებიან. რა ღონისძიებებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მძევლობიდან გასათავისუფლებლად?

სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება გალის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანის რამდენიმეწლიანი ტრადიცია. ახალი წლის წინა დღეებში აფხაზურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა თვისებური ეგზეკუცია მოაწყვეს გალის სოფლებში - პარტიზანების ძიების მოტივით, გალში დაბრუნებული მოსახლეობის სახლები გაჩხრიკეს და ახალი წლისთვის მომზადებული პროდუქტი ხელს გააყოლეს. 4 იანვარს კი უკვე 5 მშვიდობიანი მოსახლე დააკავეს.
აქამდე მძევლების გათავისუფლება საკმაოდ უცნაური ფორმით ხდებოდა - უფრო ხშირად, გალის რაიონში მოქმედი კრიმინალური ჯგუფების ავტორიტეტების ჩარევით ან გამოსასყიდის გადახდის გზით. საგანგებო დავალებათა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის განმარტებით, 4 იანვარს მომხდარი ფაქტი პოლიტიკურ ნიშანს ატარებს - აფხაზურმა მხარემ 5 მოქალაქე "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ დარღვევის" მოტივით დააკავა:
[მალხაზ კაკაბაძის ხმა] " ეს პოლიტიკურია - არც კრიმინალთან აქვს საქმე, არც გამოსასყიდთან, არც რაიმე სხვასთან. და ეს ხდება რუსი სამშვიდობოების თვალწინ საერთაშორისო თანამეგობრობის უსუსურობის გამო."
მალხაზ კაკაბაძის თქმით, ასეთ შემთხვევებში ქართული მხარის რეაქცია ტრადიციულია - ოფიციალური თბილისი საპროტესტო განცხადებებს გზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ განცხადებებზე რეზონანსი ან ძალიან დაგვიანებულია, ან საერთოდ არ არის.
გალის რაიონში მძევლების ისტორიასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ფლობს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომელიც თავად არაერთხელ ყოფილა გალში:
[ გოგი ხუციშვილის ხმა] " მე როცა ვიყავი რამდენჯერმე გალში ჩასული და დაველაპარაკე პარტიზანებს, პირდაპირ მითხრეს: ჩვენ ზოგჯერ იმიტომ ვიყვანთ მძევლებს, რომ მერე, ისინი რომ აიყვანენ, იმათში გავცვალოთო."
მისივე განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ აფხაზეთი უკონტროლო ტერიტორიაა, სადაც წესრიგზე პასუხს არავინ აგებს - არც სოხუმის ხელისუფლება, არც ოფიციალური თბილისი და არც რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაურკვეველი მანდატით იმყოფებიან.
თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლის სოზარ სუბელიანის აზრით, ცივილიზებული სახელმწიფოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეები ვერ გრძნობენ, რომ გაჭირვების შემთხვევაში მათ სახელმწიფო დაიცავს:
[სოზარ სუბელიანის ხმა] " უკვე თავისთავად ის გარემოება, რომ დღემდე ამგვარ ფაქტებზე რეაგირება რაიონის პროკურორის დონეზე ხდებოდა, საკუთარი მოქალაქეებისადმი არასერიოზული მიდგომის მანიშნებელია. მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი უწყება უნდა დადგეს ფეხზე."
მისივე პროგნოზით, საეჭვოა, რომ უახლოეს ხანში, საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოში თვალშისაცემი ცვლილება მოხდეს.
XS
SM
MD
LG