Accessibility links

logo-print

არსებობს თუ არა სოციალური მღელვარების საფუძველი შეიარაღებულ ძალებში


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების მეორე დღესვე რამდენიმე გაზეთში გაჩნდა ცნობა ეგრეთ წოდებულ "ძალოვან სამინისტროებში" მოსალოდნელი სოციალური მღელვარების შესახებ.

ამის მიზეზად სახელდება 2003 წელს წარმოქმნილი საბიუჯეტო პრობლემები, რაც უარყოფითად აისახა სამხედრო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე. მე შევეცადე გამერკვია, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს ცნობები ძალოვან სამინისტროებში მოსალოდნელი სოციალური მღელვარების შესახებ.

ხმათა 95 პროცენტით არჩეულ ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, რომელიც, კონსტიტუციით, იმავდროულად, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალიცაა, სამხედრო უწყებების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. 2003 საბიუჯეტო წელი ყველა სამხედრო სტრუქტურამ დიდი გარღვევით დაასრულა. მათ შორის, ყველაზე მსხვილმა საბიუჯეტო უწყებამ, თავდაცვის სამინისტრომ, გასულ წელს სახელმწიფოსგან 10 მილიონი ლარი ვერ მიიღო. საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუგზარ ქევხიშვილის თქმით, ბოლომდე ვერ შესრულდა დაცული მუხლები, რის გამოც სამხედრო მოსამსახურეებს ორი თვის - ნოემბრისა და დეკემბრის - ხელფასები არ მიუღიათ.

[ნუგზარ ქევხიშვილის ხმა]

ანალოგიური ვითარებაა სხვა სამხედრო უწყებაში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარსა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში. აქაც სახელმწიფოს სამოქალაქო პერსონალისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ორი თვის სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შალვა ლონდარიძის განცხადებით, შორეულ სასაზღვრო საგუშაგოებზე მყოფმა მესაზღვრეებმა ოქტომბრის თვის ანაზღაურება დეკემბრის ბოლოს მიიღეს. თუმცა მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია რაიმე სახის მღელვარების შესახებ, რადგან უხელფასობაზე ქართველ მესაზღვრეებს თურმე გარკვეული იმუნიტეტიც ჰქონიათ გამომუშავებული.
[შალვა ლონდარიძის ხმა]

დაუფინანსებლობის საერთო ტენდენციას ვერც საქართველოს უშიშროების სამინისტრო გადაურჩა, რომელიც 2003 წელს ასევე მნიშვნელოვანი გარღვევით ამთავრებს. ქართული სპეცსამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის თქმით, უწყებაში ჯერ საბოლოოდ არ არის დაანგარიშებული, თუ რა ერგო უწყებას გასული წლის დასაწყისში შეპირებული 11 მილიონი ლარიდან, მაგრამ ორი თვის ხელფასი უშიშროების მუშაკებსაც მიუღებელი დარჩათ. თუმცა სოციალური მღელვარების სიმპტომების არსებობას უშიშროების სამინისტროც გაზვიადებულად მიიჩნევს.

[ნიკა ლალიაშვილის ხმა]

შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარ ფინანსურ პრობლემებს მწვავედ განიცდის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ სამხედრო ძალების მთავარსარდალიც გახდება. მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლება და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის შრომის ანაზღაურების პრობლემის მოწესრიგება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG