Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამათი საპარლამენტო არჩევნების შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ქართული პოლიტიკის ღია პრობლემად რჩება. ძირითად სირთულეს ქმნის არჩევნების თარიღი, რომელიც მიახლოებით თუ არის მონიშნული. თუ 8 იანვრამდე არ დაინიშნა,

არჩევნები ადრე დასახელებულ დღეს, 7 მარტს, ვერ გაიმართება. ხელისუფლების მიღმა მყოფ პოლიტიკოსებს განსხვავებული აზრი აქვთ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე. დღეს რამდენიმე ასეთ მიდგომას წარმოგიდგენთ.

საპარლამენტო არჩევნების თარიღზე საჯარო მსჯელობა 5 იანვარს დაიწყეს "ახალმა მემარჯვენეებმა", რომელთაც არჩევნებისათვის მისაღებ დროდ მაისის თვე ესახებათ. 6 იანვარს ამ თემაზე ლაპარაკი განაგრძო ლეიბორისტულმა პარტიამ. პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, სულ ცოტა, ნახევარი წლის შემდეგ მიიჩნევს მიზანშეწონილად.

[ნათელაშვილის ხმა] "6 თვეზე ადრე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის ქვეყანაში სამოქალაქო ომის დანთებისა და ორხელისუფლებიანობის შექმნის პირდაპირი გზა. პოლიტიკური ძალები იძულებული გავხდებით, ავირჩიოთ ალტერნატიული პარლამენტი და იმუშაოს ორმა პარლამენტმა ერთდროულად. მინიმუმ 6 თვე მაინც არის საჭირო, რათა დავაზუსტოთ სიები, გავიგოთ, რამდენი ამომრჩეველია ქვეყანაში და იქიდან გამოვიყვანოთ, ვინ რამდენი პროცენტი აიღო."

შალვა ნათელაშვილს არ ეთანხმება ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი. ასათიანს ცუდ იდეად მიაჩნია პარალელური ან ალტერნატიული სტრუქტურების - ამ შემთხვევაში, ალტერნატიული პარლამენტის - არჩევა და 6 თვეც ებევრება სიების დასაზუსტებლად. ტრადიციონალისტების ლიდერის აზრით, საარჩევნო სიები მომავალი არჩევნების მთავარი საკითხია და მის გადაჭრა-დაზუსტებას 2-3 თვის მუშაობა ეყოფა; შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების გამართვა უპრიანი იქნება აპრილის შუა რიცხვებში. დღეს არსებულ პარლამენტს ასათიანი მარაზმატულს უწოდებს და ამბობს, რომ მან, რაც შეიძლება, მალე უნდა დაასრულოს არსებობა.

საპარლამენტო არჩევნების თარიღზე სამსჯელოდ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება ევროსაბჭოს მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი მათიას იორში. 6 იანვარს ის მრეწველებსა და სოციალისტებს შეხვდა. ორივე პარტიის წარმომადგენელთა მიდგომა დაახლოებით ერთნაირია. მრეწველთა ფრაქციის წევრი თამაზ ბეჟანიშვილი აცხადებს:

[ბეჟანიშვილის ხმა] "ვიცით, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არჩევნების მალე ჩატარებით - მარტის თვის განმავლობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან ნაადრევია. არჩევნები უნდა ჩატარდეს სადღაც მაისში. ეს არის ოპტიმალური პერიოდი. ამ დროისთვის ყველა პარტია მოემზადება, შეძლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და იქნება რეალური კონკურსი არჩევნებზე."

სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ირაკლი მინდელი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსის ის მუხლები, საარჩევნო სიებსა და კომისიების დაკომპლექტების წესს რომ ეხება. საპრეზიდენტო არჩევნები ისე ჩატარდა, რომ გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი - მას კონკურენტი არ ჰყოლია, აცხადებს ირაკლი მინდელი

[მინდელის ხმა] "მაგრამ პარლამენტის არჩევნების დროს კონკურენტული გარემო უნდა იყოს შექმნილი."

მარტის თვეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დაუძლეველ ორგანიზაციულ პრობლემებს უქმნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, რომლის თავმჯდომარის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, აზრით, ორ თვეში, უბრალოდ, ვერ მოესწრება არსებული საარჩევნო სიების კომპიუტერიზება და კომისიების დაკომპლექტება სამომავლოდ შესაცვლელი კანონმდებლობისა და ევროპელ ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG